„შეწყვიტეთ განსაკუთრებით საშიში კასეტური ბომბების გამოყენება“ „შეწყვიტეთ განსაკუთრებით საშიში კასეტური ბომბების გამოყენება“ />


  00:40:19     16-10-2010

„შეწყვიტეთ განსაკუთრებით საშიში კასეტური ბომბების გამოყენება“

a1608.jpg

კასეტური ბომბები განსაკუთრებით საშიშ იარაღად ითვლება. ამ იარაღით დაზარალებულთა 98% სამოქალაქო პირია, რომელთა მესამედი, როგორც წესი, ბავშვია. კასეტური შეიარაღების აკრძალვის რატიფიცირება 100-ზე მეტმა ქვეყანამ განახორციელა, თუმცა მსოფლიოს უდიდესმა სამხედრო სახელმწიფოებმა შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი საქართველოსა და რუსეთს კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ამის შესახებ საქართველოში ჰამარბერგის ბოლო ვიზიტების საფუძველზე შედგენილ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონფლიქტით დაზარალებული რაიონებიდან თითქმის მთლიანადაა გატანილი ასაფეთქებლები და ომის სხვა ნარჩენები, თუმცა საფრთხის შემცველი ომის ნარჩენებისაგან ტერიტორიის გასუფთავება უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს დევნილების დაბრუნების უფლების განხორციელებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ზონებში დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. 

„მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით მთლიანად უფრო სტაბილური გახდა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მდებარე ადგილებში ინციდენტებს კვლავ აქვს ადგილი. საჭიროა, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნდობის აღდგენის ქმედითი მექანიზმების მიღება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა როლი გადამწყვეტია ამ საქმეში - ყველა შესაბამისმა სახელისუფლებო სტრუქტურამ უნდა შეუქმნას მათ შეუფერხებელი მუშაობის საშუალება“, - აღნიშნავს კომისარი.

ამასთან, ანგარიშში ასევე კრიტიკულადაა შეფასებული კონფლიქტის შემდგომ პერიოდში კომისრის მიერ ჩამოყალიბებული ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დაცვის ექვსი პრინციპის შესრულების მიმდინარეობა. კერძოდ, ეს პრინციპებია: დაბრუნების უფლება; ადგილნაცვალ პირთა უფლება მზრუნველობასა და მხარდაჭერაზე; ასაფეთქებლებისა და ომის სხვა ნარჩენების საფრთხისგან დაცულობის უფლება; უკანონობისაგან დაცვის უფლება; პატიმრების დაცვა და გათავისუფლება და მძევლების აყვანის პრევენცია; საერთაშორისო დახმარება და ადგილზე ყოფნა.

როგორც ცნობილია, კასეტური შეიარაღების აკრძალვის თაობაზე ახალი გადაწყვეტილება ძალაში შესულია. ამ საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება 100-ზე მეტმა ქვეყანამ განახორციელა, თუმცა მსოფლიოს უდიდესმა სამხედრო სახელმწიფოებმა შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიიღეს.

კასეტურ შეიარაღებაში ბომბები, რაკეტები და არტილერიული ჭურვები შედის, რომლებიც აფეთქებისას გარკვეულ ტერიტორიაზე მცირე ზომის ასაფეთქებელ მოწყობილობებს ფანტავს. კასეტური იარაღი განსაკუთრებით საშიშია, რადგან შესაძლოა ის მრავალი წლის განმავლობაში უმოქმედოდ ეგდოს მიწაზე და როგორც ჭურვი, მხოლოდ კონტაქტისას აფეთქდეს. 

კონვენცია კასეტური შეიარაღების წარმოებას, გამოყენებასა და გასხვისებას კრძალავს. დადგინდა მისი მარაგების ლიკვიდაციისა და იმ ტერიტორიების გაწმენდის ვადები, სადაც ასეთი შეიარაღება არსებობს. ამასთან, კონვენციის მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაეხმარონ ამ ტიპის იარაღით დაზარალებულებსაც.

პაციფისტური და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების აქტივისტებმა კონვენციას ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება უწოდეს. 

ისეთმა წამყვანმა სამხედრო სახელმწიფოებმა, როგორებიცაა აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი, კონვენციასთან მიერთება იმ მიზეზით არ ისურვეს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს კასეტური იარაღის გამოყენება კანონით განსაზღვრულია. 

კონვენციის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან, ამ იარაღის გამოყენებაზე უარს ის სახელმწიფოებიც იტყვიან, რომლებმაც კონვენციის რატიფიცირება არ მოინდომეს. ისინი იმედოვნებენ, რომ კონვენცია ამ ანტიჰუმანურ იარაღს კანონგარეშედ აღიარებს და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მის გამოყენებას ეცდება, საერთაშორისო განკითხვის ობიექტი გახდება.

ჰუმან რაითს ვოჩის ექსპერტებმა თავის დროზე დაადგინეს, რომ რუსულმა ავიაციამ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე ბომბები ჩამოყარა, რომელსაც მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; უამრავი ადამიანი კი დაიჭრა. ჰუმან რაითს ვოჩმა მოუწოდა რუსეთის მთავრობას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კასეტური ბომბების და მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საშიში სხვა იარაღის გამოყენება, რომელთა გამოუყენებლობაზე ასზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. 

„კასეტური ბომბი გამანადგურებელი იარაღია რომელიც უამრავმა ქვეყანამ უკანონოდ გამოაცხადა,“, – განაცხადა მარკ გარლასკომ, ჰუმან რაითს ვოჩის სამხედრო ექსპერტმა. „რუსეთის მიერ ამ იარაღის გამოყენება სასიკვდილოა არამარტო მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, არამედ ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას თავიდან ავიშოროთ გლობალური ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც შესაძლოა, მსგავსი ტიპის ბომბების გამოყენებას მოყვეს.“ 

ჰუმან რაითს ვოჩის განცხადებით, რუსეთმა გამოიყენა RBK-250 ტიპის კასეტური ბომბები; თითოეული მათგანი შეიცავს 30 PTAB 2.5M ასაფეთქებელ ნივთიერებას. კასეტური ბომბები ჩამოყარეს ქარელის რაიონის სოფელ რუისში 2008 წლის 12 აგვისტოს. სამი მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. იმავე დღეს კასეტური ბომბებით დაიბომბა ქალაქ გორის ცენტრი, რომლის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა; რამდენიმე მოქალაქე კი დაიჭრა. ჰოლანდიელი ჟურნალისტი სტან სტორიმანსი ამ დაბომბვის დროს დაიღუპა. ჟურნალისტი ზადოკ იეჰეზკელი (ისრაელიდან) დაიჭრა და თბილისის საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის მერე ის ისრაელში გადაიყვანეს. როიტერის ახალი ამბების სააგენტოს დაჯავშნული მანქანა აფეთქების შედეგად დაზიანდა. 

ჰუმან რაითს ვოჩმა მიმართა საქართველოს, რომელიც ასევე ფლობს RBK-500 ტიპის კასეტური ბომბებს, შეუერთდეს საერთაშორისო ხელშეკრულებას კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ. საქართველომ ოფიციალურად უნდა აიღოს ვალდებულება, რომ კონფლიქტის დროს აღნიშნულ იარაღს არასოდეს გამოიყენებს. 

რუსეთი ოსლოს მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდა 2007 წლის თებერვალშიც, რომლის შედეგად ახალი საერთაშორისო ხელშეკრულება დაიდო კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ. ხოლო 2008 წლის მაისში 107 ქვეყანამ მიიღო კონვენცია კასეტური ბომბების შესახებ. დოკუმენტით აიკრძალა მისი გამოყენება, წარმოება, გაყიდვა და შენახვა. ნებისმიერ მსურველ ქვეყანას შეუძლია კონვენციას შეუერთდეს. 

„რუსეთი ვერასოდეს გამოიყენებდა საქართველოს ქალაქებში ამ ბომბს კონვენციისათვის რომ მოეწერა ხელი. ამჯერად, ჩვენ შევძლებთ მომავალში მაინც ავიცილოთ მსგავსი ტიპის ბომბებისაგან მიყენებული საფრთხე და მსხვერპლი,“ - განაცხადა გარლასკომ.


0

ავტორი: