11:40:17     21-09-2011
FN P90 - პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
ბელგიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ FN P90-ზე მუშაობა, როგორც პერსონალური თავდაცვის იარაღზე, 1980-იანი წლების მიწურულს დაიწყო და ის განკუთვნილი იყო იმ სამხედროებისათვის, რომელთა შეიარაღებაშიც ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო გათვალისწინებული, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიც არიან ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის ეკიპაჟის წევრები, საარტილერიო საშუალებათა გათვლები და სხვა.
ჩვეულებრივი პისტოლეტები და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები გათვლილია იმ ვაზნებისათვის, რომლებსაც არ ძალუძთ მოწინააღმდეგის ჯავშანჟილეტებით აღჭურვილი ჯარისკაცების მწყობრიდან გამოყვანა. აქედან გამომდინარე ბელგიური კომპანიის - FN-ის (Fabrique Nationale) კონსტრუქტორებმა პირველად შექმნეს უახლესი წვრილკალიბრიანი ვაზნა, რომლის ტყვიასაც მაღალი ჯავშანგამტანობა ახასიათებდა. ამ ვაზნას თავდაპირველად SS90 ეწოდა. იმისათვის, რომ მიეღწიათ ტყვიის მაღალი გამოჭოლუნარიანობისათვის და ამავე დროს შეემცირებინათ იარაღის გასროლისას წარმოქმნილი უკუცემა, FN-ის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ გამოეყენებინა მცირეკალიბრიანი ვაზნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ვაზნების შექმნის მცდელობა მანამდე სხვა არაერთ ქვეყანასაც ჰქონია, ამაში კი განსაკუთრებით მოწადინებული ამერიკის შეერთებულ შტატები იყო. რამდენიმე ათწლეულით ადრე, 1950-იანი წლების ბოლოს, შეერთებულ შტატებში გამოცდებს გადიოდა M1-ის ტიპის კარაბინები, რომლებიც შეთავსებადნი იყვნენ .221 Johnson Spitfire-ის ტიპის ვაზნებთან. მოგვიანებით კი სახელგანთქმულმა კომპანიამ - Colt-მა საკუთარი .22 SCAMP-ისა და 5.6 x 30 MARS-ის ტიპის ვაზნების წარმოება დაიწყო, რომლებიც შესაბამისად SCAMP-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტისა და MARS-ის ტიპის მცირე ზომის საიერიშო შაშხანისათვის იქმნებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, 5.7 x 28 FN SS90-ის ტიპის ვაზნა ამერიკული MARS-ის ტიპის 5.6 x 30 მმ კალიბრის ვაზნის მიხედვით შეიქმნა, თუმცა SS90 თავის წინამორბედთან შედარებით მცირედით მსუბუქი და გაცილებით უფრო სწრაფია.
1980-იანი წლების ბოლოს კონცეფცია მცირეკალიბრიანი, მცირეუკუცემისა და მაღალი სიზუსტის მქონე პერსონალური თავდაცვის იარაღის შესახებ, რომლის ცეცხლის ეფექტური, მომაკვდინებელი მანძილი 200-250 მეტრი ან უფრო უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ის მოიცავდა: იარაღს უნდა ჰქონოდა მინიმალური ზომები, უნდა ყოფილიყო მსუბუქი, ადვილი მოსახმარი, უნდა ჰქონოდა დიდი მოცულობის მქონე მჭიდი და მართვის ხელსაწყოები მის ორივე მხარეს უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. ამ დროისათვის მსგავსი იარაღი არ არსებობდა, რის გამოც კომპანია FN-ის სპეციალისტებს ახალი პერსონალური თავდაცვის იარაღის დპროექტება სუფთა ფურცლიდან მოუხდათ. ამ პროექტმა თავდაპირველად სახელწოდება „პროექტი 9.0“ მიიღო.
იმისათვის, რომ იარაღი ყოფილიყო მცირე ზომისა და წონის, FN-ის კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს, რომ ის „ბულპაპის“ სქემით შეექმნათ და მასში ფართოდ გამოეყენებინათ მდგადი პოლიმერული მასალები. იარაღის დიდი მოცულობის მქონე მჭიდი ნახევრად-გამჭირვალე პოლიმერული მასალისაგან არის დამზადებული, რაც არა მხოლოდ ამცირებს იარაღის საერთო მასას, არამედ, ამავდროულად, მსროლელს ვაზნების რაოდენობის კონტროლის საშუალებასაც აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი „ბულპაპის“ სქემითაა შექმნილი, მისი მჭიდი არა სასხლეტის უკან, როგორც ჩვეულებრივი „ბულპაპის“ სქემის იარაღებში გვხვდება, არამედ ლულის თავზეა მოთავსებული და მასში 5.7 x 28 მილიმეტრი კალიბრის 50 ვაზნა ეტევა. ისინი ორ რიგად, ლულის პერპენდიკულარულად არიან განთავსებულნი, სწორედ ამის გამო მჭიდის თავში დამონტაჟებულია სპეციალური მექანიზმი, რომელიც ვაზნის 90 გრადუსით მობრუნებას უზრუნველყოფს, სალულეში მიწოდებამდე.
იმისათვის, რომ იარაღი ცაციებისთვისაც მოსახერხებელი ყოფილიყო, მისი კონტროლის მექანიზმები მის ორივე მხარეს არის განთავსებული, მაგალითად ისეთი, როგორიცაა გადატენვის სახელური. ხოლო იმისათვის, რომ იარაღი მარტივად დასამიზნებელი ყოფილიყო, მასზე დამონტაჟებულია ინტეგრირებული კოლიმეტრული სამიზნე, ის ასევე აღჭურვილია ინტეგრირებული ლაზერული დამიზნების მოდული.
იარაღი დასრულებული სახით 1990 წელს გამოჩნდა, როგორც FN P90 - პერსონალური დაცვის იარაღი. მასში SS90-ის ტიპის ვაზნის ნცვლად გაუმჯოებესებული 5.7 x 28 მმ კალიბრის SS190-ის ტიპის ვაზნები გამოიყენებოდა. წინა მოდელისაგან განსხვავებით ახალი ვაზნის გულა ფოლადისაგან იყო დამზადებული, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებდა ტყვიის გამჭოლუნარიანობას და უფრო ეფექტურადაც გამოიყენებოდა ჯავშანჟილეტების წინააღმდეგ. იარაღისათვის ასევე შეიქმნა მრავალი სხვადასხვა ტიპის ვაზნებიც, მათ შორის ტრასირებადი, ქვებგერითი, სასწავლო და სხვა.
P90-ის ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების პირველი ოპერატორი საუდის არაბეთი იყო, რომელმაც P90-ები 1990-იანი წლების დასაწყისში შეისყიდა. ამჟამად კი ცნობილია, რომ კომპანია FN-მა 20 000 ერთეულზე მეტი P90-ის ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გაყდა, მისი შექმნიდან დღემდე. იარაღი მრავალი ქვეყნის სპეციალური დანიშნულების ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების შეიარაღებაში იმყოფება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, ავსტრიის არმიის რეინჯერების, ჰოლანდიური BBE სპეციალური დანიშნულების ძალების, ბელგიის არმიისა და სხვა მრავალის.
1995 წლისათვის კომპანია FN-მა ასევე შექმნა პისტოლეტი, რომელიც გათვლილი იყო P90-ის 5.7 x 28 მილიმეტრი კალიბრის ვაზნაზე, ამ პისტოლეტს სახელწოდება - FN Five-seveN-ი სწორედ ვაზნის კალიბრიდან გამომდინარე ეწოდა. მალე FN-მა ასევე დაიწყო P90-ის ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სამოქალაქო ვარიანტის წარმოებაც და მას სახელწოდება PS90 ეწოდა. სამოქალაქო მოდელი არა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, არამედ კარაბინი გახლდათ, ის თვითდამტენი იყო და დაგრძელებული, 408 მილიმეტრი სიგრძის ლულა ჰქონდა.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ FN P90-ის ავტომატიკა თავისუფალი საკეტის პრინციპზეა დაფუძნებული. იარაღზე შესაძლებელია ცეცხლის წარმოების რეჟიმის არჩევა. გასროლილი მასრები არა გვერდებიდან, არამედ იარაღის ქვემოდან გამოიდევნება. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე სტანდარტული ვერსიის გარდა, რომელიც კოლიმეტრული სამიზნითა და ლაზერული მომნიშვნელით არის აღჭურვილი, არსებობს იარაღის ე.წ. P90 USG ვერსია, რომელზედაც Picatinny rails-ის ტიპის ორი დამატებითი მიმმართველია დამონტაჟებული, რომელზედაც სხვადასხვა ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის დამაგრებაა შესაძლებელი. სპეციალური დავალებებისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ P90-ზე შესაძლებელია მაყუჩის დამონტაჟებაც, რომელიც სპეციალურ ქვებგერით ტყვიებთან ერთად გამოიყენება და გასროლისას გამოყოფილ ხმას მნიშვნელოვნად ამცირებს.
Army.ge
0