მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის გოგონა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის გოგონა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს />


  17:50:18     20-09-2011

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის გოგონა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

a10334.jpg

ხვალ, 13:00 სთ–ზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ, 15 წლის გოგონას საჩივრის განხილვას იწყებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებულ ელენე ჯ-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.  საქმის მასალების მიხედვით: ,,2010 წლის 04 სექტემბრიდან ელენე ჯ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კახაბერ ვ.-სთან, რომელიც მან ე.წ. ,,სკაიპის’’ საშუალებით გაიცნო.  თანაცხოვრების პერიოდში, რომელიც შეუღლებიდან დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდა, ხშირი იყო კონფლიქტური სიტუაციები. 2010 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, მორიგი კამათის დროს,  ქმარზე განაწყენებულმა ელენე ჯ.-მ საკუთარი მშობლების სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. კახა ვ.-მ მეუღლეს სახლიდან წასვლის უფლება არ მისცა, რის გამოც მათ შორის დაწყებული კამათი ცხარე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.  ჩხუბის დროს ელენე ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, კახაბერ ვ.-ს სამზარეულოს დანით  გულმკერდის მარცხენა არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.  კახაბერ ვ. მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა. 

ბრალდებულმა ელენე ჯ.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და ღია სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი მეუღლე - კახაბერ ვ. მუდმივად ეჭვიანობდა და მას მეგობრებთან მობილური ტელეფონით კონტაქტს  უკრძალავდა. სწორედ ამ მიზეზით, მეუღლის ოჯახმა ელენეს ახალი სიმბარათი გადასცა. ქმრის აკძალვის მიუხედავად, ელენე ჯ. მაინც ახერხებდა თავის ძველ მეგობართან, გიორგი ხ.-სთან დაკონტაქტებას. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე და შვილი ჰყავდა, 15 წლის ბრალდებულს  მეუღლესთან განქორწინებას და მასთან თანაცხოვრებას ჰპირდებოდა.

ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეებს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. მორიგი კონფლიქტის დროს, შემთხვევის დღეს კახამ ვ.-მ იგი სცემა, რის გამოც ელენემ ჯ.-მ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში,  კახაბერ ვ.-ს დანით მიაყენა სხეულის დაზიანება. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული განსასჯელის ჩვენება, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით,  სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, უტყუარად დადასტურდა ელენე ჯ.-ს  ბრალეული ქმედება.  სასჯელის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის, როგორც დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები და ელენე ჯ.-ს  სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

0

ავტორი: