რისთვის იწრთობოდა კაზაკი... რისთვის იწრთობოდა კაზაკი... />


  23:06:22     21-09-2011

რისთვის იწრთობოდა კაზაკი...

a10393.jpg

კაზაკებმა კოდორის ხეობაში სამხედრო სწავლება ჩაატარეს. ყუბანის კაზაკთა შავიზღვისპირეთის დანაყოფის 200-მდე მეომარმა გეგმიური ყოველწლიური წრთვნა გაიარა. მასში მონაწილეობდნენ სოჭის, ადლერის, ლაზარევსკის, ტუაფსესა და გელენჯიკის კაზაკები. მათი მეთაურის იგორ პოტეხინის განცხადებით, კოდორის ხეობა სამხედრო სწავლებისათვის შემთხვევით არ შეურჩევიათ: აქაური პირობები მაქსიმალურად შეესაბამება ბრძოლის ველს, რადგან 2008 წლის შემდეგ არაფერი აღდგენილა. ამიტომ, კაზაკებისათვის, ხელოვნური სამიზნეების მოწყობაც არ წარმოადგენდა საჭიროებას. პოტეხინის თქმით, მათ ამისთვის კარგად გამოიყენეს მწყემსების ქოხები და ნანგრევებად ქცეული კიდევ სხვა ობიექტები. თანაც, აფხაზეთის გარემო, კაზაკებისათვის უცხო არ არის, რადგან ომის პერიოდში ქართველების წინააღმდეგ, სხვადასხვა მონაცემებით, 3-დან 5 ათასამდე კაზაკი იბრძოდა.

16-18 სექტემბერს ჩატარებული წრთვნების „საარტილერიო მენიუ” საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. 4-4 საათის განმავლობაში ისროდნენ ყუმბართმტყორცნ “რპგ-9”-დან და ტყვიამფრქვევიდან. ღონისძიების ორგანიზებაში კაზაკებს დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ. ბოლოს კი გადაწყდა, რომ სწავლება უკვე არა წელიწადში ერთხელ, არამედ ორჯერ ჩატარდება.  მომდევო წრთვნა უკვე ნოემბერშია დანიშნული.

„კაზაკები ძალიან მოძლიერდნენ, ყველგან აფიქსირებენ თავს, ყველა ღონისძიებაზე დადიან” – ამბობენ აფხაზეთში, თუმცა ეშინიათ მათი თუ მართლაც სცემენ პატივს საბრძოლო „დამსახურებების” გამო, ძნელი სათქმელია.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ კავკასიის დასამორჩილებლად, ერთ-ერთ ძალად, რუსეთს სწორედ კაზაკები ესახება. თავის დროზე, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კაზაკებს სტრატეგიული ფუნქცია განუსაზღვრა, - სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში წესრიგის უზრუნველყოფისა: „სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი რიგზე არ არის, ამიტომ კარგია, რომ იქ, კაზაკები ტერიტორიულად გამაგრდნენ, რათა გაძლიერდეს რუსულენოვანი მოსახლეობა” – განაცხადა ხლოპონინმა და ერთგული სამსახურის სანაცვლოდ, კაზაკებს მიწები შესთავაზა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა მზადყოფნა სამინისტროს ფონდში არსებული გაუნაწილებელი მიწის ფონდი კაზაკების სასარგებლოდ განკარგოს, „თუმცა კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების სანაცვლოდ.”

აქვთ თუ არა ეს „კონკრეტული პროექტი” კოდორის ხეობაში წრთვნაგავლილ კაზაკებს, ძნელი სთქმელია, თუმცა არაერთხელ აღინიშნა, რომ კაზაკებს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შესაბამისი როლი დაეკისრებათ. ამასთან, აფხაზებიც კავკასიელები არიან და ყელმოღერებული და მოძლიერებული კაზაკები არც მათ „აწყენდათ,” მით უმეტეს, რომ კრემლის პოზიციები აქაც გასამყარებელია, განსახვავებით ცხინვალის რეგიონისგან, რომლის ლიდერმაც ცოტა ხნის წინ თავად მიიპატიჟა კაზაკები ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასამკვიდრებლად.

0

ავტორი: