აშშ, უპილოტო თვითმფრინავებისთვის, სამხედრო ბაზებს აშენებს აშშ, უპილოტო თვითმფრინავებისთვის, სამხედრო ბაზებს აშენებს />


  14:01:00     22-09-2011

აშშ, უპილოტო თვითმფრინავებისთვის, სამხედრო ბაზებს აშენებს

a10431.jpg

ობამას ადმინისტრაცია, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, უპილოტო თვითმფრინავების საიდუმლო ბაზების ქსელის შექმნას აპირებს, რომელიც ვაშინგტონს ავღანეთსა თუ არაბეთის ნახევარკუნძულზე კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარებაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. ანონიმი ამერიკელი ჩინოვნიკის ინფორმაციით, ერთ–ერთი ბაზა ეთიოპიაში შენდება, რომელიც აშშ–ის მეკავშირეა სომალის გასამხედროებული დაჯგუფების, „ალ–შაჰაბის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დაჯგუფება ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.

მეორე ბაზა ინდოეთის ოკეანეში მდებარე სეიშელის კუნძულებზე აიგება. აქ მცირე ხნის წინ, უპილოტო „მონადირე–გამანადგურებლების“ მცირე ფლოტი უკვე ამოქმედდა. პრაქტიკაში უკვე დადასტურებულია, რომ სეიშელის უპილოტოებს სომალის ცის გაკონტროლება და პატრულირება ეფექტურად შეუძლიათ. გამოცემის ინფორმაციითვე, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, საიდუმლო აეროდრომს არაბეთის ნახევარკუნძულზეც აშენებს, რომელიც იემენს და მის მიმდებარე ტერიტორიას გააკონტროლებს.    

უპილოტოების ექსპანსია, „ვაშინგტონ პოსტის“ ანალიტიკოსების აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სულ უფრო მეტად აშფოთებს „ალ ქაიდას“ მეკავშირეების „მოღვაწეობა“ იემენსა და სომალიში. ცნობილია, რომ აშშ ასეთ აპარატებს მინიმუმ ექვს ქვეყანაში იყენებს: ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, პაკისტანში, სომალისა და იემენში. როგორც ახლა ირკვევა, ვაშინგტონი მათი მოქმედების არეალის გაფართოებაზე ფიქრობს. გაზეთი იმასაც იუწყება, რომ ეს საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე რამდენიმე წელია რაც განიხილება.

„ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის კომენტირებაზე, თეთრმა სახლმა თავი შეიკავა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, მცირე ხნით ადრე გამოტყდა იმაში, რომ სეიშელზე უპილოტო აპარატები განათავსა, მაგრამ მაშინ ამის მიზეზად მეკობრეებთან ბრძოლა დასახელდა.        

0

ავტორი: