12:35:52     19-09-2011
სტივენ ლიკოკის „ნომერი ორმოცდათექვსმეტი“
დიდი კანადელი მწერალი სტივენ ბათლერ ლიკოკი (Stephen Butler Leacock) დაიბადა 1869 წლის 30 დეკემბერს ინგლისში, ჰემპშირში.
მომავალი მწერალი 7 წლის იყო, როცა მისი მშობლები კანადაში გაემგზავრნენ საცხოვრებლად. ცხოვრობდნენ ონტარიოში. მამა სვამდა, მერე ოჯახიდანაც წავიდა. სტივენს დედა ზრდიდა. ცხოვრობდნენ სიდუხჭირეში. სწავლობდა ტორონტოს კერძო სკოლაში, სადაც საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. შემდეგ სწავლობდა კოლეჯში და უნივერსიტეტში, ასევე ტორონტოში. მუშაობდა მასწავლებლად 8 წელი. 1899 წელს მასწავლებლობას თავი დაანება, შევიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში და მიიღო ეკონომიკური და პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი 1903 წელს.
კითხულობდა ლექციებს მაკგილის უნივერსიტეტში, მონრეალში. 1908-1936 წლებში იქვე ხელმძღვანელობდა ეკონომიკური და პილიტიკური მეცნიერებების კათედრას. როგორც ამბობდნენ, იყო ბრწყინვალე ლექტორი და მკვლევარი. მან დაწერა ისტორიული მიმოხილვა: „მონრეალი: საზღვაო პორტი და ქალაქი“, პოლიტოლოგიური მონოგრაფია: „ჩვენი ბრიტანული იმპერია“; დიკენსის ბიოგრაფია; ნაშრომები ეკონომიკაში, გეოგრაფიაში და ლიტერატურული კრიტიკის საკითხებზე.
წერდა ჯერ კიდევ სტუდენტურ გაზეთში. თუმცა ლიტერატურული მოღვაწეობა გვიან დაიწყო. ორმოც წელს იყო გადაცილებული, როდესაც გამოაქვეყნა თავისი მხატვრული ნაწარმოებები, იუმორისტული მოთხრობების კრებული - „ლიტერატურული შეცოდებანი“. ეს მოხდა 1910 წელს. მისი მოთხრობები აბსურდული, იუმორისტული ან სატირული ხასიათისაა. წერდა, რათა თავისი ფინანსური მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოესწორებინა. თუმცა, მისმა ნაწარმოებებმა დიდი პოპულარობა მოუტანა. 1915-1925 წლებში იგი ითვლებოდა ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან მწერლად. მას ადარებდნენ მარკ ტვენსა და ჯერომ ქ. ჯერომს.
ცნობილია მისი მისი თეორიული ხასიათის წერილები ლიტერატურის შესახებ, სადაც იკვლევს იუმორის მხატვრულ თავისებურებას.
წინამდებარე ნაწარმოები, „ნომერი ორმოცდათექვსმეტი“ (“Number Fifty-six”), რომელსაც დღეს ვთავაზობთ პრესა.გე-ს მკითხველებს, პირველად გამოქვეყნდა კრებულში „ლიტერატურული შეცოდებანი“, 1910 წელს.
სტივენ ლიკოკი გარდაიცვალა 1944 წლის 29 მარტს, ტორონტოში.
წინამდებარე ნოველა ძალიან საინტერესოა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შესანიშნავი თხრობით და მწერლის მიერ გმირის ხასიათისა და ფანტაზიების ორიგინალური გადმოცემით. ამ ნაწარმოებში კარგად ჩანს მწერლის დამკვირვებლობა, ზედმიწევნითი ცოდნა სხვადასხვა, მათ შორის უცნაური ადამიანების ბუნებისა. ჩინელი მრეცხავი ა-იენი, როგორც ადამიანი და სიკეთის მოყვარული, არ შეიძლება არ იწვევდეს თანაგრძნობას, და ამავე დროს არ გზარავდეთ მისი ამოჩემებული დამოკიდებულება კლიენტის სარეცხისადმი... მერე კი ნოველა სრულიად მოულოდნელად მთავრდება და ჩინელის ხასიათს კიდევ უფრო სასაცილოდ თუ სამწუხაროდ აქცევს...
ნომერი ორმოცდათექვსმეტი
(თარგმანი თ. სულხანიშვილისა)
რასაც ახლა გიამბობთ - ჩემმა მეგობარმა ა-იენმა მითხრა ერთ ზამთრის საღამოს თავისი სამრეცხაოს უკანა ოთახში.
ა-იენი წარმოშობით ჩინელია. წყნარი, პატარა კაცი, მუდამ ჩაფიქრებული და სევდიანი. აკი მისი ქვეყნის ხალხს ხშირად მოსდგამს სევდიანობა და მელანქოლიურობა. რამდენიმე წელია, რაც დავმეგობრიდით. გრძელ ღამეებს სამრეცხაოს უკან, მკრთალად განათებულ პატარა ოთახში ვატარებთ, ოცნებების მომგვრელ ჩიბუხებს ვეწევით და საკუთარ ფიქრებს ვეძლევით. ჩემი მეგობარი დიდი ფანტაზიის კაცია. ვფიქრობ, მისი ეს თვისება მიზიდავს. ფანტაზიისადმი მიდრეკილება ხომ აღმოსავლეთის მკვიდრთა დამახასიათებელია; მეოცნებე ადამიანი დაბნეულია, ავიწყდება ყოველდღიური საზრუნავი, პირადი საქმეები. ა-იენის გონების გამჭრიახობაზე და ანალიზურობაზე მე წარმოდგენაც კი არ მქონდა იმ ღამემდე, რომელზედაც მე ვწერ.
ოთახს, სადაც ჩვენ ვისხედით, ქონის სანთელი მკრთალად ანათებდა. ჩვენი სკამებისა და მომცრო მაგიდის გარდა, რასაც ჩიბუხების გასაწყობად ვხმარობდით, შიგ მცირეოდენი ავეჯი იდგა. ოთახი პატარა და დაულაგებელი იყო.
კედელზე რამდენიმე სურათი ეკიდა. ჩემს მეგობარს სურათების უმრავლესობა უშნოდ ამოეჭრა გაზეთებიდან და სიშიშვლის დასაფარავად კედელზე გაეკრა. მხოლოდ ერთი სურათი თუ მიიპყრობდა თქვენს ყურადღებას. ეს იყო ახალგაზრდა, ლამაზი კაცის პორტრეტი. მისი სახე განუსაზღვრელ სევდა მოეცვა. პორტრეტი მელნით იყო შესრულებული. კარგა ხანია ვგრძნობდი, რომ ა-იენს დიდი მწუხარება გამოევლო (თუ რატომ ვგრძნობდი ამას, ვერ გეტყვით) და იმ მწუხარებას რაღაც საერთო უნდა ჰქონოდა ამ სურათთან.
კარგა ხანს ჩუმად ვეწეოდით ჩიბუხს, უცებ ა-იენი ალაპარაკდა. ჩემი მეგობარი განათლებული, კულტურული კაცია. გამართული ინგლისურით ლაპარაკობს, მაგრამ გამოთქმა მაინც ჩინური აქვს.
- დაგინახეთ, ჩემი საბრალო მეგობრის, ნომერ ორმოცდათექვსმეტის სურათს რომ ათვალიერებდით. მე ხომ ჩემს უბედურებაზე თქვენთვის არაფერი მიამბნია. დღეს კი მისი გარდაცვალების წლისთავია, თავს ნებას მივცემ და ყველაფერს გიამბობთ, - მითხრა ა-იენმა.
შეჩერდა. მე ჩიბუხს მოვუკიდე. გისმენ-მეთქი, თავი დავუქნიე.
- არ ვიცი, განაგრძო ა-იენმა, ზუსტად როდის შემოიჭრა ნომერი ორმოცდათექვსმეტი ჩემს ცხოვრებაში. თარიღის დადგენა, რა თქმა უნდა, შემიძლია, ჩემს დავთრებს გადავხედავ და ვნახავ. მაგრამ ამაზე არასდროს შემიწუხებია თავი.
პირველად ამ კაცს იმდენსავე ყურადღებას ვაქცევდი, რამდენსაც სხვა კლიენტებს, შეიძლება ითქვას, უფრო ნაკლებსაც. მას ხომ თვითონ არ მოჰქონდა თავის ტანსაცმელი გასარეცხად, ბიჭს ატანდა. როდესაც დავრწმუნდი, ჩემი სამრეცხაოს მუდმივი კლიენტი ხდებოდა, ორმოცდამეთექვსმეტე ნომერი მივაკუთვნე. მაინტერესებდა ვინ იყო, რას წარმოადგენდა ჩემი კლიენტი. ბევრი ვიფიქრე და, ჩემი კლიენტისათვის სასარგებლო დასკვნები გამოვიტანე. თეთრეულის ხარისხი იმაზე მეტყველებდა, რომ მდიდარი თუ არა, შეძლებული კაცი მაინც იყო. ახალგაზრდა იყო, წესიერ, ქრიატიანულ ცხოვრებას მისდევდა, კვირაში ერთხელ საზოგადოებაშიც იმყოფებოდა. გახამებულ პერანგს კვირაში ერთხელ იცვამდა. ყოველთვის ერთნაირი რაოდენობის ტანსაცმელს მიგზავნიდა გასარეცხად; დასკვნაც აქედან გამოვიტანე. თავმდაბალი, მორიდებული ახალგაზრდა იყო, მისი საყელოს სიმაღლე მხოლოს ორი გოჯი იყო.
გაკვირვებული შევცქეროდი ა-იენს. ჩემს თვალწინ მოხალისე რომანისტს ვხედავდი, ანალიზური აზროვნების ნიჭით მომადლებულს. გავოცდი, არ მოველოდი ასეთ დასკვნებს ჩემი აღმოსავლელი მეგობრისაგან.
ა-იენმა განაგრძო:
როცა გავეცანი, ნომერი ორმოცდათექვსმეტი სტუდენტი იყო. კარგა ხანს ესეც არ ვიცოდი. ამ დასკვნამდე რამდენიმე თვის შემდეგ მივედი. ოთხი თვე ქალაქში არ იყო. გამოცდების დროს კი მისი პერანგის სახელოები გეომეტრიული თეორემებით, თარიღებით, ფორმულებით იყო აჭრელებული. უნივერსიტეტში მის მოღვაწეობას ოთხი წლის განმავლობაში გულისფანცქალით ვადევნებდი თვალს.
ეს ამბავი ხომ ოთხი წელი გრძელდებოდა. ყოველ კვირა ვურეცხავდი. სისტემატური ურთიერთობა და ჩემი ინტუიცია მას კარგ ადამიანად მიხატავდა. პატივისცემა სიყვარულში გადამეზარდა. ჩემზე მეტად მგონი არავის სურდა მისი წარმატება. გამოცდების დროს როგორც შემეძლო ვეხმარებოდი. პერანგის სახელოებს თითმის იდაყვამდე ვახამებდი, რომ ფორმულებისათვის მეტი ადგილი ჰქონოდა. მის უკანასკნელი გამოცდის დროს ჩემს ნერვიულობას ხომ რა აღწერს! ბოლო გამოცდა ძალიან გაუჭირდა. ცხვირსახოცებით მივხვდი. მელნით იყო დათხუპნული. ალბათ, ანგარიშმიუცემლად კალმის წვერის გასაწმენდად იყენებდა.
უკანასკნელ გამოცდაზე მისი მოქმედება იმ ცვლილებებზე მიუთითებდა, რომელიც მისი, როგორც უკანასკნელი კურსელის ხასიათში უნდა მომხდარიყო. დეტალური ჩანაწერები რამდენიმე სიტყვით შეეცვალა. ჩვეულებრივ მეხსიერებას ბრძოლას უცხადებდა. უსაზღვრო იყო ჩემი სიხარული, როცა ივნისის ერთ შაბათ დღეს მისი ბოხჩა მივიღე. გასარეცხ თეთრეულში ღვინით დალაქავებული პერანგი ერია. მივხვდი, ჩემს მეგობარს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხის მიღება ეზეიმნა.
მომდევნო ზამთარს კი კალმის წვერის ცხვირსახოცით გაწმენდა ჩვეულებად ექცა. იურიდიულ ფაკულტეტზე შესულიყო, მივხვდი. სწავლების პირველ წელს ბევრს მუშაობდა. მისი ბოხჩიდან გახამებული პერანგები გაუჩინარდნენ. ტრაგედია კი სწავლის მეორე წელს დაეწყო. ცვლილებები გასარეცხ ტანსაცმელშიც მოხდა. პერანგების რიცხვმა იმატა, ორიდან ოთხამდე ავიდა. მიტკლის ცხვირსახოცებში კი აბრეშუმიც გამოერია, ალბათ, ორმოცდამეთექვსმეტე თავის მკაცრ სტუდენტურ ცხოვრებას ეთხოვებოდა და საზოგადოებაში გამოსასვლელად ისწრაფვოდა. სულ მალე მეტსაც მივხვდი, შეყვარებული იყო. ეჭვის შეტანაც კი ზედმეტად მეჩვენა. კვირაში უკვე შვიდ პერანგს იცვლიდა. საყელოების სიმაღლე გოჯიდან ერთსა და ერთ მეოთხედამდე ავიდა და ბოლოს ორნახევრამდე მიაღწია. ხელთა მაქვს იმდროინდელი თეთრეულის სია. ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ მივხვდეთ თუ რამდენს ზრუნავდა ჩემი მეგობარი თავის გარეგნობაზე. ის ბედნიერი, გაღვიძებული იმედების დრო უფრო კარგად მახსოვს, ვიდრე უიმედობისა. მის ბოხჩას ყოველ შაბათს აკანკალებული ხელით ვხსნიდი. სიყვარულის ნიშანს ვეძებდი. რითიც შემეძლო, ყველაფრით ვეხმარებოდი. მისი პერანგი და საყელოები - ჩემი ხელოვნების შედევრი იყო. როცა სახამებელს ვუკეთებდი, ხელები აღელვებისაგან მიკანკალებდა. ეჰ, ვიცი, მამაცი გოგონა იყო, კეთილშობილი. ორმოცდამეთექვსმეტე ამ სიყვარულით სულდგმულობდა. აქამდე ცალკე სამაჯურებსა და ყალბ პერანგის წინაგულებს ატარებდა, ახლა თავი დაანება. სიყალბეზე ფიქრიც კი ეზარებოდა. ჯერ პერანგის წინაგულებზე სთქვა უარი, შემდეგ, გოგონათი გატაცებულმა, ცალკე სამაჯურების ტარებასაც მიანება თავი. გამახსენდება თუ არა ამ ტრფიალების ნათელი, ბედნიერი დღეები, თავს ვერ ვიკავებ რომ არ ამოვიოხრო.
ნომერ ორმოცდათექვსმეტის ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა, მთელი არსებით შემიპყრო. შაბათიდან-შაბათამდე მის ლოდინში სული მელეოდა. ყალბი წინაგულების გამოჩენა თუ უიმედობის მორევში მისროდა, მათ გაუჩინარებას იმედის მწვერვალზე ავყავდი. ზამთარს გაზაფხული უჩუმრად შეეპარა. ჩვენი ამბავი კი გრძელდებოდა. ორმოცდამეთექვსმეტე ნერვიულობდა. თავისი ბედი აინტერესებდა. ერთ შაბათს თეთრი ჟილეტი გამომიგზავნა. მისი ჩაცმა უნდოდა. აქამდე ხომ თავმდაბლობის გამო ყოველთვის გაურბოდა თეთრ ჟილეტს. მიზეზი ამივიკითხე. მთელი ჩემი ხელოვნება გამოვიყენე. მომდევნო შაბათს სარეცხი კვლავ მომიტანეს. თვალში სიხარულის ცრემლი ჩამიდგა. ის ადგილიც კი წარმოვიდგინე მარჯვენა მხარეზე, სადაც პატარა თბილი ხელი სიყვარულით ისვენებდა. მივხვდი, ორმოცდამეთექვსმეტე სასურველი მიჯნური იყო.
ა-იენი შეჩერდა. რამდენიმე ხანს ჩუმად იჯდა. ხელში ცამქრალი ჩიბუხი შერჩენოდა. თვალები კედლისათვის მიეშტერებინა. სინათლის ბუნდოვან ციმციმს შეჰყურებდა. ჩრდილი და სინათლე ერთმანეთს ენაცვლებოდა.
კარგა ხნის შემდეგ ისევ ალაპარაკდა.
- აღარ შევჩერდები იმ ბედნიერ ბრწყინვალე ზაფხულის დღეებზე, აღარც ყელსახვევებზე, არც ჟილეტებზე, არც იმ მაღალ საყელოიან ქათქათა პერანგებზე, ამ დიდი სიყვარულის დროს რომ ატარებდა ჩემი გულაზიზი მეგობარი. ჩვენი ბედნიერება ნამდვილ ბედნიერებად მეჩვენებოდა. მეტი რაღა უნდა მეთხოვა ღმერთისათვის. მაგრამ, ვაი რომ დიდხანს არ ეწერა არსებოდა! მზიანი ზაფხული გაცრეცილმა შემოდგომამ შეცვალა. დავღონდი. ჩხუბის ნიშნებმა იჩინა თავი. პერანგენის რაოდენობა შვიდიდან ოთხზე ჩამოვიდა. მიტოვებული სამაჯურები და ყალბი წინაგულებიც კვლავ გამოჩნდნენ. როცა შერიგდებოდნენ, მონანიების ცრემლებს ვამჩნევდი თეთრი ჟილეტის მხარზე და კვლავ შვიდი პერანგი ჩნდებოდა.
ჩხუბი სულ უფრო და უფრო ხშირად ხდებოდა. ზოგჯერ ვნებიანობის საშინელი სცენები იმართებოდა და თავის კვალს ჟილეტზე აწყვეტილ ღილებზე სტოვებდა. ბოლოს პერანგთა რიცხვი კვლავ სამამდე ჩამოვიდა, შემდეგ ორი გახდა. საყელოც დადაბლდა. მისი სიმაღლე მხოლოდ ერთი გოჯი და სამი მეოთხედიღა იყო. ჩემს ხელოვნებას ამაოდ ვხარჯავდი. ჩემს გაწამებულ გონებას რატომღაც ეჩენებოდა, რომ მისი პერანგის და საყელოს ბზინვა ქვის გულსაც კი გაადნობდა. ვაი რომ ჩემი ყოველი ცდა შერიგებისა ამაო აღმოჩნდა. საშინელმა თვემ განვლო. პერანგის ყალბი წინაგულები და ცალკე სამაჯურები კვლავ გამჩნდნენ. თითქოს უბედური მიჯნური თავის მუხთალ ბედს შერიგებოდა. ეჰ! ბოლოს კი, ერთ ბურუსიან საღამოს, მისი ბოღჩის გახსნისას ცელულოიდის საყელოც აღმოვაჩინე. გულმა რეჩხი მიყო. ჩემი მეგობარი სატრფოს სამუდამოდ მიეტოვებინა. წარმოდგენაც კი ძნელია, თუ როგორ იტანჯებიდა ჩემი მეგობარი, საბუთად განა ის არ კმაროდა, რომ ცელულოიდის საყელოდან ცისფერ ფლანელის პერანგზე გადავიდა, შემდეგ ნაცრისფერზე. და ბოლოს კი, მის სარეცხში წითელი ჩითის ცხვირსახოცის გამოჩენამ მთლად საგონებელში ჩამაგდო. დაკარგულმა სიყვარულმა მას გონება შეურყია. უარესსაც მოველოდი. შესვენების აუტანელმა სამმა კვირამ განვლო. ამ ხნის განმავლობაში მისგან არაფერი მიმიღია. მერე დიდი ბოღჩა მომივიდა. თითქოს ორმოცდამეთექვსმეტეს მთელი თავის ქონება ამ ბოღჩაში გამოეკრა. პერანგი ვნახე, სისხლით იყო მოსვრილი, ერთ ადგილას კი გახვრეტილი იყო. ტყვიას გაევლო ჩემი მეგობრის გულში. ის იყო და ეს. ამის მერე აღარაფერი მიმიღია.
როგორც მახსენდება, ორი კვირით ადრე, გაზეთის დამტარებელი ბიჭები ქუჩაში საშინელ თვითმკვლელობაზე გაჰყვიროდნენ. მერე კი მივხვდი, ვინც მოიკლა თავი. თავზარი დამეცა, დრო გავიდა. მწუხარებაც განელდა. მისი ხსოვნის აღსანიშნავად მაგ პორტრტის დახატვა განვიზრახე, შენს გვერდით რომ ჰკიდია. ცოტა მხატვროის ნიჭიც უნდა მქონდეს მგონი. დარწმუნებული ვარ, სახე კარგად მივამსგავსე. სურათი ფანტაზიის ნაყოფია. მე ხომ ორმოცდამეთექვსმეტე თვალით არასოდეს მინახავს.
გარეთ, სამრეცხაოს კარზე ზარი აწკარუნდა. კლიენტის მოსვლა გვამცნო. ა-იენი მორჩილად წამოდგა. ის ხომ ბუნებით დინჯი კაცია. სამრეცხაოში რამდენიმე ხანი დაჰყო. როცა დაბრუნდა, შევატყვე, აღარ სურდა თავის დაკარგულ მეგობარზე ლაპარაკი. მალე წამოვედი. დამწუხრებული მივაბიჯებდი შინისაკენ. გზად ბევრს ვფიქრობდი ჩემი აღმოსავლელი მეგობრის წარმოსახვით უნარზე. გულზე თითქოს მძიმე ლოდი დამწოლოდა. რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერა ვბედავდი. ვერ გავბედე მის გულში აღმართული ჰაეროვანი კოშკების დანგრევა. მე ხომ განმარტოებულ ცხოვრებას ვეწეოდი. ჩემი მეგობრის ფანტაზიით შექმნილი სიყვარულის მსგავსი არაფერი განმიცდია. მოგონებები მოსვენებას არ მაძლევდნენ იმ უზარმაზარ ბოღჩაზე, რომელიც მას ერთი წლის წინათ ქალაქში ჩემი არყოფნის შემდეგ გავუგზავნე. სარეცხიც შედარებით ბლომად იყო. თუ არ ვცდები, ბიღჩაში დახეული პერანგი იყო. ჩემოდანში წითელი მელნის ბოთლი გამიტყდა და პერანგი სულ მთლად დაისვარა. ერთ ადგილას ამომწვარიც იყო. როდესაც ბოღჩას ვკრავდი, პაპიროსის ნამწვავი დაეცა.
რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს ამბავი ჩემზეა. ჩემს სარეცხს ახლა კომფორტაბელურ სამრეცხაოში ვარეცხინებ, ერთი წლის წინ კი ა-იენის კლიენტი ვიყავი და ჩემი სამრეცხაო ნომერი ორმოცდათექვსმეტე იყო.
0