მარიამ წიკლაურის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან) მარიამ წიკლაურის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან) />


  17:03:55     05-10-2011

მარიამ წიკლაურის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)

a10959.jpg

ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან, დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს წარმოვუდგენთ პოეტ მარიამ წიკლაურს.

მარიამ წიკლაური დაიბადა 1960 წელს, თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი ლექსები (მათ შორის საბავშვოც), თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.

მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო "ივერია"-ში მიჰყავს ორი საავტორო გადაცემა: "საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“ და ლიტერატურული სალონი "ერთი საათი".

მარიამი არის „საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის - ლიბოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. იგი ინიციატორია საქართველოში „ქართული საბავშვო წიგნის დღის - 27 ოქტომბრის"  დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი "საბავშვო ლიტერატურული ალმანახის" რედაქტორი.
 
მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულებში, ანთოლოგიებში, სახელმძღვანელოებში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში "სკოლა, ოჯახი, საზოგადოება" გავლილი აქვს ტრენინგი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისათვის - (Certificate of participation in Writers and Illustrators Workshop “Greating Books for Beginning Readers”). Charles Temple, Ph.D. Professor of Education Horbat and William Smith Colleges; მინიჭებული აქვს სერთიფიკატი. არის ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა – 2009“ დიდი პრიზის (გრან-პრის) მფლობელი (გადაეცა სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია).

მარიამ წიკლაურს 2010 წელს მიენიჭა მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია საბავშვო ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. იგი არის „ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის“ 2009 წლის ნომინანტი. 2010 წელს მიენიჭა საბავშვო წიგნის II ფესტივალის პრიზი "წლის საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორობისათვის („გასაფერადებელი ლექსები, გამომცემლობა "შემეცნება“).

მარიამ წიკლაური არის პოეტ ქალთა კონკურსის „ხვარამზეობა-2010“ პრემიის მფლობელი, "წმინდა ნინოს ფესტივალის" გამარჯვებული და სხვა... ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მარიამ წიკლაურს გამოცემული აქვს პოეტური კრებულები და საყმაწვილო წიგნები:

"დედის ნამღერი ლექსი" - 1997 წელი (საბავშვო წიგნი); "შეხვედრა" - 2000 (გამომცემლობა „ბაკმი“); "შემომძახიან ლექსები" - 2001 (გამომცემლობა „ბაკმი“);
"წიკო-მიკო" (საბავშვო წიგნი) – 2000 (გამომცემლობა „ხატი“); "ბრანდი-ბრუნდი" (საბავშვო წიგნი) – 2005 (გამომცემლობა „ბაკმი“); "ნისლის ფრთას გავშლი" - 2006 (გამომცემლობა „თობალისი“); "მეფარნე" - 2009 (გამომცემლობა „ზენაარი“);
"ნატვრისთვლაო მზისაო" (საბავშვო წიგნი) - 2009 (გამომცემლობა „პეგასი“); "ნანინები" (აუდიო-დისკით) – 2009 (გამომცემლობა „პეგასი“); „გასაფერადებელი ლექსები“ - 2010 (გამომცემლობა „შემეცნება“); "მხიარული რიცხვები"  - გამომცემლობა „გორგა“;
"ვიმეგობროტ საპნის ბუშტთან" - გამომცემლობა „გორგა“; "ქუჩა და შუქნიშანი" - გამომცემლობა „გორგა“; "ჭიჭიტა" - საბავშვო ლექსები – გამომცემლობა „ანბანი“;
"ზღაპარ იყო" - საბავშვო ლექსები - გამომცემლობა "ანბანი".

რიტუალი

ხარ ჩემი ძველი რიტუალი,
შენით სიყვარულს ვიტყუებდი.
მეგონა, აღარ მიმტყუნებდი,
როგორც სიბნელე - ღამეს.
თუმც ღამე არის პოლარულიც,
თეთრი გველივით მორკალულა,
ფსკერზე სინათლით მოკალული,
აღარ ბნელდება თურმე.
ვიცოდი, როგორ იწყებოდი,
სიმარტოვე რომ მიწყრებოდა,
რომ მონატრებას მისცემოდა,
როგორც სიმღერა - ქარებს.
და უშენობის შეშმუშვნაზე,
დათენებების სიჩუმიდან
ცა, ვარსკვლავებს რომ იშუშებდა
მე მაინც მაჩნდი - შეშლილს,
ნაპირს აძრული მიქცევებით,
ყოვლად აუხსნელ აქცენტებით,
დღეებსაც ვეღარ აძველებდა
ვნების მზისფერი ობი.
თითქოს ვიყავი სავანები
და ჩემ სიმშვიდეს ალაგებდი,
ვთრთოდი - სივრცეთა დარანები
ველურ ჯოგების რბოლით.
სიმარტოვეთა სენაკებში,
ეგ ექო - ოქროდ შენაძენი,
ხან საჭიროზეც ენამჭევრი
მუნჯი - "საუფლო სენი",
ხშირად მრევდა ხელს საშროშანე
სიტყვებად. ვეღარც ამოვშალე -
შენზე ნაფიცებ-ნაროშავი
ათას სულელურ კერპად.
ვერა და ვეღარ დაილია
ტანჯვები, ქარის სავალივით.
თითქოს მე - არა, ტრამალები
აღასრულებენ ლოცვებს
უსასრულობის დავიწყების
და უშენობა არ იწყება,
და უშენობა არ იწყება,
როგორც მერვე დღე ქვეყნად.
მხოლოდ ყანის პირს საფრთხობელა
დგას, როგორც ძველი რიტუალი,
მე რომ სიყვარულს ვატყუებდი,
ახლა ჩიტები სხედან.
მინდა, ხელები ავუქნიო.
ხელები შენად - საიალქნე
და სიყვარულის უქმეები
ამ ჩიტებივით დაფრთხნენ.

მეგობრებს           

თქვენ ბევრნი მყავხართ, მეგობრებო,
რას მეყოფა ხელის თითები, რომც ითვლებოდეთ.
თხილისგულივით გინაწილებთ არყოფნის კენჭებს.
მხრებით გიჭირავთ ჩემი ცა და
ტერფით - სკნელები: ბალახიც კი ვერ მოვა თქვენთან!
ჭიანჭველების ქალაქივით გვშვენის წესრიგი:
ერთმანეთის მარტოობის ზღუდეებს ვიცავთ,
ერთმანეთის სევდის კანონს არ გადავდივართ,
პატივს მივაგებთ სიხარულის მღვიმეებში დაყუდებულ
ტანჯვას და ტკივილს.
ვაი მას, ვისაც თქვენი გულის ბროწეულებით
არ მოუთხვრია არც თითები, არც ბაგეები
სიყვარულის ჩამომარცვლისას;
არ სმენია ხმა ნაჭუჭიდან - ბზარის ტკაცანი,
თქვენი ბაღების მდუმარებაში
შემალული ბუდეების გამოღვიძება.
ვაი მას, ვისაც თქვენი ცრემლის სიმღერისთვის არ უსმენია.
ვინც საკუთარ თავს ელოდება სიყვარულისთვის.
ვინც ექოების მჭკნარ თაიგულებს დაკრეფს გზისპირზე,
იმან რა იცის, მარილის სიტკბო,
ერთმანეთის დღეთა ფიჭაში რომ აგროვებენ
მეგობრები - ოქროს ფუტკრები.
ერთ მშვენიერ დღეს დაჰბერავს ქარი,
შემოუღებს ჰაერს დარაბებს,
შემოახეთქებს უცაბედად ჰაერის ფანჯრებს
და გამოჩნდება გზა, რომელსაც
მივყვებოდით დილა-საღამოს ერთმანეთის აღმოსაჩენად.
ვაი მას, ვისაც არცერთ სოფელში
არ უშტერდება თვალები გზისკენ
თქვენს მოლოდინში, მეგობრებო,
თქვენს მოლოდინში!
როგორც დაჭყლეტილ კონსერვის კოლოფს მიახრიგინებს მაწანწალა
დიადი საქმის სახელით გზაზე,
აი, ასე ივლის ის ვისაც, თქვენ არა ჰყავხართ:
არც მიწაზე, არც ზეცაში,  არც ქვესკნელებში.
რას მეყოფოდა ხელის თითები, რომც ითვლებოდეთ?!@
მარტო ვარსკვლავებს, გვირილებს და სიტყვებს კი არა,
სინათლის ჩიტებს, გაზაფხულებს და შერეკილებს,
ზაფრანისფრად დამწიფებულ ნამზეურ დღეებს -
ღამეების ბედნიერ სიზმრებს, რა დაითვლიდა?
რა დაითვლიდა ჩემს მეგობრებს?
თხილის გულივით დამინაწილეთ.
ერთად შევუშროთ მარტოობის ცივი ოფლი ადამიანებს.
როცა ქარი ჰაერს ჩაამსხვრევს, დაინახავ,
როგორ ახლოს, სულ ერთი ხელის გაწვდენაზე ჩაგიარა უბედურებამ –
სიმარტოვემ, შეშლილობამ, სიგიჯემ, ეჭვმა
და ყოველ ჯერზე გადარჩენილი
ხურავ სამყაროს მჭვირვალებას და
მეგობრისთვის ჯვარსა სჭედავ,
რომ ზედ გააკრა და ილოცო მასზე მარადის. 

საით მეტი ხარ

საით მეტი ხარ საქართველოვ,
ცისკენ?
მიწისკენ?
რა სკნელში აღარ ჩაწმახნულან
შენი ფესვები.
რა მანაზე ხარ შებაწრული
სიკვდილ-სიცოცხლით,
მარადისობას წამივით რომ
არა ბეზრდები?
რა სიყვარულის ერთგულებით ხარ
დაშანთული?
ბალავრისა ხარ,
ჩუქურთმის თუ
ქვა ხარ პიტალო?
და ყველაფერი, ყველაფერი
რაც დაგებედა,
დედაკაცივით შეგიძლია,
რომ აიტანო...

შენ მაინც წერე

უჟამო ჟამის ყანაში ვდგავარ,
ჩემი ცოდვილი წამის პურს ვიმკი.
მოხვალ და ყველას აჯობებს, შენ რომ
ჩემს სადარდელზე ლამაზად იტყვი.
წერე, პოეტო, შენ მაინც წერე,
რომ სიყვარული არის მარადი!
თორემ, რითიღა უნდა გავმართლდე,
უფალს საკუთარ თავს რომ ვპარავდი
და ავაზაკებს ვატანდი ლუკმად
ბედნიერების ხვავრიელ ალაფს.
განა იკმარეს?! დღემდე სხეულზე
ცეცხლით მოხატულ სვირინგებს ვმალავ.
ჩემმა ფასკუნჯმაც მკორტნა და მკორტნა,
ტკბილი ყოფილა ხორცი ადამის.
საზღვარი აღარ ემჩნევათ სკნელებს,
ვერ მივაკვლიე წყაროს სათავეც.
პეშვი წყალივით ვარ და…არცა ვარ,
გზა-გზა და ბილიკ-ბილიკ ვილევი.
რომელ ჭალაში გაიხლართება
ჩემი იმედის თეთრი ირემი?
წერე პოეტო, უფრო თამამად
შემოუძახე მარადისობას,
თორემ რაღა ვქნა, რომ დავიჯერო
წარმავლობა და არავისობა...
იცი, ვერასდროს ვიქნებით ქვეყნად
საკუთარ თავზე მისხლითაც მეტი,
მაგრამ ახერხებ, ჩვენს სიმწირეში
მარადისობის ჩატიო ღმერთი!
სწორედ ამიტომ წერე, პოეტო,
შენს სიჯიუტეს ვენდობი ახლაც,
მზე ფრთებს გიდნობდა და შენ ლოცვებსაც
არ ღირსებიათ სამოთხე სახლად.
უჟამო ჟამის ყანაში ვდგავარ,
ჩემი ცოდვილი წამის პურს ვიმკი.
მოხვალ და ყველას აჯობებს, შენ რომ
ჩემს სადარდელზე ლამაზად იტყვი.

სიმი ვარ 

უფალო, არ ვიცი,
რამდენჯერ მომიყვან,
მაოცებს ყვავილი
ათასჯერ გაშლილი.
სიმი ვარ,
მიწის და ცის შუა
გაბმული,
შენს ხელში მჟღერი და
სხვის ხელში აშლილი...

მეფარნე

ნ. ს-ს

მეფარნევ, მეფარნევ, აანთე ფარანი!
ღამეს სიბნელის ფრთა მოჰკვეთო, ეგებ,
რომ არსად გაფრინდეს და არ გაიყოლოს
ჩემი ნამზეური სიზმრების ნეფე.
სინათლის ბადეში გავაბათ ეს ღამე.
დამღალა, მეფარნევ, ფრენამ და სიბნელემ.
ვაი თუ, სიყვარულს ტყუილად დავეძებ,
ვაი თუ, სიცოცხლეს ტყუილად ვიფერებ.

სანამ დრო სამკვიდრო მიწის ფრთებს მომახვევს,
კისერს მტკენს სიზმრების უტკბესი ყულფი
და ბედნიერების ულუფის მონარჩენს
ცისკარზე მგალობელ ჩიტუნებს ვუყრი.
მეფარნევ, მეფარნევ, ამინთე ფარანი!
უკუნი ღამეა, მარტო ვარ, ხედავ?
რომც მოვკვდე, სიზმარიც ვერ იგრძნობს. დილამდე
ღამის ანგელოზი ფრთებით გადამხვეტავს

ქუჩიდან, რომელზეც დარდიანს მივლია,
ბრახუნით ვიკლებდი ჩარაზულ სახლებს.
მაგრამ ის შენობა, რომელშიც მელოდნენ,
არ მდგარა მიწაზე და ვერსად ვნახე.
განა თავს გაცოდებ? შემინდე, მეფარნევ,
ქარად მივებარე წვიმიან ქუჩებს,
შენ ალბათ ვერცა მცნობ ასე ცრემლით მორთულს,
ჭრელი გრიმისა და ნიღბების უჩვევს.
მეფარნევ, მეფარნევ, ამინთე ფარანი!
აქ ჩემს შეყვარებულს ვხვდებოდი წინათ,
იმ სკამზე თამაშით დაღლილი კაცი ზის,
ხსნასავით მოელის მეძავთა წირვას.
მეფარნევ, ჩვენც ხომ სულ სინათლით ვთამაშობთ,
დალახვროს ეშმაკმა მომგონი დარდის!
ზურგსუკან ცერებზე დამყვება სიკვდილი,
ნაბიჯებს აყოლებს გულის რიტმს, მარტივს.

ნუ მეტყვი, სიბნელე ბევრად სჯობს სინათლეს,
არ მოსჩანს მასშიო მისხალი ხინჯიც!
აანთე, მეფარნევ, მახინჯს და ცრემლიანს
მიყურონ ნეტარი სიმართლის ჯიბრით.
მე, თავად ცეცხლის სულს მეძახდნენ, მეფარნევ,
ალის ფრთაც დამემტვრა, საშინლად მტკივა.
მელევა სინათლე და ცეცხლის სისხლი მდის,
და ღამის პეპლები ცრემლებად მცვივა.

მაგ კვარს შეუკეთე, რაც ჩემგან დარჩება,
აანთე, აანთე ეს ბნელი ღამე,
ვინ იცის, ჩემსავით სხვებიც დაგეძებენ,
სანთლებად საკუთარ სიცოცხლეს წვავენ.
მაგრამ შენ მარწმუნებ, ბნელში ადვილია,
ტკივილი დავმალოთ სულში და გავძლოთ!
ღამის მონასტერში უნდა აღვიკვეცოთ,
სინათლის ჯვარცმა რომ ქვეყანას ვამცნოთ?!

მეფარნევ, დაგიჯერო? ღამეს გავუყუჩდეთ?
ჩავქრეთ, ვერ გვიპოვნოს ფარვანა დარდმა?
იქნებ ვიმყოფინოთ, რაც გულში გვინთია,
და რაც სიყვარულის ცეცხლიდან დარჩა.

ნათლის და სიბნელის სამართალს ვინღა სჭედს,
ღმერთო, გულების მეფარნევ, მანიშნე,
მაცოცხლე ცისკრამდე, სიყვარულს ვისიზმრებ,
ცეცხლის ფრთებს ტკივილით ზეცამდე ავიქნევ.
ისე გავთენდები,
რომ გულის სინათლე
არასდროს,
არასდროს,
არასდროს
ჩამიქრეს. 

0

ავტორი: