10:01:27     05-10-2011
PLZ05 - 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა
155 მილიმეტრიანი ჩინური თვითმავალი ჰაუბიცა PLZ05, რომელსაც ასევე ეწოდება Type 05, არის ჩინური სამხედრო წარმების უახლესი ნიმუში. საარტილერიო სისტემა შეიქმნა, როგორც Type 83-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის შემცვლელი და ის PLZ45-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის ღრმად მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს. PLZ05-ის პირველი პროტოტიპის აგება 2003 წლისათვის დასრულდა, ხოლო მისი პირველი საჯარო ჩვენება 2005 წელს მოხდა. უახლესი საარტილერიო სისტემის ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის შეიარაღებაში, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
თვითმავალი საარტილერიო სისტემა შეიარაღებულია 155 მილიმეტრიანი L52-ის ტიპის ჰაუბიცით. საარტილერიო სისტემა PLZ05-ის ქვემეხს გრძელი ლულა აქვს და, შესაბამისად ცეცხლის წამოება საკმაოდ შორ მანძილზე შუძლია. თვითმავალი ჰაუბიცის კოშკურა, რუსული 152 მილიმეტრიანი საარტლერიო სისტემის 2S19 Мста-С-ის მსგავსად, ზომაში საკმაოდ დიდია. ზოგიერთი წყარო ასევე ირწმუნება იმასაც, რომ PLZ05 აღჭურვილია დატენვის ავტომატური სისტემით, რომელიც სწორედ ამ რუსული საარტილერიო სისტემის ავტომატური დამტენის ასლს წარმოადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინეთის არმია ადგილობრივად შექმნილ-წარმოებული ნახევრადავტომატური დატენივის სისტემით, რომელიც ადრინდელ ჰაუბიცაზე - PLZ45-ზე იყო დამონტაჟებული, უკმაყოფილო იყო.
საარტილერიო სისტემა შეთავსებადია ჩინეთში წარმოებულ, როგორც ჩვეულებრივ 155 მილიმეტრიან ჭურვებთან, ისე ზუსტ მართვად ამუნიციასთან, რომელთა გასროლაც ჰაუბიციდან ჩვეულებრივი ჭურვების მსგავსად ხდება. 1990-იანი წლებში ჩინეთმა მიიღო რუსული „კრასნოპოლის“ ტიპის ლაზერით მართვადი ჭურვების შექმნის ტექნოლოგია, ეს ტექნოლოგია ჩინელებმა წარმატებით აითვისეს და მოგვიანებით საკუთარი წარმოების „კრასნოპოლის“ ანლოგიური მართვადი ჭურვები შექმნეს. ამ ტიპის ჭურვების სროლის მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 20 კილომეტრს შეადგენს. თვითმავალი ჰაუბიცის მაქსიმალური სწრაფსროლა წუთში 8-10 გასროლას აღწევს, ხოლო სროლის მაქსიმალური მანძილი 40 კილომეტრს აღემატება. საარტილერიო სისტემის საბრძოლო კომპლექტი 30 ერთეული 155 მილიმეტრიანი ჭურვისაგან შედგება.
თვითმავალი ჰაუბიცის დამხმარე შეიარაღება კოშკურაზე დამონტაჟებული 1 x 12.7 მილიმეტრიანი მძიმე ტყვიამფრქვევისაგან შედგება.
PLZ05-ის ჯავშანი ეკიპაჟის მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. საარტილერიო სისტემის ეკიპაჟი ასევე დაცულია ბირთვული, ბილოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან. თვითმავალ ჰაუბიცაზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.
საარტილერიო სისტემა მუხლუხა შასიზეა ბაზირებული და ამ შასის საკმაოდ დიდი მსგავსება გააჩნია PLZ45-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის შასისთან. ძალური დანადგარის სახით კი PLZ05-ზე დაყენებულია დიზელის ძრავა, სავარაუდოდ ამ ძრავის სიმძლავრე 520 ცხენის ძალას უნდა შეადგენდეს. თვითმავალი საარტილერიო სისტემის ჭურვებით უზრუნველყოფას დამხმარე მანქანა უზრუნველყოფს და მას 90 ერთეული 155 მილიმეტრიანი ჭურვის გადააქვს.
army.ge
0