13:13:11     22-09-2011
იოსებ ბაქრაძის „მე ქართველი ვარ!“
ქართველი პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე ბაქრაძე დაიბადა 1850 წლის 1 (ახალი სტილით 14) თებერვალს სოფელ არბოში, გორთან ახლოს.
ის გახლდათ ნიკო ლომოურის დეიდაშვილი და მამით ადრე დაობლებული იზრდებოდა მათ ოჯახში.მწერლობა 1870-იანი წლებიდან დაიწყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია სამშობლოს სიყვარულითა და უბრალო, მშრომელი ადამიანებისადმი პატივისცემით. რუსულიდან თარგმნიდა ვალტერ სკოტის, ჯორჯ ბაირონის, ფრიდრიხ შილერის და სხვათა თხზულებებს.
თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: : დროება“, „ივერია“, „მნათობი“, „კვალი“, სადაც გარდა ლექსებისა და თარგმანებისა აქვეყნებდა წერილებსაც. მოღვაწეობდა ქართველ ხალხოსნებთან ერთად. ზრუნავდა ქართული თეატრის რეპერტუარის გამდიდრებისათვის.
ბაქრაძის ზოგი ორიგინალური თუ თარგმნილი ლექსი - "მე ქართველი ვარ!", "სიმღერა" ("არც სახლი მაქვს, არც კარი"), ჰაინეს "ტურფავ, ტურფავ" და სხვა ხალხურ სიმღერებად იქცა. ბაქრაძის ფსევდონიმებია "ი. ელაქიძე", "ი. ოქრიაშვილი", "გ. თენაძე", "გ. ციმაკურიძე".
იოსებ ბაქრაძე გარდაიცვალა 1904 წლის 14 (27) მაისს თბილისში.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ მის ორ ლექსს. სავარაუდოდ, მეორე ლექსიც სამშობლოსადმი აქვს მიძღვნილი ავტორს.
მე ქართველი ვარ
მე ქართველი ვარ! ჩემი სამშობლო
ორ ზღვას შუაა გადაჭიმული;
თუმც პატარაა, მაგრამ ბუნებით
ყოვლის სიმდიდრით არის შემკული.
მის დიდროვანი მაღალი მთები
შეხეთ, თითქოს ცას ებჯინებიან
და იქიდამა ტურფა ქვეყანას
ამაყურათა თავს დასცქერიან:
მე ქართველი ვარ! მთალად ქართველობა
რაღაც ღრმა ძილში არის ჩაფლული
და მამულისთვის არა ღელდება
გაქვავებული იმისი გული!
როს ვაკვიდები ჩვენს ამგვარ ყოფას,
სული და გული კვნესას დამიწყებს,
მაგრამ იმედი, ისევ იმედი
სულით მაშვრალსა მარად მამხნევებს.
მე ქართველი ვარ! მრწამს, რომ ოდესმე
წავა, გაივლის ეს დრო ძილისა
და დღესა თუ ხვალ, უეჭველათა,
გამობრწყინდება მზე მომავლისა.
მე ქართველი ვარ! მაგრამ მითხარით:
აწ რაღა არის კაცი ქართველი?
ის იმყოფება სიბნელეშია
და თვალებს სჭვალავს დღისა ნათელი.
აქ აღარ ისმის ხმა ცხოვრებისა,
მის შიშით მტრები აღარა თრთიან
და თვითონ ჩვენი ღვიძლი მოძმენი
სოცოცხლეშივე საფლავს გვითხრიან!
(1873)
* * *
როდესაც გული კვნესას დამიწყებს
და სახე ჭმუნვით შემემოსება,
შენ ესა, სატრფოვ, ნუ შეგაშინებს,
ნუ მკითხავ, თუ რა მაქვს მწუხარება.
ტანჯვასა გული არის ჩვეული,
ვერა-რას უზამს მას მწუხარება:
ოღონდ შენ გნახო გაღიმებული,
ჭმუნვა სახიდან მსწრაფლ გადმეყრება!...
(1878)