პირველი ქართული ელექტრონული წიგნი ქინდლის მომხმარებლისთვის პირველი ქართული ელექტრონული წიგნი ქინდლის მომხმარებლისთვის />


  15:05:52     07-10-2011

პირველი ქართული ელექტრონული წიგნი ქინდლის მომხმარებლისთვის

a11039.jpg

ნაბეჭდი წიგნის ელექტრონული ვერსიით ჩანაცვლება საოცარი სიწრაფით მიმდინარეობს. ეს ტენდენცია, ძირითადად, დასავლეთის ქვეყნებში შეინიშნება. აშშ-ში, 2010 წელს, ელექტრონული წიგნების გაყიდვა 164 %-ით გაიზარდა. წელს პირველად ელექტრონული წიგნების გაყიდვებმა Amazon-ის ონლაინ მაღაზიაში ნაბეჭდ წიგნებზე არსებულ მოთხოვნას გაუსწრო. ქინდლის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ ელექტრონულ წიგნებზე მოთხოვნის ავტომატური ზრდა გამოიწვია. ელექტრონული წიგნი, უბრალოდ, კომპიუტერული ფაილია, რომლის წაკითხვაც კომპიუტერში ან სხვა სპეციალური მოწყობილობით-ელექტრონული წიგნის საკითხავით არის შესაძლებელი.

ელექტრონული წიგნების საკითხავ მოწყობილობას რამდენიმე უპირატესობა აქვს: მისი ეკრანი არ ანათებს და არ ღლის თვალს, ამით ის განსხვავდება კომპიუტერისგან. მასში 3500-მდე წიგნის ჩატვირთვაა შესაძლებელი და სატარებლად მარტივია. Uუკაბელო ინტერნეტის საშუალებით წიგნების სწრაფი გადმოტვირთვაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუკი მომხმარებელი დაიღლება kindle-ს შეუძლია წიგნი ხმამაღლა წაიკითხოს.

მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ელექტრონული რესურსი საკმაოდ მცირეა. ელექტრონული წიგნების გამოშვებით რამდენიმე გამომცემლობა უკვე დაინტერესდა. მათ შორისაა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, რომელიც  უკვე წელიწადზე მეტია, რაც ნაბეჭდი წიგნების ციფრული ვერსიების შექმნას ცდილობს.  

საგამომცემლო სახლი “სანდროს წიგნები”, პირველია ვინც ქინდლისთვის წიგნის პირველი ელექტრონული ვერსია შექმნა. ეს იდეა გამომცემელ სანდრო ასათიანს მას შემდეგ დაებადა, რაც მეუღლეს ქინდლი აჩუქა და მასში ვერცერთი ქართული ელექტრონული წიგნის ჩატვირთვა ვერ შეძლო. გამომცემლობას ბეჭდური სახით 12 წიგნი უკვე აქვს გამოცემული, რომელთა უმრავლესობაც საბავშვოა. ამავე გამომცემლობას ეკუთვნის სოციალური მედიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გადაწყდა, რომ პირველი ელექტრონული წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცემოდა “ვეფხისტყაოსანი” იქნებოდა. გამომცემლის თქმით, ამას სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან პირველ ნაბეჭდ წიგნს, მისივე ელექტრონული ვერსია შეემატება.

 “სანდროს წიგნები” დიდი ხანი არაა რაც ფუნქციონირებს. გამომცემლობას ორი ადამიანი მართავს- ავტორ-გამომცემელი  სანდრო ასათიანი და ასევე მისი მეუღლე თამარ კალხიტაშვილი, რომელიც ნაშრომებს რედაქტირებას უკეთებს. გამომცემლობა მალე საკუთარი წიგნების ამაზონზე დადებასაც გეგმავს. რომელთა მინიმალური ფასი, სხვა წიგნების მსგავსად, 0,99 ცენტი იქნება.

ძირითადი პრობლემა, რომელიც ელექტრონული წიგნების გავრცელებასთანაა დაკავშირებული, საავტორო უფლებების დაცვაა. ციფრული ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად მასალის გავრცელებაზე კონტროლის დაწესება რთულდება. გამომცემელს არ შეუძლია გააკონტროლოს ის თუ რამდენ ადამიანმანს დაურიგა ერთმა მომხმარებელმა ეს წიგნი. ელექტრონული ვერსიის გავრცელება კი ბევრად უფრო ფართო მასისთვისაა შესაძლებელი, ვიდრე ნაბეჭდი წიგნის შემთხვევაში.

საქართველოში თანდათანობით მკვიდრდება ნაბეჭდი წიგნების ელექტრონული ვერსიით ჩანაცვლების ტენდენცია და სულ მალე შესაძლებელია ტრადიციული ბიბლიუთეკები ელექტრონულმა ბიბლიოთეკებმა შეცვალოს.

0

ავტორი: