ქეთევან დედოფლის წამება „ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ქეთევან დედოფლის წამება „ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით />


  13:52:48     26-09-2011

ქეთევან დედოფლის წამება „ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით

a10536.jpg

26 სექტემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

როდესაც 1605 წლის 12 მარტს ირანში გაზრდილმა, გამაჰმადიანებულმა ქართველმა ბატონიშვილმა, კონსტანტინე-მირზამ, სპარსელი სამხედრო ძალის გამოყენებით, თავისი მამა, კახტა მეფე ალექსანდრე II და თავისი ძმა, უფლისწული გიორგი, სხვა მხლებლებითურ დახოცა, მის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა დავით უფლისწულის ქვრივი, მომავალი მეფის თეiმურაზ I დედა, აშოთან ბაგრატიონ-მუხრანბატონის ასული, დედოფალი ქეთევანი.

აჯანყებულმა ქართველებმა იმავე წლის 22 ოქტომბერს ბელაქნის ბრძოლაში ჩააძაღლეს სპარსელების მონა, სამშობლოს მოღალატე, მამისა და ძმის მკვლელი - კონსტანტინე-მირზა.

შაჰს, წყეულ აბას პირველს, არ ესიამოვნა ეს ყოველივე. მას ქართველთა განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი და აღმოსავლეთ საქართველოში ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება. 1614 წელს ქეთევან დედოფალი მძევლად ეახლა შაჰს. თან ახლდნენ შვილიშვილები, თეიმურაზ პირველის ვაჟები, ლევანი და ალექსანდრე. მათ მძევლობას უნდა დაეცხრო მისი ეჭვები, სპარსელების წინააღმდეგ, ქართველთა თურქებთან დაკავშირებისა და აჯანყების მოწყობისა. მაგრამ, ვერაგი რის ვერაგია. ხელში ვერ ჩაიგდო მეფეები, თეიმურაზ პირველი და ლუარსაბ მეორე და ამიტომ შემოესია კახეთს და ათეული ათასობით ქართველი გაწყვიტა, ათეული ათასი კი ირანს გადაასახლა.

ლუარსაბ მეორე ქართლის აოხრების შიშით ეახლა შაჰს, გასწირა თავი. კახელები ისევ აჯანყდნენ და დავით ჯანდიერის ჯარისკაცებმა არა ერთი სპარსი გაჟუჟეს. ვერ ისვენებდა შაჰი, არ ცხრებოდნენ ქართველები. ვერც მეფე ლუარსაბ მეორე დაიყოლია გამაჰმადიანებაზე. მან მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე ქრისტესა და სამშობლოს ერთგულებაში...

შაჰმა, ალბათ იფიქრა, ქალი სუსტია და მისით დავიწყებ ქართველების გატეხვასო. თანაც ბოღმა ახღჩობდა. დედოფალს გამაჰმადიანემა მოსთხოვეს...

წმინდა ქეთევან დედოფალს გრიგორიანობა ან კათოლოკობა რომ მიეღო, მას არავინ აწამებდა. შაჰ აბასისთვის უმთავრესი იყო მისი ქართული სარწმუნოებიდან გადაყვანა, ნებისმიერ სხვა სარწმუნოებაზე, რათა ამით გატეხილოყო ქართველთა დაუმორჩილებლობა. თუ ქართველები, კახელები სარწმუნოებას შეიცვლიდნენ, ისინი საშიში მტრები აღარ იქნებოდნენ და მოკავშირეები გახდებოდნენ მისი.

გრიგორიანებს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ჰქონდათ ირანში. მათ, სომხებს სახელმწიფო აღარ ჰქონდათ და ისინი შაჰისთვის საშიშნი არ იყვნენ, როგორც ქართველი მართლმადიდებლები. ვერაგი შაჰი კათოლიკეებს ერიდებოდა ევროპასთან ურთიერთობის გამწვავების შიშით. უნდოდა ევროპასთან სავაჭრო და პოლიტიკური კავშირები გამოეყენებინა, მათ შორის თურქეთის წინააღმდეგ.
1624 წლის 12 (ახალი სტილით 26) სექტემბერს ქეთევან დედოფალი სასტიკად აწამეს ღვთისა და კაცობრიობის მტრებმა...

მაგრამ შაჰი შეცდა. ქეთევან დედოფალი, როგორც სიცოცხლეში იყო საშიში მისთვის, ისე სიკვდილის მერეც მისი მტერი, და უფრო მეტად ძლიერი მტერი იქმნა, როგორც წმინდანი და ქართველთათვის სამაგალითო და აღტაცების მიმცემი, ასევე შურისძიების წყურვილის აღმძვრელი...

მას მერე, ყოველ ბრძოლაში, ყოველ ქმედებაში, ირანის წინააღმდეგ, ყველა ქართველს აღაფრთოვანებდა წმინდა ქეთევან დედოფლისა და სხვა ირანელთა მიერ წამებული ადამიანების ხსოვნა.

მას შემდეგ წმინდა ქეთევან დედოფლის ხატი წინ მიუძღოდათ ქართველებს დამპყრობელი ირანის წინააღმდეგ. ვერ ივარგა ზოგიერთმა ბაგრატიონმა, თორემ ირანის მეტად დაზარალებაც შეგვეძლო და აღა-მაჰმად ხანის დამარცხებაც. ვერც რუსებმა გამოიჩინეს სიბრძნე (როგორც ყოველთვის), თორემ, რომ არ გაენაწყენებინათ ქართველები სამეფოსა და ავტოკეფალიის გაუქმებით, ჩვენი წინაპრების ხმალი თეირანამდე ჩაიყვანდა მათ.

ჩვენ ხომ, ისტორიულად, მეზობლებში არ გვიმართლებდა...
წმინდა ქეთევანის მხლებლებიდან ზოგიერთმა ვერ გაუძლო წამებას. მე ვფიქრობ განსაკითხველი არ არის თუ ადამიანმა ვერ გაუძლო წამებას, თუნდაც მღვდელმა, მაგრამ, მათ გვერდით კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია დედოფლის სიმტკიცე.

ქეთევან დედოფალს არა ერთი აღფრთოვანებული სტრიქონი უძღვნეს ქართველებმა თუ ევროპელებმა. დღეს გავიხსენოთ ბერი ეგნატაშვილი რას წერს წმინდა ქეთევანის მოწამეობრივ სიმტკიცეზე და შაჰ აბას პირველის ველურობაზე.

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება

ნაწყვეტი

ხოლო შემოვლო კახეთი შააბაზ და მოვიდა ქართლად და დასუა მუნ ქართლში ბატონად ძმისწული მეფის სჳმონისა ბაგრატ, მაშინ ქრისტეს აქათ ჩ~ქით, ნაშობი კახის ბატონის გუარის ქალისაგან.

მაშინ ეზრახა შააბაზ ლეკთა და გაუგზავნა კაცი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: მნებავს წარმოტყუენვა და იავარ-ყოფა სრულიად სანახებისა ამის, კახეთს მე ავყრი და, რაც მანდ ხიზანი კაცი და ქალი შემოვიდეს, დაატყუე[ვე]თო. და წარვიდა და ჩავლო კახეთი და ამოსწყჳტა. და წავიდა და მოაოჴრა, და სხუანი აჰყარნა და თანა წაასხნა. და რომელნიმე ლეკთა ამოსწყჳტეს და დაატყუევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ჴევსურეთს, და სხუანი ააოჴრეს და ამოსწყჳტეს, და რაც-ოდენნი შეიპყრეს, ცოლშვილიანად აჰყარეს და წაასხეს რომელიმე ფერიასა, რომელნიმე ახლანან თანა აწცა წინამძღოლ-მეთოფედ და არიან დღეინდელად დღედმდე მეთოფედ, წინა უძღუებიან ყაენსა. მაშინ შემუსრა და დაამტვრია, რაოდენნი დაუშთა პირველ, ხატნი და ჯუარნი და წარმოიღო ნაცარცვი და ნატყუენავი მისი.

და დასუა მუნ პატრონად ფეიქარხან და მოუყენა რომელიმე ჯარი და ელი, და თჳთ წარვიდა განრისხებული და მივიდა ისპაანს.

მაშინ გაუგზავნა კაცი შირაზის ხანსა და იჴმო ბატონის თეიმურაზის შვილი ალექსანდრე და ლევან და, რა მოიყვანა, გამოასაჭურისნა ორნივე და ამყოფა თჳსთა თანა. და ერთი ძმა შეიშალა, ლევან, და ისრე იარებოდა შეშლილი, და მეორე, ალექსანდრე, მოკუდა.

ხოლო ქეთევანისთჳს გაგზავნა კაცი და შეუთუალა იმამყულიხანს, ვითარმედ: ქეთევან" დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენო და, თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალო". ხოლო იმამყულიხანს რა ესმა ესე, გამოუბრუნა მოციქული და მოაჴსენა ესრეთ, ვითარმედ: "ბერი დედაკაცი არისო და ახლა ეს არ გათათრდებისო, და რას აქნევთ ამის გათათრებასაო, დაეჴსენითო, თქუენთჳს სირცხჳლი არისო ამისი სიკუდილი". ხოლო შააბაზ იწყინა და გაუგზავნა კაცი, ვითარმედ არ იქნებისო.

მაშინ იმამყულიხან დაუწყო ლაპარაკი ქეთევანს და აუწყა ყაენს შემოთვლილი და უთხრა გათათრდიო. ხოლო ქეთევან არა უსმინა. მაშინ შეიპყრეს და დაუჭირეს მხლებლები და წინა გაუთათრეს. და ახლდა თან მღდელი ვინმე იმერელი და იგიცა გაუთათრეს.

ხოლო გაუბეს ჴელ-ფეჴი და გააშიშულეს წმიდა ქეთევან დედოფალი და გა განჴურვებულის გაზებით დაგლიჯეს ძუძუები და გაჴურვებული საჯები ნაგლეჯს ჴორცზედან შემოაწყუეს და დაგლიჯეს. გააჴურვეს ლურსმები და დაუყარეს ქუეშე და ზედ გაატარეს. დააწვინეს და შიშუელაზედ ზედ შემოაყარეს ლურსმანი გაჴურვებული. კუალად განჴურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან, განჴურვებული ქუაბი დაარქუეს თავსა ზედან. კუალად განჴურვებულს ქუაბსა შიგან შიგ ჩასუეს და თავსაც დახურეს და შემოაწყუეს გაჴურვებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა და ყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ შევედრა წმიდა სული თჳსი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა.

და მოვიდა სამხილებელად ყოველთა და დაადგა ნათელი ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი და აღიღეს წმიდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თჳსთა თანა ნაწილად, ხოლო ჴელი და მკლავი ბატონს თეიმურაზს გამოუგზავნეს.

და ესრეთ სრულ-ყო წამება მისი და ღუაწლი წმიდამან ქეთევან, რომლისა ცხოვრება მისი არცელად წერილ არს მეტაფრასსა მისსა. და რომელსა მიწასა ზედან აწამეს, ადგილსა მას არღარა მოვა მწუანე და ჩანს ადგილი იგი ესრეთ, ვითარმედ უნახველნი სცნობენ აქა ქმნილა რამეო.

0

ავტორი: