თურქეთი და ირანი ერთობლივ საომარ ოპერაციას იწყებენ თურქეთი და ირანი ერთობლივ საომარ ოპერაციას იწყებენ />


  07:40:39     27-09-2011

თურქეთი და ირანი ერთობლივ საომარ ოპერაციას იწყებენ

a10577.jpg

თურქეთი და ირანი სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად გაერთიანდნენ. ოპერაცია საერთო მტრის, ქურთების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომელნიც ირანის, ერაყის და თურქეთის საზღვარზე ცხოვრობენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა გაავრცელა. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ანკარა და თეირანი პრობლემის მოგვარების საკითხებზე მუშაობენ და უკვე გადაწყვეტილია, რომ ერთობლივად აწარმოონ სამხედრო ოპერაცია. სამწუხაროდ, სხვა გზა აღარ დაგვრჩა - აღნიშნა ერდოგანმა.

ამ ცნობის შესახებ, ჯერჯერობით, საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია ვაშინგტონს. აღსანიშნავია, რომ თურქეთ-ირანის ერთობლივი გეგმითვე, ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთ ნაწილშიც ჩატარდება, სადაც ქურთების ძირითადი ბაზა მდებარეობს. კოალიციის მიზანი სწორედ ამ ბაზის განადგურებაა. ოპერაციის დეტალები, ჯერჯერობით, არ ხმაურდება, თუმცა ერდოგანმა უკვე დაბეჯითებით განაცხადა, რომ მხარეები ამ თავდასხმის გამო არანაირ უხერხულობას არ გრძნობენ.

ცნობილია, რომ ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწეობს, ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ორგანიზაციაა. პარტია თურქეთის, ერაყის, ირანის და სირიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მიღწევას ცდილობს. ქურთი მებრძოლები ანკარის და თეირანის საერთო მტრები არიან.

ქურთები ითვლებიან ყველაზე დიდ ეთნოსად მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი ქვეყანა არ აქვთ. მათი რიცხვი, დაახლოებით 40, ზოგი მონაცემებით კი - 60 მილიონს შეადგენს. ექსპერტების გამოთვლებით, თურქეთის არმიასა და სეპარატისტებს შორის ბრძოლებში, 1984 წლიდან მოყოლებული დღემდე, დაახლოებით 45 ათასი ადამიანი დაიღუპა. უკანაკნელ ხანს, ქურთი მებრძოლების თავდასხმები თურქულ პოლიციაზე განსაკუთრებით გახშირდა. თავის მხრივ, ანკარას უფრო ინტენსიურად მიაქვს იერიშები სეპარატისტების პოზიციებზე, ერაყის ჩრდილოეთით და საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს.   

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა სამხრეთ მეზობლის ტერიტორიაზე შესაძლო ერთობლივი ინტერვენციის შესახებ, ტერორისტთა ბაზების გასანადგურებლად, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემას ვერაფრით აგვარებს. უკანასკნელი მასშტაბური ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ, თურქეთმა მიმდინარე წლის აგვისტოში ჩაატარა. შედეგად, რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. 12 სექტემბერს მებრძოლებმა ანკარაში მიკროავტობუსი ააფეთქეს, მომდევნო დღეს კი პოლიციის აკადემიის შენობის მისამართით რაკეტა გაუშვეს... ირან-თურქეთის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია, უახლოეს მომავალში დაიწყება.  

0

ავტორი: