16:34:29     29-09-2011
აფხაზეთში მორიგი რუსული სამხედრო ქალაქი გაიხსნა
გალის რაიონის სოფელ თაგელონში, ექსპლუატაციაში, აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ФСБ–ს სასაზღვრო სამსახურის მეათე სამხედრო ქალაქი შევიდა. საქართველო–აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გამაგრება–მოწყობა, თვითაღიარებულ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის, 2009 წლის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების („ერთობლივი ძალებით აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვა“) ფარგლებში გრძელდება, იუწყება „აფსნიპრესი“.
„აფხაზეთის საზღვრის კეთილმოწყობით, ჩვენ, უსაფრთხოებასაც ვუზრუნველვყოფთ. მადლობას ვუხდით აფხაზეთის მთავრობას, მუნიციპალურ ორგანიზაციებსა და მოსახლეობას, აღმოჩენილი დახმარებისათვის მუშაობის პროცესში“ – განაცხადა რუსული ФСБ–ს სასაზღვრო სამსახურის სამხრეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ნიკოლაი ლისინსკიმ.
თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასლან ბჟანიამ კი, თავის მხრივ დაამატა – „იმისათვის, რომ რუს მესაზღვრეებს ნორმალურ პირობებში შეძლებოდათ მუშაობა, ჩვენ მათ ამისათვის ყველა აუცილებელი პირობა და კომფორტი შევუქმენით. აფხაზეთის ხელისუფლების სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთის ფედერაციის ФСБ–ს ხელმძღვანელობას დახმარებისა და მხარდაჭერისათვის“.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტმა, თვითაღიარებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, ამ ტერიტორიებზე არსებული ბაზების გაფართოებისა და ახალი ბაზების შექმნის თაობაზე.
დოკუმენტი, პარლამენტში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა წარადგინა. ხელშეკრულება 49 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მისი 15 წლიანი ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით. ამასთან ერთად, აღნიშნული ხელშეკრულება, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზების რეალიზაციისათვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებით თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებს.
აღნიშნული საკითხი, „პრესა.ჯი“–სთან, ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ირალი სესიაშვილმა შეაფასა.
– როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ისტერია და რატომ არ რეაგირებენ საერთაშორისო ორგანიზაციები? რუსეთი ხომ ამგვარი ნაბიჯებით, ძალიან მყარ დასაყრდენს იქმნის კავკასიაში და სულ მალე, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა აღარ იქნება?
– თქვენ მართალს ბრძანებთ. ის პროცესი. რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ქართულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, ვგულისხმობ სამხედრო ბაზების მშენებლობას, მიმართულია არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული აქცია, კავკასიაში დასავლეთის, ნატო–ს გაძლიერებისა და გაფართოების წინააღმდეგ.
რუსეთი, დასავლეთს, ასე უხდის სამაგიროს ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთს, საქართველოს დასაშინებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი ძალების მობილიზება არ სჭირდება, რადგან კარგად ხვდება, რომ საქართველო მის წინააღმდეგ ვერ და არ წამოიწყებს სამხედრო კამპანიას.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად დასავლეთისკენ მიმართული მესიჯებია, ვიდრე საქართველოსკენ. ამ ნაბიჯით რუსეთი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის არ აპირებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის შესრულებას.
0