13:51:35     23-09-2011
რატომ და სად უკვეთავენ მკვლელობებს საქართველოში?

საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის უკანასკნელი შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი დღის წინ აღკვეთეს. ვიქტორ კახეთელიძე, რომელმაც თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე ბინის გამო საკუთარი მამის, დისა და დისშვილის მკვლელობა განიზრახა და 10 000 დოლარად ამ საქმის შესრულებაზე ე.წ. ქილერს გაურიგდა, კონტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა და საქმე სასამართლოში მალე გადაინაცვლებს, ვინაიდან გამოძიებას უკვე აქვს მისი აღიარებითი ჩვენებაც და ჩანაწერებიც, თუ როგორ უკვეთავდა მკვლელობას კახეთელიძე ქილერს. ,,პრესა.ჯი’’–მ გადახედა საქართველოში მომხდარი შეკვეთილი მკვლელობების საქმეებს. რატომ უკვეთავენ მკვლელობებს და რა ფასად ასრულებენ ამ დავალებას ე.წ. ქილერები საქართველოში?
კახეთელიძის შემთხვევაზე არანაკლებ შემზარავია ოჯახური კონფლიქტის გამო განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობის ისტორია, რომელიც 2009 წელს მოხდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, 2009 წლის აპრილში ოჯახური კონფლიქტის გამო, ინგა წულაძემ მისი მეუღლის, გ. წულაძის მოკვლა გადაწყვიტა. ის თავისი მოახლის, ელენე თუშიშვილის და მდგმურის, ზვიად საყვარელიძის მეშვეობით დაუკავშირდა ზ. სოლომონიშვილს, ვინც დასთანხმდა 5 000 დოლარის სანაცვლოდ მოეკლა მისი მეუღლე. აღნიშნულმა პირებმა შეიმუშავეს გეგმა ზ. სოლომონიშვილს მიაწოდეს გ. წულაძის გადაადგილების მარშრუტი. იმავე წლის 29 აპრილს, მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზ. სოლომონიშვილი ჩაუსაფრდა გ. წულაძეს და ცეცხლსასროლი იარაღის ერთი გასროლით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. წულაძემ შესრულებული სამუშაოსთვის, სოლომონიშვილს გასამრჯელო, 5000 დოლარის ოდენობით, მკვლელობიდან მეორე დღეს გადაუხადა. ინგა წულაძეს, მეუღლის გიორგი წულაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებისათვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, უშუაოდ შემსრულებელს, ზურაბ სოლომონიშვილს უვადო პატიმრობა, ხოლო შუამავალს – ოჯახის ძიძას, ელენე თუშიშვილს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კიდევ ერთი საქმე, რომელიც გასულ წელს გაიხსნა და საქალაქო სასამართლომ განიხილა, ასევე ოჯახის წევრის მიერ შეკვეთილი მკვლელობა იყო. აღნიშნული მკვლელობა, ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს, ვინაიდან იგი ერთ–ერთი გახმაურებული და წლების მანძილზე იდუმალებით მოცული საქმე იყო. ყოფილი პარლამენტარის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილი, ზურაბ ზუბადალაშვილი 2003 წელს, სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. ამ ფაქტს წინ უსწრებდა მისი მკვლელობის მცდელობა. ზუბადალაშვილს შეიარაღებულმა პირმა საკუთარ სახლში, საძინებელ ოთახში ესროლა, ის სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. იმ დროისთვის ზუბადალაშვილი სახლში მარტო იმყოფებოდა, მისი მეუღლე კი მეზობელთან იყო გასული. მეტად საეჭვო გარემოება გახლდათ ის ფაქტი, რომ მკვლელმა სახლის კარი გახსნა და სახლში შეღწევა ისე მოახერხა, თუმცა არც სამართალდამცავებსა და არც ოჯახის წევრებს, ზუბადალაშვილის მეუღლეზე ეჭვი არ მიუტანიათ. საქმე შს სამინისტრომ გასულ წელს გახსნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, 2003 წლის 15 სექტემბერს, თეიმურაზ შარაშენიძემ, როლანდ დიღმელაშვილთნ ერთად, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ზურაბ ზუბადალაშვილი მოკლა. მათ მსხვერპლზე საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რის შედეგადაც ზუბადალაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობა სიმამრმა, რევაზ ჩაჩუამ, თეიმურაზ შარაშენიძესა და როლანდ დიღმელაშვილს შეუკვეთა. დანაშაულის შესახებ გარდაცვლილის მეუღლემ, თამარ ჩაჩუამაც იცოდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, შეკვეთის მიღების შემდეგ თეიმურაზ შარაშენიძე ზურაბ ზუბადალაშვილს ჩაუსაფრდა, მისი მიმართულებით არაერთგზის გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან საკონტროლო გასროლის განხორციელების შემდეგგ მიიმალა.
თეიმურაზ შარაშენიძეს პირველად მსჯავრი 1994 წლის 8 ივლისს, როლანდ დიღმელაშვილთან ერთად, მეტროსადგურ ,,ახმეტელის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო დაედო. მან განსაკუთრებული სისასტიკით ორი პოლიციელი მოკლა. შარაშენიძე ზუბადალაშვილის მკვლელობას არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ სცნობდა, ამიტომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი განაჩენი, უვადო თავისუფლების აღკვეთა, ძალაში დატოვა.
კიდევ ერთი, გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ყოფილ უფროსზე, დიმიტრი კორძაძეზე განხორციელდა. მკვლელობა 2010 წლის 5 მაისს, ბათუმში მოხდა. საქმე 2011 წელს გაიხსნა, 2011 წლის 13 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ.ბ. დამნაშავედ ცნო კორძაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ბ.-ს დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელი რუსი და აფხაზი ეროვნების პირები, რომლებმაც გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შეუკვეთეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით დიმიტრი კორძაძის მკვლელობა, რისთვისაც გადასცეს დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა და საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში 50000 აშშ დოლარის გადახდა აღუთქვეს.
აღნიშნული დაკვეთის მიღებისთანავე თ.ბ. დაუკავშირდა ო.რ.-ს და შესთავაზა ერთად განეხორციელებინათ აფეთქება, ხოლო აღებული ფულადი გასამრჯელო გაენაწილებინათ, რაზედაც მისგან თანხმობა მიიღო. 2010 წლის 4 მაისს, დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებული თ.ბ. და ო.რ. ჩავიდნენ ბათუმში. ღამის საათებში თ.ბ.-მ კორძაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ მის სამსახურებრივ „ტოიოტა-ჰაილუქსის" მარკის ავტომანქანაზე დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა. 2010 წლის 5 მაისს, დილის საათებში, ო.რ.-მ მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც მოჰყვა აფეთქება და კორძაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ზემოაღნიშნულ დანაშაულში მსჯავრდებულ თ.ბ.-ს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრი სამ პირს _ დ.რ.-ს, ლ.ქ.-ს და გ.გ.-ს დაედოთ, რომლებსაც საპატიმრო სასჯელები მიესაჯათ. აღნიშნული მკვლელობის უკან, შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, რაზეც გამოძიებას უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია.
0