ჯონ ჰენკოკის ცენტრი – გამორჩეული ცათამბჯენი ჯონ ჰენკოკის ცენტრი – გამორჩეული ცათამბჯენი />


  10:45:52     29-09-2011

ჯონ ჰენკოკის ცენტრი – გამორჩეული ცათამბჯენი

a10698.jpg

ჯონ ჰენკოკის ცენტრი მდებარეობს მიჩიგანის ავენიუს 875-ში, ჩიკაგოში, ილინოისი. 100-სართულიანი 344 მ სიმაღლის ცათამბჯენის პროექტი ეკუთვნის ინჟინერ-კონსტრუქტორ ფაზლურ ხანს. დასრულების ჟამს, 1969 წელს, ის იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკის საზღვრებს გარეთ. ამჟამად, ჰენკოკის ცენტრი სიმაღლით ჩიკაგოში მესამე და აშშ-ში კი - მეოთხე ცათამბჯენია. შენობაში განლაგებულია ოფისები და რესტორნები, ასევე, 700-მდე საცხოვრებელი ბინა, რომლებიც თავის მხრივ, მსოფლიოში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ ბინებად ითვლება.

95-ე სართულზე განლაგებულია რესტორანი, საიდანაც ჩიკაგოსა და მიჩიგანის ტბის თვალწარმტაცი ხედი იშლება. თუმცა, ქალაქის საუკეთესო ხედი რესტორნის ქალთა საპირფარეშოდან სჩანს და ამის გამო ხშირად აქ მამაკაცებსაც მოჰკრავთ თვალს. 94-ე სართულზე განლაგებული ობსერვატორიიდან კი იშლება ჩიკაგოს ხედის ოთხივე მხარე. სპეციალურად გამოყოფილ ბადით შემოვლებულ ადგილას მსურველებს შეუძლიათ გამოსცადონ ზედაპირიდან 305 მეტრზე არსებული ქარების ძალა. 44-ე სართულზე ე.წ. სკაილობია, სადაც ამერიკის ყველაზე მაღალი შიგა საცურაო აუზია. 96-ე სართულზე კოქტეილ ბარია, საიდანაც კოქტეილთან ერთად მზის ჩასვლის პროცესში ჩიკაგოს ხედის ცვლილებას შეიძლება დააკვირდეთ, თუმცა აქ მოხვედრამდე შესაძლოა ლიფტთან საკმაო ხანს ლოდინმა მოგიწიოთ.

ცათამბჯენის გამორჩეული X-ფორმის ჯვარედინი ლითონის კარკასის ექსტერიერი, ფაქტობრივად, მინიშნებაა იმაზე, რომ კონსტრუქციის „კანი“, სინამდვილეში, მისი მილისებური სისტემის ნაწილია. ეს იდეა შენობის პროგრესული ჩანაფიქრის კონცეფციის ნაწილია, რითაც შესაძლებელი გახდა რეკორდული სიმაღლის მიღწევა (მილისებური სისტემა შენობის ჩონჩხია, რომელიც მას ხელს უწყობს ქარებისა და მიწისძვრების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში). ეს ასევე საშუალებას იძლევა შენობის შიგა ფართი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოთავისუფლდეს არქიტექტორის ნებასურვილის შესაბამისად. სხვა მრავალ ნიშან-თვისებასთან ერთად, ექსტერიერის გადაწყვეტის ამგვარმა ფორმამ, ჯონ ჰენკოკის ცენტრს არქიტექტურული შედევრის რეპუტაცია მიანიჭა.

0

ავტორი: