11:21:29     23-09-2011
РПГ-7 გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი
საბჭოთა წარმოების ხელის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი РПГ-7 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ იარაღს მსოფლიოში. ის ასევე არის და ერთ-ერთ ყველაზე უფრო ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო იარაღი თანამედროვე კონფლიქტებში. სახელწოდება РПГ რუსულად იშიფრება, როგორც Ручной Противотанковый Гранатомёт. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი წინმორბედი მოდელიდან РПГ-2-დან განვითარდა, რომელიც, თავის მხრივ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის Panzerfaust-ის მიხედვით შეიქმნა.
სიმარტივემ, დაბალმა ფასმა და საკმაოდ მაღალმა ეფექტურობამ РПГ-7 ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღად აქცია. ყუმბარსატყორცნი ამჟამად ორმოცზე მეტი სხვადასხვა ქვეყნისა არმიათა შეიარაღებაში იმყოფება. რუსეთის გარდა РПГ-7 ლიცენზიურად ცხრა უცხოური ქვეყნის მიერ იწარმოება. მათ შორის არიან: ბულგარეთი, ჩინეთი, ერაყი, ირანი, რუმინეთი, პაკისტანი და სხვ. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი განსაკუთრებული პოპულარობით ტერორისტულ ორგანიზაციებსა და სხვა სახის უკანონო შეიარაღებულ ფოფრმირებებში სარგებლობს. მისი შექმნის დღიდან РПГ-7-მა დედამიწის ყველა კონტინენტზე წარმოქმნილ თითქმის ყველა კონფლიქტსა და ომში მიიღო მონაწილეობა.
საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში РПГ-7-ები 1961 წელს მიიღეს, მან მოძველებული РПГ-2-ები ჩაანაცვლა. РПГ-7-ს შეუძლია გაისროლოს, როგორც სტანდარტული, ისე ტანდემური კუმულაციურქობინიანი ტანკსაწინააღმდეგო, მსხვრევად-ფუგასური და თერმობარული ყუმბარები.
ყუმბარსატყორცნის გამშვები მილის კალიბრი 40 მმ, ხოლო სიგრძეში 95.3 სმ-ია. მისი მასა დაახლოებით 7 კილოგრამია. გამშვები მილის შუა ნაწილი ხით არის დაფარული, რაც მსროლელს გასროლისას წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურისაგან იცავს. РПГ-7-ებს ჩვეულებრივ აქვთ ოპტიკური სამიზნეები, თუმცა ამის გარდა მასზე ღია ტიპის რკინის სამიზნეებიც არის დამაგრებული. მასზე ასევე შესაძლებელია დამაგრდეს პასიური ინფრაწითელი და ღამის ხედვის აპარატურებიც.
РПГ-7-ზე ყუმბარა წინიდან მაგრდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ 40 მმ-ის კალიბრის გამშვები მილიდან გასროლილ იქნას 105 მმ კალიბრის ყუმბარებიც კი. მისი ყუმბარების მასა 2.5-დან 4.5 კგ-მდე მერყეობს. მისი გასროლა დენთის მუხტის აფეთქებით ხდება, რომელიც უკნიდან ეხრახნება და და გასროლისას მთლიანად იწვება. ყუმბარის საწყისი სიჩქარე 115 მ/წამია. გამშვები მილის დატოვების შემდეგ დაახლოებით 10-15 მეტრში ირთვება რაკეტული ძრავა, რომელიც მას 295 მ/წმ სიჩქარეს ანიჭებს. ყუმბარის სტაბილიზება ორი მასტაბილიზებელი ფრთის საშუალებით ხდება. РПГ-7-ის ქვეითსაწინააღმდეგო ყუმბარა დაახლოებით 1100 მეტრის ტოლი მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარის ფრენის მაქსიმალური მანძილი 920 მეტრია და ამ მანძილის დაფარვას ის 4.5 წამს ანდომებს.
ყუმბარსატყორცნის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებს: ПГ-7-ს, ПГ-7М-ს, ПГ-7Н-სა და ПГ-7ВЛ-ს დაახლოებით 600 მმ-ის სისქის მონოლითური ფოლადის ჯავშნის გარღვევა შეუძლიათ. მას ასევე აქვს ПГ-7ВР-ს ტიპის ტანდემური ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ყუმბარა, რომელიც დინამიკური დაცვით აღჭურვილი სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება.
გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის ეფექტური ცეცხლის მანძილი დაახლოებით 300 მეტრია მოძრავი სმიზნეების შემთხვევაში, ხოლო სტაციონარული სამიზნეების შემთხვევაში მისი სროლის ეფექტური მანძილი 500 მეტრამდე იზრდება. РПГ-7-ის შემთხვევაში ფრზა „რაც უფრო ახლოს, მით უფრო ზუსტად“ ყოველთვის ჭეშმარიტებას წარმოადგნს. ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციისას მოჯაჰიდები ყოველთვის ცდილობდნენ РПГ-7-ები 80 მეტრზე უფრო ნაკლებ მანძილზე გამოეყენებინათ. РПГ-7-ები ვიეტნამის ომში ეფექტურად გამოიყენებოდა მსუბუქად დაჯავშნული M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების წინააღმდეგ. ამ ტიპის ყუმბარსატყორცნებით აღჭურვილი ტერორისტებისაგან დაცვის მიზნით კოალიციური ძალები ერაყში ჯავშანტექნიკაზე მეტალის ცხაურებს ამაგრებენ. მეტალის ცხაურები ჯავშამანქანისკენ ნასროლი კუმულაციური ყუმბარის ამფეთქი მანამ მოჰყავს მოქმედებაში, სანამ ის უშუალოდ ჯავშანტექნიკის კორპუსს მიაღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ РПГ-7 სახმელეთო ჯავშნტექნიკის გასანადგურებლადაა შექმნილი, ის საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება საჰაერო სამიზნეების, კერძოდ კი შვეულმფრენების წინააღმდეგაც. 1994 წლის ოქტომბერში სომალის დედაქალაქ მოგადიშოში РПГ-7-ებით განადგურებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილი ორი Blackhawk-ის ტიპის შვეულმფრენი. მანამდე კი ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ადგილობრივი მუჯაჰედები ჩასაფრებებს აწყობდნენ საბჭოთა შვეულმფრენების წინააღმდეგ. როდესაც შვეულმფრენი მიწაზე დაჯდებოდა მუჯაჰიდები მას მძიმე ტყვიამფრქვევებითა და РПГ-7-ბით უხსნიდნენ ცეცხლს.
Army.ge
0