იტალიელი ფერმწერი და მეტაფიზიკური მხატვრობა იტალიელი ფერმწერი და მეტაფიზიკური მხატვრობა />


  12:02:24     04-10-2011

იტალიელი ფერმწერი და მეტაფიზიკური მხატვრობა

a10896.jpg

ჯორჯო მორანდი იტალიელი ფერმწერია, რომელიც ყველაზე უკეთ ცნობილია ნატურმორტებით.

დაიბადა ბოლონიაში, იტალია. 1907 წელს ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში წავიდა სასწავლებლად. მისი ჩამოყალიბების წლების ნამუშევრებში აშკარაა სეზანისა და ზოგადად, კუბიზმის გავლენა, მოკლე გადახვევით ფუტურისტულ სტილში 1914 წელს. ამავე წელს მორანდი ხატვის მასწავლებლად დანიშნეს ბოლონიის დაწყებით სკოლაში, სადაც ის 1929 წლამდე მუშაობდა. ამჟამად, ბოლონიის ამ სკოლაში მორანდისადმი მიძღვნილია მუზეუმი, სადაც მის ნამუშევრებთან ერთად აღდგენილია მისი სტუდიაც.

1915 წელს, მორანდი სამხედრო სამსახურში ჩაეწერა, თუმცა ფსიქიური აშლილობის გამო უვადოდ დაითხოვეს. ომის პერიოდში მორანდის ნატურმორტები სულ უფრო მინიმალისტური ხდება მათი კომპოზიციური ელემენტების მხრივ და უფრო დახვეწილი ფორმით, რითაც ის საკუთარ აღტაცებას გამოხატავს სეზანისა და დუანიერ რუსოს მიმართ.

მეტაფიზიკური მხატვრობის ფაზა მორანდის შემოქმედებაში 1918-22 წლებს მოიცავს. ეს გახლდათ მისი ბოლო მნიშვნელოვანი სტილისტური გადახრა; რის შემდეგაც, ის მეტწილად ყურადღებას ამახვილებს ტონალობის,ფერთა გრადაციებისა და ობიექტების განლაგებაზე, გაერთიანებულს ატმოსფერულ ბურუსში, რაც მისი შემოქმედების განმსაზღვრელი მიმართულება ხდება ცხოვრების ბოლომდე. მორანდის ნამუშევრების გამოფენა ნოვეჩენტო იტალიანოს ექსპოზიციებზე ჩატარდა 1926 და 1929 წლებში, თუმცა მისი თანამედროვენი მას 20-იანი წლების ბოლოს უფრო რეგიონალისტ სტრაპეზეს ჯგუფს უკავშირებდნენ - ფაშიზმის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ჯგუფს, რომელიც ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებზე ამახვილებდა ყურადღებას. 1930-56 წლებში მორანდი ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში ოფორტს (გრავიურის ნაირსახეობა) ასწავლიდა. 1948 წელს ვენეციის ბიენალეზე ის ფერწერაში პირველი პრემიით დააჯილდოვეს. ის პირველად მოგზაურობს პარიზში 1956 წელს, ხოლო 1957 წელს სან-პაოლოს ბიენალეზე ფერწერული ნამუშევრებისთვის გრან-პრი მიიღო.

თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში, მორანდი ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ხატავდა, რამდენიმე ავტოპორტრეტის გამონაკლისით. ტონალობის, ფერისა და კომპოზიციური ბალანსის მიმართ თითქმის პედანტური დამოკიდებულებით, ის ისევ და ისევ ასახავდა იგივე ბოთლებსა და ვაზებს ნახატებში, რომლებიც შესრულების უკიდურესი სიმარტივით გამოირჩევა. მორანდის ხელს 133 ოფორტი ეკუთვნის, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი მოცულობაა, ხოლო მისი აკვარელებითა და ფანქრით შესრულებული ნახატები აბსტრაქტულობის სრულიად ინდივიდუალისტურ კოლექციას ქმნის.

0

ავტორი: