17:06:52     05-10-2011
ვალერიან გაფრინდაშვილი - „პოეტები წერის დროს“ (ექსპრომტი)
ვალერიან გაფრინდაშვილი ექსპრომტად ახასიათებს თავის მეგობრებს და თავის თავს. ამ დახასიათებაში მცდელობაა კალმის ერთი მოსმით წარმოგვიჩინოს რაღაც ისეთი, რაც ძალიან დამახასიათებელია კონკრეტული პოეტისათვის, მისი შემოქმედებისათვის, ცხოვრებისათვის. ეს არის ნიჭიერი კრიტიკოსისა და მეგობრის მიერ შემჩნეული შტრიხები პოეტების ხასიათისა... რა თქმა უნდა, ცოტა ხუმრობააცაა ექსპრომტებში...
ყველა პოეტი, რომელსაც მიუძღვნა ეს „ექსპრომტები“ ექსპრომტად ვალერიან გაფრინდაშვილმა, ქართული პოეზიის რეფომაციაში, უახლესი ქართული პოეზიის დამკვიდრებაში მონაწილეობდნენ. მათ დიდი დამსახურება მიუძღვით ქართული ლიტერატურის წინაშე. ისინი XX საუკუნის ქართული რენესანსის შემოქმედები არიან, სხვა დიდ პოეტებთან, მწერლებთან და კულტურის სხვა მოღვაწეებთან ერთად.
პოეტები წერის დროს
(ექსპრომტი)
გრიგოლ რობაქიძე. უძილო ღამეში ფიქრობს თავის ალკაზე*; მის წინ ჩაიქროლებენ ფეხშიშველა რითმები - მენადები**. მას ელანდება სააკაზე, ნიცშე, სასაფლაო და საოცნებო ფანქრით გამოჰყავს მარმარილოს ტილოზე ლექსი, ხმამაღლა იმეორებს სტრიქონებს, თითქოს საცერში ატარებს, მაგრამ ჩრდილი მოაწვება ფანჯრებს და ის გადიხურავს საბანს. აივანზე ვიღაც დადის. იქნებ ეს არის ჭინკა, იქნებ ეს არის ალლა*.
პაოლო იაშვილი. ქიმერიონში*** ზის. ტუჩებს ისწორებს ენით. ის უფრო ხშირად სწერს თავის ლექსებს, როდესაც ადუღებულია ჰაერი. წერის დროს ისწრებს ამხანაგებს და მას არ სჭირდება მარტოობა იმისათვის, რომ დასწეროს „წერილი დედას“. კალმისტარი და მელანი უფრო აღელვებს, ვიდრე ფანქარი. შეიძლება გენიოსია, შეიძლება უბრალო მოშაირეა. ხმაურს არ ერიდება და უყვარს პოეტის სახელი, როგორც კეთილშობილი ღერბი. ლამაზი რითმები აქვს, მაგრამ დაუღალავი აქტიორია. რამოდენიმეთ ნერონია, რომელიც ვერც ერთმა მწერალმა ვერ დაგვიხატა. ეს შეეძლო შექსპირს.
ტიციან ტაბიძე. ორსულ ქალივით ჭირვეულია და ნაზი. მე არ ვიცი როდის სწერს ის თავის ლექსებს. ხანდისხან ლექსების წერა მას ემარჯვება სოფელში - ორპირის სანაოებთან. ლამაზი ხელი აქვს და ძვირფას ქაღალდზე უყვარს წერა. მე მახსოვს ერთი მისი ბინა ვარდისუბნის ქუჩაზე. აქ ავი დიასახლისი ჰყავდა, სადაც ყველაფერი იპარებოდა. იქ დაეკარგა არჩილ მიქაძეს სათვალეები და შარვალი. ამ ბინაზე წვიმიან ამინდში ტიციანმა დასწერა - „ბირნამის ტყე“. ახლა სასტუმროში ცხოვრობს. მის მაგიდაზე ბევრი წიგნებია - წიგნებში დაუთავებელი ლექსები. გრძელი თითები აქვს და მისი ფრჩხილი კალმათ ივარგებს. მისი რითმა ჟრუანტელის ანტრაკტია, როგორც კოლომბინა**** - დადუმებული დედოფალი.
კოლაუ ნადირაძე. კარი გაღებული აქვს. აივნიდან მოსჩანს წმინდა გიორგის საყდარი გორაზე და მამია გურიელის საფლავი. ამ პოეტს უყვარს თოვლი და შეიძლება ზამთარი უფრო ახელებს მის ფანტაზიას. სწერს თავის ლექსებს უბრალოდ გამოწყობილი - ბლუზაში, უქამროთ, დახეულ ფეხსაცმელებში, პაემანის შემდეგ. ხელი აქვს გაურჩეველი და ნაზი. ლექსიკონები გაყიდა და ამას წინათ შეიძინა რილეევი*****. გაზეთებს არ კითხულობს. მის მაგიდაზე არის შუშა და შუშაში მკვდარი ბავში, რომელსაც პოეტი ყვითელ მალაელს უძახის. მის ოთახში თოფებია. მის ლექსებში კანკალებს შეცივებული ინფანტა******.
მის ოთახის კარებთან მისმა მეგობარმა მოიკლა თავი, მაგრამ ის ამაზე თავის ლექსებში არ ლაპარაკობს.
სანდრო ცირეკიძე. სახლი აქვს რიონის პირად. ნოტიო ოთახი. კედელზე მალარმეს******* პორტრეტი ღარიბ გახუნებულ ჩარჩოში. მეორე ოთახში კედელზე გარდაცვალებულ მამის სურათი. მინიატურებს სწერს პატარა ასოებით, რომელნიც ინაზებიან, როგორც კალიბრი. მისი ნოველლა ჩუმია, როგორც მგლოვიარე ქალის ქვითინი ბნელ ოთახში. ჰყავს წითელი ძაღლი, რომელიც ყოველთვის უყეფს ვალერიან გაფრინდაშვილს. ერთხელ მის ეზოში დედალმა დაიყივლა, როგორც შანტეკლერმა******** და სანდრომ იმ დღესვე დააკვლევინა დედალი. როგორც ერედია*********, აუჩქარებლად წერს თავის ნოველას. ახლა წიგნებს ჰყიდის - თავისი წიგნი ჯერ არ გამოუცია. თავდაჭერილი და ძუნწი მწერალია. სწერს ნაშუადღევს და საღამოს ლამპის სინათლეზე. გავს იმ ბეღურას, რომელიც მისმა მეგობარმა შემოაფრინა ქართულ პოეზიაში**********.
ვალერიან გაფრინდაშვილი. არასდროს არ სწერს წვიმიან ამინდში, რომ კიდევ უფრო არ დაამძიმოს თავისი ლექსი. ლექსის დაწერისათვის სჭირდება მზის სითბო და რამდენიმეთ დაისის სიწითლეც. თუ ღამეა, სარკეს გადააბრუნებს, რომ ორეულმა არ შეაშინოს. ხანდახან ლექსის გათავებას დილისთვის გადადებს. წერის დროს მარტოა, თუ მარტო არ არის, მისი ძმა დავითი არ უშლის ხელს. კიდევ აფასებს პოეტის სახლს, ვით აზნაური გვარიშვილობას.
ლელი ჯაფარიძე. სწერს ან სწერდა თავის ლექსებს „ქალაქში ან დაბაში“: ნიჭიერია და არაფრად უღირს კარგი ლექსის დაწერა. თუ მოიცალა უშუალოა და მისი ცხვირი არ მოჩანს მის იმპროვიზაციებში. ლექსის წერას ქუჩაში იწყებს და „სახლში“ მისვლისას ათავებს ყელსახვევის გახსნის დროს.
20 ოქტომბერი, 1920 წ.
-- -- --
* - * - ალკა, ალლა - გრიგოლ რობაქიძის მეუღლეს ერქვა.
** - მენადა [ბერძ. mainas (mainados)] - ძველ საბერძნეთში: ღვინისა და დროს ტარების ღმერთის - ბაკქის (დიონისეს) ქურუმი ქალი; ბაკქელი ქალი.
*** - ქიმერიონი - პოეტების კაფე თბილისში, სახელწოდება აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან.
**** - კოლომბინა - ერთ-ერთი მუდმივი პერსონაჟი იტალიური „ნიღბების კომედიისა"- მხიარული გლეხის გოგო, გონებამახვილი, გაქნილი მოახლე.
***** - რილეევი - დეკაბრისტი.
****** - ინფანტა - ესპანურად პრინცესა.
******* - მალარმე - ფრანგი პოეტი.
******** - შანტეკლერი - ედმონ როსტანის პიესის „შანტეკლერის“ პერსონაჟი
********* - ერედია - ფრანგი პოეტი.
********** - ვალერიან გაფრინდაშვილი, ალბათ, გულისხმობს თავის „სენტიმენტალურ ტრიოლეტს“ – „ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა...“
0