12:34:16     19-09-2011
თამაზ ბარჯაძე: „ცისფერყანწელნო, თქვენი ჯიშის ვარ“ (რამდენიმე ლექსი - XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
თამაზ ბარჯაძე ცნობილი პოეტია. დაიბადა 1963 წლის 27 იანვარს ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისში.
1980 წელს დაამთავრა ჭიათურის პირველი საშუალო სკოლა, 1985 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1977 წელს. მას შემდეგ პერიოდულად იბეჭდება ქვეყნის თითქმის ყველა სალიტერატურო გამოცემაში.
1991 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა პოეტის პირველი კრებული „ზამთრის ფერები“.
ამ კაკალს ფოთლები გასცვენია
ამ კაკალს ფოთლები გასცვენია,
ო,რა საბრალოა შესახედად,
ქარს ხმაში სიცივე დასტყობია,
შენი ეზო-კარის შესახვევთან!
ფოთლის გიშრებს ვეღარ ეფერება,
იმათ სინორჩეს და სიმწვანეს,
რატომღაც გუნება შემეცვალა-
ყველაფრის დასასრული ვიწამე!
ცას თეთრი ღრუბლები დაფარავენ,
როგორც ძვირფას კუბოს ზეწარი,
მერე ატირდება შემოდგომა,
ატირდება და ეგ არი...
წამოვა ნისლების ქარავანი,
ქარი ისევ ცივად იქროლებს,
და გაინაბება არემარე,
თითქოს მიწა სიკვდილს იგონებს!
ჩავუვლი შესახვევს და გზას ვაგრძელებ,
ფიქრები ფოთოლივით მამჩატებს,
ო,რა გემრიელად ვიტირებდი,
ქუდი მეხუროს და არ ვჩანდე!
ცისფერყანწელნო
ცისფერყანწელნო,
თქვენი ჯიშის ვარ,
დიდი ტკივილით ნათესავებო!
წლებში გამტეხა სულის შიმშილმა
და ლამის ცოდვის ტბაში ჩავეფლო...
რა მაცდური და რა ბელზებელი,
დროება ძველი ქარმა წაიღო...
თქვენს ცისფერ ორდენს როგორც შეჰფერის,
გულის ძახილი უნდა გამიგოთ,
უნდა მისმინოთ ძმებო-მხედრებო,
რომ მეც ლამაზად მოვკვდე თქვენსავით...
სხვა სიკვდილისთვის ნუ გამიმეტებთ,
დიდი ტკივილით ვარ ნათესავი!
ქაღალდის ნავი
სიბილწის მუმლი შემოგვესია,
სულის და ხორცის ორად გამყოფი...
მე სხვა ძირი მაქვს , მე სხვა ფესვი მაქვს,
სულ სხვაა ჩემი ტოტის ნაყოფი!
ტალღის ბეჭებზე ქაღალდის ნავის
შეტორტმანება აღარ მაკვირვებს...
იქ,სადაც ჩემი ბავშვობა ჰყვავის,
ჩემი ამაყი სულის საკირე.
მოჰქრის ნიავი სოფლის ბოლოდან,
თუ ყვავილების სუნთქვით მთვრალია...
რა იქნებოდა, სულ გამყოლოდა
ხმაში იმ წლების წმინდა არია.
სიბილწის მუმლი შემოგვესია,
მიდის ცხოვრება მჯიღის ბრაგუნით
მე უკვე ვხვდები - ერთი ლექსია
ქაღალდის ნავიც და ნავსადგურიც.
* * *
ყაყაჩოებს -
გაღვივებულ ნაღვერდალებს-
ვკრეფ და ხელში ვიგორვებ...
ცივ თვალებში ჩამარხულო
ჩუმო სევდავ,
ცრემლი ჩამომიგორე!
დილის მზე და
სულთმობრძავი ჟრუანტელი
უკვე გამოვიგლოვე...
თეთრი დროშაც გაიცრიცა
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ,
ჩვენ რომ გამოვიგონეთ...
ყაყაჩოებს-
გაღვივებულ ნაღვერდალებს-
ვკრეფ და ხელში ვიგორვებ...