14:48:40     04-10-2011
აკაკის ქნარის მემკვიდრეები - ქართული პოეზიის რეფორმატორები (I)
I
გალაკტიონი წერს:
„ჩვენს წინანდელ მგოსნებს ბევრი გზა დარჩათ გასავლელი, მაგრამ ეს კიდევ მომავლის საქმე იყო. თანამედროვე პოეზიას აუცილებლად დიდი კავშირის აქვს ძველ საქართველოსთან. ახალმა ლიტერეტურულმა მიმდინარეობამ, რომელიც 1908 წლიდან დაიწყო, შეეცადა წარსულისაგან შეუსრულებელი იდეების გატარებას, შემოიტანა რა თანამედროვე პოეზიაში ახალი სტილი: სტილი უფრო ღრმა, რთული, ხელოვნური, ნიუანსებით და ძიებებით სავსე, განშორებული წინანდელ ჩვეულებრივ ენას. ყველა პალიტრების ფერებით, ყველა ტექნიკურ ლექსიკონების სიტყვებით, ყველა კლავიატურების ნოტებით, იდეები უკანასკნელთა მიერ გადმოცემულნი არიან გამოუცნობელი და ძლივს შესამჩნევი, ძლივს დასაჭერი ანარეკლით, ფორმა კი გადმოცემულია ნისლიდან და დაბურულ სახეებით. სტილი სავსეა ნევროზით, მოუშორებელ იდეების გალუცინაციებით, რომელნიც პირდაპირ შეშლამდე, შერყევამდე მიდის. ეს სტილი დეკადანსისა, - უკანასკნელი სიტყვაა ჩვენში ენის, რომელმაც უნდა გამოთქვას ყველაფერი და, რა თქმა უნდა, ადვილი არაა ყველაფერი ეს, რადგან იგი აძლევს გამოთქმას ახალი იდეებს, ახალ ფორმებს, ახალს კიდევ ჯერ არმოსმენილ სიტყვებს. ეს პირდაპირი წინააღმდეგობაა კლასიკური სტილისა. ახალ სტილში არის ბუნდოვანება... ერთი სიტყვით ყველაფერი, რასაც კი მოწყენილს, გამოუსახველს და გაუგებრად საშინელს ინახავს სული თავის უძირო და შეუცნობელ ხვეულებში...
რითმების სიმდიდრეს, ცეზურების მოძრაობას, საკუთარი სახელებისა და ტექნიკური ტერმინების შემოღებას, ძლიერ და ხმოვან რიტმს აქვს თავისი საკუთარი არქიტექტურა, ყავს თავისი მასწავლებლები, თავისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელების სიმარჯვე და საკუთარი ბეჭედი, შემდეგ სიტყვები: თანამედროვე მგოსნისათვის სიტყვას მისის აზრის მიუხედავად აქვს საკუთარი სილამაზე და ფასი, როგორც ძვირფას ქვებს, ყელსახვევ მარგალიტებს, ან ბეჭდებს... ვინც იცის ფასი, იგი აღტაცებულია მშვენიერი სიტყვებით. არის სიტყვები - ალმასები, იაგუნდები, ლალები, არიან სიტყვები, რომლებიც ბრწყინავენ ფოსფორივით, აი იმათგან - დღევანდელი სტილი, რომლის შედარებაც კი არ შეიძლება წარსულის დიდებულ და პატივსაცემ სტილთან.“ (ქართული პოეზია, XII ტ, გვ. 17-18, 1982, თბილისი). გალაკტიონი როცა ამ სტრიქონებს წერდა „არტისტული ყვავილები“ უკვე გამოცემული ჰქონდა.
გალაკტიონს ამ სიტყვებით დახასიათებული აქვს ქართულ პოეზიაში მიმდინარე პროცესები, ახლის ძიება, გამოუცნობის, ბუნდოვანის გადმოცემის ცდა, ფილოსოფიური თუ გრძნობისმიერი სიღრმეების დახატვის სურვილი, გინდათ ფანტასმაგორიული ხილვების სააშკარაოზე გამოტანა. ქართული პოეტთა ახალი თაობა მოდერნიზმითაა გატაცებული, ეს ახალ პოეზიას, უახლეს ქართულ პოეზიას უყრის საფუძველს, თუმცა გალაკტიონი აუცილებლად აღნიშნავს კავშირს ძველ, კლასიკურ ქართულ პოეზიასთან, მისი აზრით, სხვაგვარად შეუძლებელია, ეს გაგრძელებაა იმისა, რასაც ძველებმა ჩაუყარეს საფუძველი.
თუმცა სიახლე ახალი პოეტების გასაკეთებელია, ეს დროის მოთხოვნაა, ეპოქის ამოცანაა.
გალაკტიონი ამ საქმეში მარტო არ ყოფილა, მასთან ერთად მთელი პლეადა პოეტებისა ეწეოდა ჭაპანს ქართული პოეზიის მოდერნიზაციისათვის, ხარკი გაიღო ბევრმა მოდერნიზმის, დეკადანსის თუ სხვა მიმდინარეობების წინაშეც.
ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა: „1914 წლიდან ქართული პოეზია დაშორდა რეალობას და „ცისფერყანწელებმა“ მთელი რვა წლით გამოაცხადეს ფანტასმაგორიისა და მითის კულტი. ეს აუცილებლად საჭირო იყო, რომ პოეზიას გადაელახა ეთნოგრაფიისა და სინამდვილის ვიწრო ნაპირები. ქართული პოეზიის უდაბნო აივსო მოჩვენებებით და ეკზოტიკური სიტყვებით“ (იქვე, გვ. 19).
მე ვფიქრობ, ყველამ ერთად მოახერხა ახალი მიმდინარეობების შერწყმა ქართულ პოეზიასთან და საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ მეოცე საუკუნის დასაწისისა და შემდეგდროინდელი ქართული პოეზია, რომელიც უამრავ კულტურულ და თანამედროვე ერს შეშურდება.
სხვათა შორის, ერთხელ ირაკლი წერეთელმა ასეთი საგულისხმო რამ მითხრა: „მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ჩვენმა პოეტებმა ისეთი სიმაღლეზე აიყვანეს თანამედროვე ქართული პოეზია, რომ ლექსის წერა ბევრს გაუადვილაო“...
უფრო ადრე გალაკტიონს დაწერილი აქვს ერთი ლექსი, „აკაკის ლანდი“, რომელიც აკაკის ხსოვნის სამოქალაქო პანაშვიდზე წაიკითხა. ლექსი დაიბეჭდა გაზეთ „ახალ კვალში“ (1915 წლის # 1). ამ ლექსს აქვს რამდენიმე რედაქცია, ერთ-ერთში ასეთი რამ წერია:
... ხალხი უეცრად მუხლზე დაემხო
და ხმა გაისმა აკაკის წყნარი...
„ვინ არის ჩემი დიდი მემკვიდრე,
ვინ არის ღირსი წაიღოს ქნარი?“
მაგრამ ამაოდ მოუწოდებდა,
მემკვიდრე ღირსი არსაით სჩანდა,
დაჰკიდა თავი მაშინ მოხუცმა
და მწარე ფიქრით დანაღვლიანდა.
თითქოს მოხუცის უეცარ ფიქრზე
ექვსი მგოსანი წინ წადგა ნელა,
მათ, როგორც მთების მძლავრი არკანი,
წინ მოუძღოდა ვაჟა-ფშაველა.
შემდეგ აბაშელს და შანშიაშვილს
უცხო და ტკბილი ხელთ ესვათ ქნარი
და გრიშაშვილის გაისმა ხმები,
და რუხაძემაც დარეკა ზარი.
დარეკა ზარი იქ ქუჩიშვილმაც
და ცად აღაპყრეს ყველამ ხელები,
მაშინ ერთ დიდს და ხმოვან ქნარს ჰგავდნენ
ჩვენი რჩეული პარნასელები.
ვინ არ იგრძნობდა იმ სანატრელ დროს
რომ ყველა თავის მგოსანთან არის.
რომ ყველა ერთად ღირსია ერთი
დაუმონებელ აკაკის ქნარის.
(იოსებ ლორთქიფანიძის „გალაკტიონ ტაბიძე“, გვ. 118, 1988, თბილისი).
როგორც ვთქვით, ამ ლექსს აქვს არა ერთი რედაქცია, თუმცა წარმოდგენილი ვარიანტი კარგად წარმოჩენს, რომ გალაკტიონის აზრით, აკაკის ქნარი, ანუ ქართული პოეზიის ქნარი, ქართული პოეზიის მწვერვალი, არ დარჩენილა უმემკვიდროდ. საინტესოა მისი დამოკიდებულება თანამედროვე პოეტებისადმი, „აკაკის ქნარის“ მემკვიდრეებისადმი, რომელთა შორის თავისი თავი, ამ ლექსით, არ გამოუცხადებია, თუმცა ჰარმონიულ შვიდეულში უნდა ვიგულისხმოთ.
საინტერესოა, ისიც, რომ „აკაკის ქნარის მემკვიდრედ“, ახალი პოეზიის ერთ-ერთ უმთავრეს მამამთავრად („როგორც მთების მძლავრი არკანი“), გალაკტიონს ვაჟა-ფშაველა მოუაზრებია.
რა თქმა უნდა, ამ პოეტთა გარდა სხვა არა ერთი შესანიშნავი მგოსანი გვყავდა იმ დროს. სწორედ მათი დამსახურებაა რომ გვაქვს უაღრესად მდიდარი უახლესი ქართული პოეზია. ძალიან საინტერესოა, რომ ახალი პოეტიკა, რომელიც შეიქმნა ამ პერიოდში, დაკავშირებული არის, შინაგანად და ესთეტიკურად, ერთგვარად სახებითაც, „ვეფხიტყაოსნის“ პოეტიკასთან (თუმცა ეს უკვე სხვა თემაა). ეს იყო ქართული პოეზიის რენესანსი, მეოცე საუკუნის ახალი ქართული რენესანსის შემადგენელი და ულამაზესი ნაწილი.
0