20:42:37     29-09-2011
რუსი ჯარისკაცები, ცხინვალში, მასობრივი განადგურების იარაღს ეუფლებიან
ცხინვალში, ძარწემის პოლიგონზე რუსეთის ბაზის მოტომსროლელთა და სატანკო დანაყოფების საბრძოლო წრთვნა მიმდინარეობს.
სწავლების მიზანი, როგორც ოფიციალური წყაროები იუწყებიან, ოფიცერთა სამეთაურო უნარ-ჩვევებისა და ქვედანაყოფების განლაგების სრულყოფაა მთიან, რთულ ფიზიკურ და გეოგრაფიულ პირობებში სხვა სამხედრო დანაყოფებთან ერთად ბრძოლისას.
ტაქტიკურ სწავლებებში 500 სამხედრო პირი და 100 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს. სწავლება კი მართლაც „ფართო” ხასიათისაა: სამხედროებმა, ანტისაჰაერო თავდაცვის ტაქტიკა, სავარაუდო მოწინააღმდეგის მიმართ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით დაამუშავეს.
სამხრეთის სამხედრო ოლქი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. მისი დანიშნულებაა რუსეთის სამხრეთის მიმართულების დაცვა, - პირველ რიგში სამხრეთ კავკასიისგან. რა თქმა უნდა, აქ საქართველო იგულისხმება, თუმცა მასობრივი განადგურების იარაღის დაუფლება, თუნდაც, თავდაცვის მიზნით, ნამდვილად არაადეკვატური ნაბიჯია, რადგან საქართველო, ჯერჯერობით, არც ქიმიურ, არც ბიოლოგიურ და არც ბირთვულ იარაღს არ ფლობს. განსხვავებით რუსეთისაგან, რომლის თავდაცვის სამინისტრომაც სულ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების „ისკანდერების” განთავსებას აპირებს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსკოვმა უკვე განალაგა სარაკეტო კომპლექსები „ტოჩკა უ” და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სისტემების ბირთვული ქობინებით აღჭურვა შესაძლებელია, გამოდის, რომ საფრთხე არა რუსეთს საქართველოდან, არამედ საქართველოს რუსეთისგან ემუქრება.
„ისკანდერებს” სროლა 500-600 კილომეტრზე შეუძლიათ. ეს სარაკეტო კომპლექსი საჭიროა ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე, საიდანაც რაკეტებმა შეიძლება მიაღწიონ ამერიკულ ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსებამდე პოლონეთსა და რუმინეთში” – ამბობს სამხედრო ექსპერტი კონსტანტინ სივკოვი.
თუმცა, პოლონეთსა და რუმინეთში „რუსეთის სამიზნეები” ჯერ არ განულაგებიათ, ამიტომ გლობალურის გარდა ლოკალური ვარაუდებიც არსებობს. „ექსპერტთა კლუბი” არ გამორიცხავს, რომ ცხინვალის ძარწემის პოლიგინზე, რუს ჯარისკაცებს, საქართველოს წინააღმდეგ თბობირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რადიაციით დაბინძურებულ ველზე მოქმედებას ასწავლიდნენ.
0