11:11:35     08-10-2011
სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ “კატინის საქმეს” იწყებს

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ დღეებში ე.წ. კატინის საქმეზე პირველი მოსმენა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც რუსეთი იმ პოლონელი ოფიცრების ნათესავების მოპასუხედ უნდა წარსდგეს, რომლებიც 1940 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, იგივე “НКВД”-მ დახვრიტა. აღნიშნული სარჩელი პოლონეთის ორმა მოქალაქემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჯერ კიდევ 2 წლის წინ შეიტანა. ისინი ცდილობენ გაასაჩივრონ 2004 წელს რუსეთის მთავარი სამხედრო პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, - როცა “კატინის საქმე” დახურულად გამოაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ 1940 წელს კატინის ტყეში, დახვრეტაში დამნაშავეები პირები დიდი ხანია გარდაცვლილნი არიან.
თავის მხრივ, 2008 წელს, რუსეთის ორმა სასამართლომ აბსოლუტურად კანონიერად სცნო სამხედრო პროკურატურის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ კატინში დახვრეტილი 1803 ოფიცრიდან, მხოლოდ 22-ის იდენტიფიცირება მოხდა, “ინცინდენტს” კი რსფსრ-ის 1926 წლის სისხლის სამართლის კოდექსი უნდა მიუყენონ, რომლის მიხედვითაც ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ გადის.
საქმე იმაშია, რომ რუსეთისათვის “კატინის საქმე” არა დანაშაული, არამედ, უბრალოდ, “კატინის მოვლენებია.” პოლონელებისათვის კი ეს ტრაგედია 70 წლის შემდეგაც მოუშუშებელი ჭრილობაა და ის “სამხედრო დანაშაულადაა” კვალიფიცირებული. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს და ეს ნაციონალური მეხსიერების ინსტიტუტის მიერ საქმის გამოძიების შედეგადაც დადგინდა, რომ 1940 წელს საბჭოთა რუსეთმა დაარღვია კანონები და ომის წარმოების წესები; დახვრეტების უმეტესობა კი უმაღლესი სახელმწიფო პირების მითითებით ხდებოდა, რაც სწორედაც “სამხედრო დანაშაულია,” რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.
ამასთან დაკავშირებით, პოლონელი იურისტი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ნიუნბერგის პროცესის დროს, სსრკ-ის პროკურორმა რომან რუდენკომ კატინში ოფიცრების დახვრეტას “დანაშაულებრივი ქმედება” და “ცხოველური დანაშაული” უწოდა, თუმცაღა, მართალია, ბრალს გერმანელებს აკისრებდა...
ასე რომ, პოლონელები, სტრასბურგში, “კატინის საქმისათვის” სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებასაც ითხოვენ, თუნდაც იმის გამო, რომ მათი ნათესავები სასამართლოს მონაწილეობის გარეშე დახოცეს, მოსკოვმა კი არ ჩათვალა საჭიროდ, ამ საქმის ობიექტური და ადექვატური გამოძიება ჩაეტარებინა, ხოლო რაც “გამოიძია,” არც ის მასალები გადასცა დაზარალებულებს და მათ საიდუმლო გრიფი დაადო.
სტრასბურგის სასამართლო მოსმენაზე, ამასთან დაკავშირებით, რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა: “ჩვენ გვაქვს უფლება, სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გავასაიდუმლოთ ეს მასალები.”
პოლონელები რუსეთისაგან სულაც არ ითხოვენ კომპენსაციას. ისინი დახვრეტილ პირთა რეაბილიტაციას მოითხოვენ. თუმცა რუსულმა მხარემ სხდომაზე დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს სარჩელი, რადგანაც დახვრეტის დროს რუსეთი არ იყო სტრასბურგის სასამართლოს წევრი, რომლის იურისდიქციაც მან მხოლოდ 1998 წელს სცნო. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კონვენციაც ამ დახვრეტებიდან 10 წლის შემდეგ, 1950 წელს მიიღეს, ხოლო რუსეთმა მისი რატიფიცირება კიდევ უფრო გვიან, 48 წლის შემდეგ მოახდინა.
თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სტრასბურგი განიხილავს კიდეც ამ საქმეს და მას არც რუსეთის სასარგებლოდ დაასრულებს. როგორც ჩანს, ეჭვი ამის შესახებ თავად რუსებსაც აქვთ და უკვე იმაზე სწუხან, რომ რუსეთის წაგების შემთხვევაში წარმოიქმნება წინააღმდეგობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და რუსეთის კანონმდებლობას შორის. ეს დოკუმენტისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭებისა და მოხსნის საკითხს ეხება, რის საფუძველზეც პოლონურ მხარეს თავის დროზე უარი უთხრეს საქმის მასალების გადაცემაზე. სხვათა შორის, რუსეთის მთავარ სამხედრო პროკურატურაში “გაზეტა რუ”-ს წყარომ დაუდასტურა, რომ შესაძლოა, რუსეთი საერთოდაც დაავალდებულონ, რომ მსგავსი მასალების განსაჯაროობა მოახდინოს.
უფლებადამცველი ასოციაცია “აგორას” იურისტი პაველ ჩიკოვი ამ შიშს არ იზიარებს. მისი თქმით, ისტორიას ახსოვს მხოლოდ 2 შემთხვევა, როცა ევროსასამართლოს სასარგებლოდ რუსეთმა თავისი კანონმდებლობა შეცვალა, – სასამართლო განხილვების გაჭიანურებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებული პირობების ნაწილში. სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი, ფინანსთა სამინისტრო, უბრალოდ, ფულს იხდის, სტრასბურგის სასამართლოში კი შედის და შედის სარჩელები რუსეთის წინააღმდეგ.
“კატინის საქმეზე” სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება ერთი წლის მანძილზე უნდა გამოიტანოს.
0