13:14:07     22-09-2011
დოროთი პარკერის „შავი და თეთრი“
ცნობილი ამერიკელი პოეტი და მწერალი ქალი დოროთი პარკერი (Dorothy Parker) დაიბადა 1893 წლის 22 აგვისტოს ლონგ-ბიჩზე, ნიუ-ჯერსის შტატში. მისი ნამდვილი სახელია დოროთი როტშილდი. ოჯახი ებრაული წარმოშობის იყო.
რთული ბავშვობა ჰქონია. სწავლობდა ნიუ-ორკში. 1916 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა გაზეთებში, როგორც ფელეტონისტი და ლიტერატურული მიმომხილველი. შემდეგ გადავიდა ჰოლივუდში, სადაც სცენარებს წერდა. ორჯერ იყო „ოსკარზე“ ნომინირებული, მაგრამ მერე თავისი მემარცხენე იდეების გამო მოxხვდა ჰოლივიდის „შავ სიაში“.
სამჯერ იყო გათხოვილი. მათ შორის ორჯერ ერთსადაიმავე ადამიანზე. რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. მიეძალა ალკოჰოლს.
1944 წელს გამოვიდა ალან რუდოლფის მხატვრული ფილმი „მისის პარკერი და მაკიერი წრე“. ფილმი დოროთი პარკერის წარმატებებისა და ცხოვრებისეული სირთულეები შესახებ, რომელმაც უამრავი ჭორი გააბათილა. დოტის როლი შესანიშნავად შეასრულა ჯენიფერ ჯეისონ ლიმ.
დოროთი პარკერი არის დახვეწილი, ფსიქოლოგიური ნოველების და ლიტერატურული პაროდიების ცნობილი ავტორი.
დოტის ლექსების კრებულებია: „მზე ჩადის“ (1928), „სიკვდილი და განსაცდელი“ (1931), „არც ისე ღრმა, როგორც ჭა“ (1936). გამოვიდა მისი ნოველების სამი წიგნი: „მოთქმა ცოცხლებზე“ (1930), „ასეთი სიამოვნების შემდეგ“ (1933) და „აქ განისვენებს“.
წინამდებარე ნოველა „შავი და თეთრი“ (Arrangement in Black and White) პირველად გამოქვეყნდა კრებულში „აქ განისვენებს“.
დოროთ პარკერი გარდაიცვალა 1967 წლის 7 ივნისს.
წინამდებარე ნოველა წარმოგვიდგენს ადამიანს, რომლის მსგავსაც ბევრი შევხვედივართ, ალბათ. სულელი, რომელსაც უნდა კეთილშობილად მოგვაჩვენოს თავი. ვითომდა ჰუმანისტი, სინამდვილეში მაინც რასისტი. მოლაყბე, მატრაკვეცა. თან თავისი თავისადმიც რომ არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ: „აუტანელი ვარ, არა?“... რას არ გააკეთებენ ქმრის გასაღიზიანებლად...
შავი და თეთრი
(თარგმნა ე. ფაღავამ)
ქალს ოქროსფრად შეღებილ თმაზე ვარდისფერი ხავერდის ყაყაჩოებიანი ქუდი ეხურა. მან უცნაური, მხტუნავი და თანაც გვერდელა სიარულით ხალხით სავსე ოთახი გადაკვეთა და მასპინძელს გამხდარ მკლავში ჩაავლო ხელი.
- ახლა კი ჩაგიგდეთ ხელში! - თქვა მან. - ახლა ვეღარსად წამიხვალთ!
- ო, გამარჯობათ, - უთხრა მასპინძელმა. - როგორ ბრძანდებით?
- მშვენივრად, - თქვა ქალმა. - შესანიშნავად. ყური მიგდეთ. მე მინდა ერთი არაჩვეულებრივად დიდი სამსახური გამიწიოთ. შეგიძლიათ? ძალიან გთხოვთ! გემუდარებით!
- რა არის ასეთი? - იკითხა მასპინძელმა.
- ყური მიგდეთ, - თქვა ქალმა. - მე მინდა უოლტერ უილიამსი გავიცნო. სინდისს გეფიცებით, გაგიჟებული ვარ ამ კაცზე. ო, როგორ მღერის! როგორ მღერის იმ სასულიერო სიმღერებს! ბერტონს ვუთხარი, გიხაროდეს, რომ უოლტერ უილიამსი ფერადკანიანია, თორემ უამრავი მიზეზი გექნებოდა საეჭვიანოდ-მეთქი. ძალიან მინდა მისი გაცნობა, მინდა ვუთხრა, რომ მოვისმინე მისი სიმღერა. ხომ გამაცნობთ? ძალიან გთხოვთ.
- რასაკვირველია, - თქვა მასპინძელმა. - მე მეგონა, იცნობდით. ეს საღამო მის პატივსაცემად მოვაწყვე. ხომ არ იცით, სად არის?
- წიგნის კარადასთან დგას, - თქვა ქალმა. - დავაცადოთ, სამან იმ ხალხთან მოათავებდეს ლაპარაკს. ო, ჩემის აზრით, თქვან შესანიშნავი ვინმე ხართ, რომ ეს შესანიშნავი საღამო მოაწყვეთ მისთვის და საშუალება მიეცით ამდენ თეთრ ადამიანს შეხვედროდა. განა მადლობელი არ არის?
- იმედი მაქვს, რომ არა, - თქვა მასპინძელმა.
- ჩემის აზრით, ეს მართლაც შესანიშნავია, - თქვა ქალმა. - ჭეშმარიტად შესანიშნავი. არ მესმის, რატომ არის მიუღებელი ფერადკანიანების გაცნობა. მე სულაც არა ვარ ამის წინააღმდეგი, ოდნავაც არა. ბერტონი კი - სრულიად საპირისპირო აზრისაა ამაზე. ხომ იცით, იგი წარმოშობით ვირჯინიიდან არის და, მოგეხსენებათ, ვირჯინიელები როგორები არიან.
- აქ არის ამ საღამოს? - იკითხა მასპინძელმა.
- არა. არ შეეძლო მოსვლა, - უპასუხა ქალმა. - დღეს თავისუფალი ვარ. წამოსვლისას ვუთხარი, პასუხს არ ვაგებ ჩემს საქციელზე-მეთქი, სწორედ ასე ვუთხარი. ისეთი დაღლილი იყო, განძრევა არ შეეძლო. განა ეს სამარცხვინო არ არის?
- ო, - თქვა მასპინძელმა.
- მაშინ ნახეთ, რა მოუვა, როცა ვეტყვი, რომ უოლტერ უილიამსი გავიცანი-მეთქი! - თქვა ქალმა, - მოკვდება. ო, ჩვენ ძალიან ხშირად ვკამათობთ ფერადკანიანი ხალხის გამო. ისე ავღელდები ხოლმე, რომ არც კი ვიცი, როგორ ველაპარაკები. ო, ნუ ხარ ასეთი სულელი-მეთქი, ვეუბნები. მაგრამ ბერტონის სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ მას გაცილებით უფრო მოწინავე აზრები აქვს, ვიდრე ძალიან ბევრ სამხრეთელს. საშინლად უყვარს ფერადკანიანები. როგორც თვითონ ამბობს, თეთრს მსახურად არასდროს აიყვანს. იცით, მას ბებერი ფერადკანიანი აღმზრდელი ყავდა, ნამდვილი ზანგი ქალი და ძალიანაც უყვარს. როდესაც კი შინ ბრუნდება, სამზარეულოში გადის მის სანახავად. მართალს გეუბნებით. დღემდე აკეთებს ამას. ამბობს, რომ მას ფერადკანიანების საწინააღმდეგო არაფერი აქვს მანამდე, სანამ მათ თავიანთი ადგილი იციან. ყოველთვის ეხმარება მათ - ტანსაცმელს აძლევს და ბევრ სხვა რამეს. ერთ რამეს კი არსოდეს არ იზამს, მილიონი დოლარიც რომ მისცენ, ზანგთან ერთად მაგიდას არ მიუჯდება.
- ო, - ვეუბნები, - შენი ლაპარაკი მაგიჟებს-მეთქი. საშინლად ვეჩხუბები ხოლმე. აუტანელი ვარ, არა?
- ო, არა, არა, - თქვა მასპინძელმა. - არა.
- როგორ არა, ვარ, - თქვა ქალმა. - ვიცი, რომ ვარ. საბრალო ბერტონი! მე კი სულ არა ვარ ასე განწყობილი. ოდნავადაც არა ვარ ფერადკანიანების წინააღმდეგი. ზოგიერთებზე პირდაპირ ვგიჟდები. სულ ბავშვივით დამყოლნი არიან. ყოველთვის მღერიან და იცინიან. განა მათზე ბედნიერი ვინმე გინახავთ თქვენს სიცოცხლეში? სინდისს გეფიცებით, სიცილს ვერ ვიკავებ ხოლმე, როცა მათ ვუსმენ. ო, მე მომწონს ისინი. ნამდვილად მომწონს. ახლა, ყური მიგდეთ, მე მყავს ზანგი მრეცხავი, ძალიან დიდი ხანია და ძალიანაც მიყვარს. მეტისმეტად თავისებური ადამიანია, და მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეგობრად მიმაჩნია. ბერტონსაც ვეუბნები ხოლმე, ყველანი ადამიანები ვართ-მეთქი. განა მართალი არა ვარ?
- დიახ, - თქვა მასპინძელმა. - დიახ, მართალი ბრძანდებით.
- რაც შეეხება ამ უოლტერ უილიამსს, - თქვა ქალმა, - ვფიქრობ, ასეთი ადამიანი ჭეშმარიტი ხელოვანია. ჩემის აზრით, იგი დიდი პატივისცემის ღირსია. ღმერთო ჩემო, მე იმდენად ვგიჟდები მუსიკაზე და ასეთ რაღაცეებზე, რომ სრულიად არ მაინტერესებს მისი კანის ფერი. მე გულწრფელად მიმაჩნია, რომ თუ კაცი ხელოვანია, არავის არ უნდა ეთაკილებოდეს მასთან შეხვედრა. სწორედ ამას ვეუბნები ბერტონს. განა მართალი არა ვარ?
- რა თქმა უნდა, მართალი ხართ, - უთხრა მასპინძელმა.
- ასეთია ჩემი შეხედულება, - თქვა ქალმა. - სრულიად არ მესმის, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასეთი გონებაშეზღუდულები იყვნენ. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ უოლტერ უილიამსისთანა კაცის გაცნობა დიდი პატივია. დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ. სრულიად არაფერი არა მაქვს მათი საწინააღმდეგო. ღმერთო ჩემო, მამაზეციერმა შექმნა იგი ისევე, როგორც ყოველი ჩვენგანი. ასე არ არის?
- რა საკვირველია, - მიუგო მასპინძელმა. სწორედ ასეა.
- მეც მაგას ვამბობ, - თქვა ქალმა. - მე საშინლად ვბრაზდები, როცა ადამიანები გონებაშეზღუდულობას იჩენენ ფერადკანიანების საკითხში. ამის მეტი არაფერი შემიძლია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, თუ უზნეო ფერადკანიანი შეგხვდათ, მასზე უარესს ვერც წარმოიდგენთ. მაგრამ, როგორც ბერტონსაც ვეუბნები ხოლმე, სრულიად არაფერი მაქვს მათი საწინააღმდეგო. ო, როგორ მღერის! განა საოცარი არ არის, რომ ყველა მათგანს ასეთი მიდრეკილება აქვს მუსიკისადმი? თითქოს მუსიკა სულში აქვთ. წამოდით, მივიდეთ მასთან და ვილაპარაკოთ. ყური მიგდეთ, რა უნდა ვქნა, როცა წარმადგენთ? ხელი უნდა ჩამოვართვა? თუ რა ვქნა?
- მოიქეცით, როგორც გსურთ, - თქვა მასპინძელმა.
- მგონი სჯობს ხელი ჩამოვართვა, - თქვა ქალმა. - არავითარ შემთხვევაში არ მინდა ვაფიქრებინო, რომ მეთაკილება. მე ვფიქრობ, სჯობს, რომ ხელი ჩამოვართვა, როგორც ყველა სხვას ჩამოვართმევდი. სწორედ ასე მოვიქცევი.
ისინი მიუახლოვდნენ მაღალ ახალგაზრდა ზანგს, რომელიც წიგნის კარადასთან იდგა. მასპინძელმა სტუმრები ერთმანეთს წარუდგინა, ზანგმა ქალს თავი დაუკრა.
- გამარჯობათ, - თქვა მან.
ვარდისფერყაყაჩოებიანმა ქალმა სიგრძეზე გაიწოდა ხელი და ასე ეჭირა ყველას დასანახად, სანამ ზანგმა არ ჩამოართვა.
- ო, გამარჯობათ, მისტერ უილიამს, - თქვა ქალმა. - გამარჯობათ. სწორეს ახლა ვამბობდი, როგორი სიამოვნება განმაცდევინა თქვანმა სიმღერამ. მე დავესწარი თქვენს კონცერტებს, ჩვენ გვაქვს თქვენი ჩანაწერებიც მაგნიტოფონზე. ო, მე ძალიან მომწონს ისინი.
ქალი ძალიან მკაფიოდ ლაპარაკობდა, ისე დაბეჯითებით ამოძრავებდა ტუჩებს, თითქოს ყრუს ესაუბრებოდა.
- ძალიამ მიხარია, - თქვა ზანგმა.
- ლამის გამაგიჟოს „წყლის ბიჭუნამ“, რომელსაც თქვენ მღერით, - თქვა ქალმა. - სინდისს გეფიცებით, სულ ყურებში მიდგას. ჩემი ქმარი ნამდვილად გადავრიე. რადგან დღედაღამ, ვზუზუნებ ამ მელოდიას. ო, როგორი შავია! მითხარით, სად პოულობთ ასეთ სიმღერებს? როგორ ახერხებთ მათ ხელში ჩაგდებას?
- რა მოგახსენოთ, - თქვა ზანგმა, - იმდენი სხვადასხვა სიმღერა არსებობს...
- მე ვფიქრობ, თქვენ სიამოვნებით მღერით მათ, - თქვა ქალმა. ალბათ გეხალისებათ კიდეც. ო, როგორ მომწონს ის შესანიშნავი ძველი სასულიერო სიმღერები. სხვათა შორის, რას აკეთებთ ახლა? ისევ განაგრძობთ სიმღერას? ხომ არ გამოხვალთ კონცერტზე ისევ ამ მოკლე ხანში?
- ამ თვის თექვსმეტში გამოვალ, - თქვა ზანგმა.
- ო, მე მოვალ, - თქვა ქალმა, - თუ შევძლებ, მოვალ, ჩემი იმედი გქონდეთ. ღმერთო ჩემო, ზღვა ხალხი მოდის თქვენთან სალაპარაკოდ. ნამდვილად საპატიო სტუმარი ხართ. ო, ვინ არის ის თეთრკაბიანი გოგონა? სადღაც მინახავს.
- კეტრინ ბერკი გახლავთ, - თქვა მასპინძელმა.
- ღმერთო ძლიერო, - თქვა ქალმა, ნუთუ ეს კეტრინ ბერკია? სცენაზე სულ სხვანაირია. მე მეგონა, გაცილებით უფრო ლამაზი იყო. ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი მუქი კანი ჰქონდა. ისეთი შავია, თითქოს... ო, მე ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი მსახიობია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მისტერ უილიამს, განა შესანიშნავი მსახიობი არ არის? ო, მე ვფიქრობ, რომ ის საოცრებაა. თქვენ?
- დიახ, - მიუგო ვაჟმა.
- მეც, - თქვა ქალმა, - შესანიშნავია. ღმერთო ჩემო, ჩვენ სხვასაც უნდა მივცეთ საშუალება საპატიო სტუმარს ელაპარაკოს. არ დაგავიწყდეთ, მისტერ უილიამს, თუ შევძლებ, აუცილებლად მოვალ თქვენს კონცერტზე. მოვალ და ტაშს დაგიკრავთ. და თუ მოსვლა ვერ შევძელი, ყველა ნაცნობს ვეტყვი, რომ მოვიდნენ. არ დაგავიწყდეთ.
- არ დამავიწყდება, შეჰპირდა ვაჟი. - დიდად გმადლობთ.
მასპინძელმა ქალს მკლავში ხელი მოჰკიდა და მეორე ოთახში გაუძღვა.
- ო, ჩემო ძვირფასო, - თქვა ქალმა, - კინაღამ მოვკვდი! სინდისს გეფიცებით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, კინაღამ სული დავლიე. გაიგონეთ, რა საშინელება დამემართა? კინაღამ ვთქვი, რომ კეტრინ ბერკი ზანგს ჰგავს-მეთქი, დროზე შევიკავე თავი. როგორ გგონიათ, შეამჩნია?
- არ მგონია, - დაამშვიდა მასპინძელმა.
- მადლობა ღმერთს, - თქვა ქალმა; - იმიტომ რომ, სულაც არ მინდოდა მისი უხერხულ მდგომერეობაში ჩაყენება. ძალიან სიმპათიურია, რამდენადაც კი მშვენიერი მანერები აქვს და სხვა. ხომ იცით, ფერადკანიანების უმრავლესობა, თუ მუხლებზე დაისვამ, თავზე აგაცოცდება. მას კი ასეთი რამ ვერ შევამჩნიე. ჩემის აზრით, უფრო ჭკვიანია. მართლაც ძალიან სიმპათიურია. არ მეთანხმებით?
- დიახ, როგორ არა, - თქვა მასპინძელმა.
- მომეწონა, - თქვა ქალმა. - არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო, როგორც ფერადკანიანის. ისევე თავისუფლად ვგრძნობდი თავს მასთან, როგორც ყველა სხვასთან ვიგრძნობდი. ისევე თავისუფლად ველაპარაკებოდი. მაგრამ, სინდისს გეფიცებით, სიცილს ვერ ძლივს ვიკავებდი. ბერტონზე ვფიქრობდი. უნდა ნახოთ, რას იზამს, როცა ვეტყვი, რომ ზანგს „მისტერი“ დავუძახე!
0