13:18:50     27-09-2011
როგორ მოპარა ,,აჭარაბეთის’’ მომხმარებლებს ათასობით ლარი ჰაკერმა

საქართველოში ე.წ. ჰაკერები მომრავლდნენ. ბოლო პერიოდში ბანკები ხშირად აფრთხილებენ მომხმარებელს შეცვალონ ინტერნეტ გვერდისთვის დადებული პაროლები. ვინაიდან ინტერნეტ სივრციდან ფულის მოპარვა გახშირდა. თუმცა საქართველოში ასეთი დანაშაულები გაუხსნელი არ რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, სწორედ ასეთი საქმის განხილვა დაასრულა, ოღონდ ამჯერად დამნაშავე ,,აჭარაბეთის’’ ონლაინ თამაშებით მოგებულ თანხებს იპარავდა.
1983 წელს დაბადებულ ივანე ხუციანიძეს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმის მასალების მიხედვით, ივანე ხუციანიძე დარეგისტრირებული იყო ინტერნეტ საიტ ,,აჭარაბეთი”-ის ონლაინ თამაშებზე. მან პერსონალური და სამსახურებრივი კომპიუტერის გამოყენებით, განიზრახა ამავე გვერდზე დარეგისტრირებულ სხვა მომხმარებელთა კომპიუტრულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რის შემდეგაც ის მოახდენდა პაროლის ,,გატეხვას” და მათ პირად ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა 2011 წლის მაისისა და ივნისის თვეში, სხადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწია აღნიშნული ვებ-გვერდის თერთმეტი მომხმარებლის პირად ვებ-გვერდზე, სადაც გვერდის მფლობელების პაროლის ,,გატეხვის” შემდეგ მათ ანგარიშზე არსებული თანხა, საკუთარ სახელფასო ანგარიშზე გადარიცხა. ხუციანიძე ფარულად, კომპიუტერულ სისტემეში, არაერთგზის, უნაბართვო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 3 921 ლარს.
საქმის არსებითი განხილვისას Bივანე ხუციანიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა, ასევე სრულად აანაზღაურა დაზარალებულთათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, გარდა აღიარებისა წარდგენილი ბრალდება დადასტურებული იქნა სს საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშულის გათვალისწინებით ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და ივანე ხუციანიძეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპის გამოყენებით, 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 1 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
0