ნობელის პრემიის ახალი ლაურეატი - დიდი შვედი პოეტი თუმას ტრანსტრიომერი ნობელის პრემიის ახალი ლაურეატი - დიდი შვედი პოეტი თუმას ტრანსტრიომერი />


  12:41:41     07-10-2011

ნობელის პრემიის ახალი ლაურეატი - დიდი შვედი პოეტი თუმას ტრანსტრიომერი

a11083.jpg

გუშინ, 6 ოქტომბერს ცნობილი გახდა 2011 წლის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა. შვედეთის აკადემიის ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭა შვედ პოეტს თომას (თუმას) ტრანსტრიომერს: „გამჭვირვალე სახეებისა და სინამდვილის სპეტაკად აღქმისათვის“. 

რა თქმა უნდა, კომიტეტის წევრები, როგორც ყოველთვის, კანდიდატურებს განიხილავდნენ სპეციალურად მოფიქრებული ფსევდონიმებით. ბოლო წუთამდე ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო.

2011 წლის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, პოეტი და მწერალი თომას ტრანსტრიომერი 80 წლისაა. განათლებით ექიმი-ფსიქოლოგია. გარდა ამისა, ის გახლავთ პროფესიონალი პიანისტი. არის ავტორი თორმეტი წიგნისა, მათ შორის „აკრძალული ფრთებისა“ და „სამგლოვიარო გონდოლისა“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 60 ენაზე. ის მერვეა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ შვედებს შორის. თარგმნილი აქვს ფრანგულიდან შვედურად ანდრე ბრეტონის და სხვების ნაწარმოებები. როგორც ამბობენ, ბევრს მუშაობს თავისი ნაწარმოებების დასახვეწად.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი წლევანდელი პრემიისა იყო სირიელი პოეტი ადონისი (ალი აჰმედ საიდ ასბარა). ბუკმეკერები ფსონს ჩამოდიოდნენ დიდ მუსიკოს ბობ დილანზე. სხვათა შორის, ბობ დილანი ნამყოფია თბილისში და იცნობს ქართულ კულტურას. ბობ დილანის სიმღერა Like A Rolling Stone, ჟურნალ Rolling Stone-ს გამოკითხვით დასახელდა ყველა დროის 500 სიმღერას შორის პირველ ადგილზე. როგორც ამბობენ, დიდი შანსები ჰქონდა იაპონელ მწერალს ჰარუკი მურაკამის, ასევე ამერიკელ მწერალს ფილიპ როთს და სხვებს.

ყველა ნომინანტის ვინაობა ჯერ კიდევ საიდუმლოა და ასე დარჩება 50 წლის განმავლობაში, 2061 წლამდე, როგორც წესია.

ახალი ლაურეატი ნობელის პრემიისა ლიტერატურის დარგში, თომას ტრანსტრიომერი ითვლება მეოცე საუკუნის ყველაზე გამოჩენილ შვედ პოეტად. მას სხვა დიდ შვედ შემოქმედებთან ერთად მიიჩნევენ შვედური ეროვნული მსოფლმიმართების საუკეთესო გამომსახველად.

განსაკუთრებული ბიოგრაფიის კაცია ახალი ლაურეატი. თომას ტრანსტრიომერის (Tomas Gösta Tranströmer) ბიოგრაფია სავსეა განსაცდელებთან ბრძოლით. დაიბადა 1931 წლის 15 აპრილს სტოკჰოლმში. დიდი ხანი მუშაობდა ციხეში არასრულწლოვნებისა და ინვალიდების ფსიქოლოგად. 1990-იანი წლების დასაწყისში დიდ პოეტს ინსულტი დაემართა. დაკარგა მეტყველების უნარი და გაუჩერდა სხეულის მარჯვენა მხარე. მაგრამ არ შედრკა და მარცხენა ხელით ისწავლა წერა. მარცხენა ხელითვე უკრავს პიანონოზე. ახლაც უჭირს ლაპარაკი, თუმცა მაინც მუშაობს.

ის არა ერთი ევროპული ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მათ შორის მიღებული აქვს პეტრარკას პრემია.

პოეტს გამარჯვებულს სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა შვედეთის აკადემიის მდივანმა პეტერ ენგლუნდმა. ტრანსტრიომერი თურმე ტელეფონთან იჯდა და ელოდა. გადაწყვეტილება 12,00 საათამდე უნდა მიეღოთ, ის დაელოდებოდა 12,30 საათამდე, თუ არ დაურეკავდნენ ამ დრომდე, ე. ი. ვერ გავიმარჯვეო, დარწმუნდებოდა. აკადემიის მდივანმა კი დაურეკა იმწუთშივე, როგორც კი ყველაფერი გაირკვა, ჯერ 12,00 არც იყო...

აკადემიის მდივანი ენგლუნდი დაელაპარაკა ტრანსტრიომერს და მის მეუღლეს ტელეფონით და მიულოცა, ნობელიანტს ძალიან გაუხარდა, თუმცა გაჰკვირვებია კიდეც, ის ამბობდა, რომ არ მოელოდა თავის სიცოცხლეში ნობელის პრემიის მინიჭებას, მრავალგზის იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე, მაგრამ არსდროს გაუმარჯვია. 

ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჟურნალისტები ეწვივნენ ახალ ლაურეატს შინ, სტოკჰოლმში. გაიმართა პატარა პრესკონფერენცია. პოეტის ნაცვლად ილაპარაკა მისმა ცოლმა, მონიკამ. მან თქვა, რომ „თომასი ბედნიერია პოეზიის გამო“ ანუ თომას ტრანსტრიომერი ძალიან გახარებულია რომ გაიმარჯვა პოეზიამ. ეს ალბათ იმიტომ თქვა გამარჯვებულმა პოეტმა, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია პოეტისათვის არ მიუნიჭებიათ 1996 წლის მერე.

„შენ, თომას ყველაზე ბედნიერი იმიტომ ხარ, - მიმართა პრესკონფერენციაზე მეუღლემ ახალ ნობელიანტს, - რომ გაიმარჯვა პოეზიამ, და რომ პრემია შენ გერგო, ეს ხომ დიდი სურპრიზია, დიახ, პოეზია რომ ყურადღების ცენტრშია, ეს შესანიშნავია“.

ტრანსტრიომერის მეუღლემ აღნიშნა, რომ სხვა ნომინანტებიც ძალიან ღირსეულები იყვნენ, მაგალითად ადონისი, ასევე კორეელი პოეტი კო უნა. მანვე აღნიშნა, რომ თომას ტრანსტრიომერი კიდევ მუშაობს სხვადასხვა თემებზე. 

გამარჯევებისთანავე, თომას ტრანსტრიომერს მიუვიდა შეტყობინება-მილოცვა მობილურ ტელეფონზე ადონისისგან, რომელიც ახლა მკურნალობს ბეირუთის საავადმყოფოში, ოპერაციის მერე. ყოფილი კონკურენტი წერდა, რომ დიდი ხანია ელოდა შვედეთის აკადემიისგან ამგვარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან თომას ტრანსტრიომერი თანამედროვეობის უდიდესი პოეტია და ღირსია ნობელის პრემიისაო.

0

ავტორი: