ჯალალ-ედ-დინ რუმი („ღმერთი არა გწამთ?“ და „მე დავიბენი“) ჯალალ-ედ-დინ რუმი („ღმერთი არა გწამთ?“ და „მე დავიბენი“) />


  12:06:37     30-09-2011

ჯალალ-ედ-დინ რუმი („ღმერთი არა გწამთ?“ და „მე დავიბენი“)

a10761.jpg

ჯალალ ედ-დინ რუმი დაიბადა 1207 წელს ქალაქ ბალხში, ხორასანში. მამამისი ბაჰა ედ-დინ მოჰამედ იბნ ჰუსეინ ხათიბ ბალხელი, ანუ როგორც თანამედროვეები უწოდებდნენ, ბაჰა ვალადი გამოჩემილი სწავლული, სუფიზმის  თეორეტიკოსი იყო. მამასთან განისწავლა მომავალი პოეტიც.

1213 წელს, მათ მოუწიათ მშობლიური ქალაქიდან იძულებით გამგზავრება. მექა მოილოცეს, ბევრი იარეს და მერე რუმის (იკონიის) სასულთნოში დასახლდნენ. მამამ მედრესე, სასწავლებელი გახსნა. შვილი ჯერ ეხმარებოდა მამას, მერე კი, 1231 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

ჯალალ ედ-დინ რუმი მეგობრობდა თამარ მეფის შვილიშვილთან, რუსუდან მეფის ასულთან, თამართან, რომელიც რუმის სულთნის, ყიასდინ ქეიხუსრევის (ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II) ცოლი. მას გურჯი ხათუნს უწოდებდნენ. ქეიხუსრევის სიკვდილის მერე, ის ახალმა სულთანმა ითხოვა ცოლად.

გავიდა წლები, 1244 წელს ჯალალ ედ-დინ რუმმა გაიცნო მოხეტიალე დერვიში შამსე თაბრიზი. იმ პერიოდიდან ჯალალ ედ-დინ რუმი სხვა ადამიანი გახდა. მისთვის დერვიში შამსე თაბრიზი გახდა ყველაფერი, პოეტის-სუფიისთვის ის სულიერ სრულყოფილებას წარმოადგენდა... აღარც მედრესე აინტერესებდა, აღარც პოლიტიკა და სასულთნოს საქმეები. მტრებმა მათ ფიზიკური სიყვარულის შესახებ დაიწყეს საუბარი... ალბათ, იდეური დაპირისპირებაც ამწვავებდა ყველაფერს...

შეურაცხყოფას ვერ გაუძლო შამსე თაბრიზმა და დამასკოს გასწია, თუმცა მერე დაჰყვა მეგობრის თხოვნას და დაბრუნდა. მერე ისევ გაიპარა თუ მოკლეს... დაიღუპა პოეტის შვილიც...

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1273 წელს, იკონიაში. ამბობენ, გურჯი ხათუნის ბრძანებით აშენდა დიდი პოეტის მწვანე აკლდამა (თურბე). თამარისავე ბრძანებით დაუხატავთ ჯალალ ედ-დინ რუმის პირველი პორტრეტიც...
 
ჯალალ ედ-დინ რუმი ერთ-ერთ უდიდეს პოეტად ითვლება სპარსულ პოეზიაში.

* * *

(სპარსულიდან თარგმნა მაგალი თოდუამ)

ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი, _
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.

* * *

(სპარსულიდან თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)

მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?

უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?

შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

0

ავტორი: