14:49:35     04-10-2011
იან ნერუდას “სიყვარული“ (და ორი ლექსები)
სამწუხაროდ თანამედროვე ქართველი მკითხველი კარგად არ იცნობს დიდი ჩეხ მწერალს, პოეტსა და ჟურნალისტს იან ნერუდას (Jan Nepomuk Neruda). ქართულ ინტერნეტსივრცეში ვერ მოიპოვებდით იან ნერუდას ვერც ერთ ნაწარმოებს, ვერ იპოვნიდით მის ბიოგრაფიას.
ჩვენ შევეცადეთ გამოგვესწორებინა ეს საკმაოდ დიდი დანაკლისი და იან ნერუდას გარდაცვალების დღის აღსანიშნავად, ამა წლის 22 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ მისი მოკლე ბიოგრაფია და გენიალური ლექსი „მხოლოდ წინ“, რომელიც შესანიშნავად აქვს თარგმნილი გრიგოლ აბაშიძეს.
მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, ამიტომ პრესა.გე -ს მკითხველს დღეს ვთავაზობთ მის კიდევ სამ ლექსს, რომლებიც ასევე გრიგოლ აბაშიძის მიერ არის თარგმნილი.
მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფიაც:
ჩეხური კრიტიკული რეალიზმის უდიდესი წარმომადგენელი დაიბადა 1834 წლის 9 ივლისს პრაღაში, ვაჭრის ოჯახში. 1853 წლიდან პრაღის უნივერისტეტში სწავლობდა სამართალს და ფილოსოფიას. მუშაობდა პედაგოგად. 1860 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად. იყო სხვადასხვა ჟურნალის რედაქტორი.
გარდა ლექსებისა და პროზისა, წერდა სტატიებს ჩეხეთის საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. აკრიტიკებდა მეშჩანებს და დიდ თანაგრძნობას გამოხატავდა უბრალო ადამიანების მიმართ. განსაკუთრებული სიყვარულით იყო ანთებული სამშობლოსადმი. სამშობლოსადმი უფაქიზესი გრძნობებითაა გამთბარი მისი პოეზია, როგორც თავად დარწმუნდება მკითხველი.
დიდი ჩეხი მწერალი იან ნერუდა გარდაიცვალა 1891 წლის 22 აგვისტოს, 57 წლის ასაკში. დაკრძალულია პრაღის ვიშეგრადის სასაფლაოზე.
* * *
ბედო, თუ გინდა მაქციო ფერფლად,
თუ გსურს რომ მიწამ ადრე დამმარხოს,
თავისუფლებას შემწირე მსხვერპლად,
თავისუფლებას დიდს და სახალხოს.
მონურ სიცოცხლეს რა თავში ვიხლი,
მომკალ, გამყარე მშობელ ველ-მინდორს,
დე, ჩემი გულის მხურვალე სისხლით
შენს ხელებს ცოდვა ჩამოეწმინდოს.
დე, ცრემლი მოსწყდეს დედის წამწამებს,
ჩემს სახლზე დადგეს კვამლი ღრუბლებად,
ოღონდ დაჩაგრულს, ოღონდ ნაწამებს
ჩემს ხალხს ეღირსოს თავისუფლება.
სატრფოსაც დავთმობ, მშვენებით სავსეს,
დავთმობ სიყვარულს, ამ დიდ ოცნებას,
ოღონდ ვიხილო სამშობლოს ცაზე
თავისუფლების გასხივოსნება.
* * *
ურიცხვ ვარსკვლავთა წარწერას კენტად
ცაზე სწერს შუქი გაუქორობელი:
„სჯობს თავზე მეტად, ყველაზე მეტად
გიყვარდეს შენი მხარე მშობელი“.
ალბათ, თვით მზესაც ეს შუქი ათბობს,
უმისოდ იქნებ არც ეტრიალოს,
ამ მიზნით იკრებს უამრავ მნათობს
ვრცელ სამყაროში სახეტიალოდ.
არა სურვილი განზე განდგომის,
მარად ბრუნვაა ვარსკვლავთ ბუნება,
რადგანაც ბრუნავს ყველა ატომი
მშობელ მხარეში დასაბრუნებლად.
სიყვარული
თურმე კაცთა მოდგმის
ასეთია წერა:
გული ბოროტს დასძლევს,
მაგრამ ტრფობას ვერა!
ჩემო ხალხო, შენზე,
შენს მტრებს უთქვამთ ამბად:
თითქოს მტვრიან გზაზე
ამოსულხარ შამბად.
თითქო გაჩნდი ქვეყნად
უპატრონოდ, ობლად,
სამათხოვროდ, თითქოს
დაწანწალებ სოფლად.
თითქოს გზარდა მხოლოდ
შემშილმა და სევდამ,
სიღატაკე იყო,
თითქოს შენი დედა.
ვინც ჩაგივლის, იტყვის:
„ამ დაწყევლილს ხედავ?
დროზე მოკვდეს მაინც,
ეს ოხერი ნატავ!“
მე ამ მითქმა-მოთქმას
ყურს არ ვუგდებ, არა,
ჩემო ხალხო, მინდა
შენთან ვიყო მარად.
ფრთაშესხმული შენსკენ
მოვიჩქარი, როგორც
სატრფოს ნახვას ჩქარობს
თექვსმეტი წლის გოგო.
მოჰქრის როგორც ჩიტი,
მოფართქალე გულით
და სიმღერა ასე
მღერის ხალხში თქმული:
„თვალს ჩავხედავ მაინც
თუ გინდ ყინულს ჰგავდეს,
ხელს ჩავკიდებ მაინც
თუნდ შიგ გველი ჰყავდეს,
სატრფოს ტუჩებს ხარბად
დევეკრობი წამით,
თუ გინდ ბაგე მისი
სავსე იყოს შხამით.
სატრფოვ, ჩემს მკერდს მინდა
შევაწებო შენი,
თუ გინდ იყოს სავსე
საშინელი სენით!“
არა, ბოროტ ჭორთა
არა მჯერა, არა,
ბრწყინავს შენი ყელი
თეთრი თოვლის დარად.
წამებამ და ტანჯვამ
ვერ გაგტეხა, ვერა,
ბავშვობიდან მახსოვს
სევდიანი მზერა,
როცა ყმაწვილს შენზე
მიმღეროდა დედა,
ჩიტის გულის მსგავსად
ჩემი გული ძგერდა.
ვერ შეგცვალა ტანჯვამ,
ისეთს გხედავ ცხადად,
როგორც დედის ნანამ
ოცნებაში გხატა.
იმ სიმღერის ხმები,
ჩემო ტკბილო დედავ,
ნეტავ სულ არ შეწყდეს,
სულ ისმოდეს ნეტავ.
ვინ მიყვარდეს ქვეყნად,
თუმც ბევრია ხალხი,
ვუხმობ ისევ დედას,
ვით პატარა ბალღი.
მაგრამ დედა ჩემს ცრემლს
ვაჰ, რომ ვეღარ ხედავს,
შავი მიწა ფარავს
უძვირფასეს ცხედარს.
დამეკარგა სატრფოც,
მასაც ფარავს მიწა,
დარდისაგან გული,
თითქოს ლოდად იქცა.
ავიტანე ყველა...
მაგრამ ერთი მჯერა,
სამშობლოსგან გაყრას
ვერ გავუძლებ, ვერა!