12:03:09     03-10-2011
ალექსანდრე აბაშელის რამდენიმე ლექსი
შაბათს გამოვაქვეყნეთ კონსტანტინე გამსახურდიას ესე „ალექსანდრე აბაშელი“. ამით გვინდოდა წინასწარ შეგვემზადებინა ახალგაზრდა მკითხველი ალექსანდრე აბაშელის ლექსებისა და პიროვნების გასაცნობად.
როგორც პრესა.გე-ს მკითხველს შევპირდით, დღეს გავიხსენოთ ალექსანდრე აბაშელის რამდენიმე ლექსი.
ალაექსანდრე (ისააკ) ბესარიონის ძე ჩოჩია დაიბადა 1884 წლის 15 (ახალი სტილით 27) აგვისტოს სოფელ საჩოჩიოში, რომელსაც შემდგომში აბაშისპირი უწოდეს. მამამისი ღარიბი გლეხი იყო. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში, რომელიც გაჭირვების გამო მიატოვა. ცოტა ხანს მუშაობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ.
1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოსკში. გადასახლებიდან დაბრუნების მერე (1908 წელს) მუშაობდა ტფილისში „კავკაზისა“ და „ნოვაია რეჩის“ რედაქციებში, სადაც გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები დაწერილი რუსულ ენაზე.
1913-1914 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1913 წელს გამოვიდა ალექსანდრე აბაშელის პირველი წიგნი „მზის სიცილი“, რომელმაც პოპულარობა მოუტანა. შემდგში კიდევ გამოაყვეყნა ხუთი კრებული „ანთებული ხეივანი“, „გაბზარული სარკე“, „მზე და სამშობლო“, „გმირული დღეები“ და „ოქრის საფეხურები“.
1920-იანი წლების დასაწყისიდან მის შემოქმედებაში შენიშნავენ დეკადენტური მოტივებს (კრებული „ანთებული ხეივანი“). იმ დროს ბევრმა გაიღო ხარკი დეკადენსისადმი. მანამდე, მის პირველ კრებულში „მზის სიცილი“, წარმოდგენილია ე. წ. მზის კულტის თემა, რომელიც ოპტიმისტური და პესიმისტური განწყობილებებითაა გაჯერებული და შედეგია 1905 წლის რევოლუციის აღმავლობისა და დამარცხების, რეაქციის პერიოდებისა.
შემდეგ ალექსანდრე აბაშელი იყო აკადემიური მწერლობის კავშირის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი. მასთან ერთად იყვნან კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, იოსებ გრისაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი და სხვები. კავშირს ჰქონდა სხვადასხვა გამოცემები („ილიონი“, „ხომალდი“, „ქართული სიტყვა“, „კავკასიონი“, „ახალი კავკასიონი“ და სხვა), სადაც, როგორც მაშინ ამბპობდნენ: „ზოგჯერ თავს იჩენდა სოციალური მშენებლობის ამოცანებთან შეუთავსებელი შეხედულებები“.
ალექსანდრე აბაშელს გამოქვეყნებული აქვს პროზაული ნაწარმოებები: ფანტასტიკური რომანი „ქალი სარკეში“ (1930) და „ატმის ყვავილი“ (1959). დაუმთავრებელი დარჩა რომანი „ირმა“. ის ავტორია ლიტერატურულ-თეორიული წერილებისა „ყვითელი ფოთოლი“ და სხვა. მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული.
ალექსანდრე აბაშელი იყო ზემოთაღნიშნული ჟურნალ „ხომალდის“ დამაარსებელი და რედაქტორი, შემდეგ კი ჟურნალ „ჩვენი თაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
კიდევ უნდა გავიმეორო: ალექსანდრე აბაშელი ითვლება ქართული ლექსის ერთ-ერთ რეფორატორად, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთ მამამთავრად. მას აფასებდა გალაკტიონი, მისდამი, როგორც პოეტისადმი და ადამიანისადმი, აღტაცების სტრიქონები დაწერილი აქვს კონსტანტინე გამსახურდიას და არა ერთ სხვას. აკაკი ხინთიბიძე მის როლზე საუბრობდა ქართული ლექსის რეფორმის საკითხში...
ალექსანდრე აბაშელი გარდაიცვალა 1954 წლის 27 სექტემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ცრემლი
ჩამოწვა ნისლი, ჩამოწვა ნისლი,
საღამოს ნისლი, მუქი და ხშირი.
შიშით და კრძალვით, ცრემლების მალვით
გავსცქერი ზეცას და ჩუმად ვტირი.
მწვერვალთა ხვეულს, ჩრდილშემოხვეულს,
მოსცილდა შუქი ჩასული მზისა.
არა კრთის სხივი შუქღვთაებრივი,
სად არის? - ვჩივი, - ვინ მიითვისა!
მოვიდა ღამე ჩრდილმოკამკამე,
მონამა ცრემლით ყვავითა პირი.
ვიგონებ სახელს, ცის გამომსახველს,
ვიქარვებ ნაღველს, ვტირი და ვტირი.
ღრუბელში ფარულს, ცით შემოპარულს,
სინათლეს მთვარულს უღიმის თხემი.
იფრქვევა ნამად ვერცხლის ტბა მთვარის,
ციმციმი ცვარის - ცრემლია ჩემი.
1915
მელანქოლია
როცა ემხობა ფრთამოკვეთილი
ზეშთაგონების შუქი მთვარული,
ჰფარავს ქვეყანას ჩრდილის კედელი
ციდან უეცრად ჩამოღვარული.
ჰქრება სინათლე ცად ასვეტილი,
იწვის წამწამი გადაცვარული,
რჩება უაზრო და გაცვეთილი
ქვეყანა ბნელი და ანგარული.
ვზივარ ოთახში გამოკეტილი,
მწარე ფიქრებით შემოჯარული.
აღარა მჯერა სიტყვა კეთილი,
გული უბიწო და მოყვარული.
თვალი ბრმავდება შუქდაწრეტილი,
კვდება ხალისი და სიხარული;
ლაჟვარდს ესობა შავი წერტილი,
ცაში მზის ნაცვლად შემოპარული.
და შემომტირის ძარღვგაწყვეტილი
გული მტკივანი და გაბზარული.
სიტყვა ამოდის შხამის წვეთივით,
თითქო იღვრება სისხლი ფარული.
1916
ქვის ირემი
ნარიყალას თავკიდური
მთვარის შუქით დასირმულა.
ხეივანზე დაკიდული
ქვის ირემი დგას ირმულად.
მთვარით სავსე ხევი მინდა,
შუქის ტბისკენ ვიცქირები.
კომკავშირის ხეივნიდან
შემომცქერის ქვის ირემი.
მთვარე დადგა მიწის კართან,
მთვარეს დარჩა ღამე ტყვედა.
ისე დატკბა ღამის კალთა,
რომ ქვის გულიც ამეტყველდა.
ქვის ირემო! ამ ცივ ქვაში
ნუთუ თბილი გული გიცემს?
გაგონდება მთვარე მთაში
და გასცქერი ღამის სივრცეს.
გაგონდება ირმის ხევი,
საირმის ტყე შტონაყარი
(რომ დაჰქროდი ტოტთა მსხვრევით
რქაბოჯოჯღა ჯონქა ხარი).
და ირმული სიყვარული,
რამაც გულში შეგინახა
ღამე, თეთრად დაცვარული,
და თვალშავა შენი ლადა!..
ქვის ირემი ჩუმად ღელავს,
თეთრ ვარსკვლავებს ყნოსავს ღამე.
ცვარდაყრილი თვლებით ელავს
ღამის თბილი მოსასხამი.
1939
ერთი მერცხალი
დავფრინავ ჩემთვის ერთი მერცხალი,
წკრიალა ხმებით მკერდავსებული, -
მარადიული მზის ნაპერწკალი,
წუთიერ ფრთებში მოთავსებული.
ვნახე სრულქმნილი ჩემი მიზანი
და წლებმაც ვალი გადამიხადეს,
მაგრამ არ ცხრება გული მისანი
და კიდევ ახალ ზეიმს მიქადის.
როგორ დაიტევს ეს გული ამდენს, -
რა უნდა ვნახო კიდევ ისეთი,
რომ მის წინაშე ფერმკრთალად ჩანდეს
სხივმადლიანი ჩვენი მზისეთი?
წავიდე, დავთმო სამშობლოს მთები
და ჩემი ქვეყნის ტკბილი სახელი,
დამრჩეს შხუილი გაფრენილ ფრთების
და შორ სიმღერის გამოძახილი.
1939
0