19:14:44     11-10-2011
,,სოდმა’’ სიდედრის მკვლელობის დამკვეთი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის თანამშრომლებმა ბაგრატ თეთრაძე დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ იგი თბილისში მდებარე ბინის მისაკუთრების მიზნით, სიდედრის, იზოლდა კენჭუაშვილის მოკვლას გეგმავდა, რისთვისაც ე.წ. ქილერი ჰყავდა დაქირავებული.
,,საჭირო პიროვნება’’, როგორც თავად ბრალდებული მოიხსენიებს, მან იმისთვის მოძებნა, რომ სიდედრი თავიდან მოეშორებინა. დავალების სანაცვლოდ კი, ,,შემსრულებელი’’ ჯართს და 600-700 ლარს მიიღებდა, რაც საერთო ჯამში, 2000 ლარი გამოდიოდა. თეთრაძეს თანხა საქმის შესრულების შემდეგ უნდა გადაეხადა. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ უხსნის თეთრაძე მისი სიდედრის მოსაკლავად ხელსაყრელ დეტალებს ,,საჭირო პიროვნებას’’ და ნაჯახს გადასცემს. თეთრაძეს დანაშაულის ჩადენა არ დასცალდა. იგი სამართალდამცავებმა აიყვანეს. შესაბამისად, იზოლდა კენჭუაშვილი სიკვდილს გადაურჩა. თეთრაძე დანაშაულს აღიარებს და განმარტავს, რომ ცოლ-შვილთან ერთად სიდედრის სახლში ცხოვრობდა, სიდედრი მის სახლიდან გაგდებას აპირებდა და მკვლელობაც ამიტომ გადაწყვიტა. ამჯერად თეთრაძეც სახლი აღარ დასჭირდება, ვინაიდან მისი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში, თემქაზე მდებარე 80 კვ.მ ბინის მისაკუთრების მიზნით შეკვეთილი მკვლელობა, მის განხორციელებამდე გახსნეს ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა. ვიქტორ კახეთელიძე, ქილერს სამი პირის, საკუთარი მამის, დისა და დისშვილის მკვლელობას უკვეთავდა, დავალების შესრულებისთვის თანხა 10 000 ლარი კი მას მამამისის ოჯახიდან უნდა აეღო.
შეკვეთილი მკვლელობები არა, მაგრამ სიდედრ-სიმამრის თავიდან მოცილების ფაქტები ქართულ სინამდვილეში მრავლადაა. ამ ზაფხულს შს სამინისტრომ გახსნა 2010 წლის 19 მაისს მომხდარი შემზარავი მკვლელობა. გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი სარალიძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ელექტროსადენით გაგუდა სიდედრი, ლუბა მოსიაშვილი, შემდეგ კი გვამი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევის ტერიტორიაზე, მდინარე რიკეთულაში გადააგდო.
ორი პირის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს კობა ეპიტაშვილი, რომელმაც სიმამრი, რომან მამადაშვილი და სიდედრი, ლალი ქარუმიძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მსგავსი ფაქტი მოხდა გურჯაანში, სოფელ ვეჯინში. 28 წლის ზვიად სიბაშვილმა სიმამრს, ვანო ბერუაშვილს ნაჯახით თავში 4 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ვანო ბერუაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სიძე -სიმამარს ჩხუბი ხშირად მოსდიოდათ. როგორც ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სიმამრი სიძეს საკუთარი სახლიდან აგდებდა და ხშირად სცემდა კიდეც. მკვლელობის შემდეგ, სიბაშვილი პოლიციაში თავად გამოცხადდა.
0