G6 Rhino - 155 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა G6 Rhino - 155 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა />


  11:13:10     19-09-2011

G6 Rhino - 155 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა

a10197.jpg

სამხრეთ აფრიკულ 155 მილიმეტრიან თვითმავალ ქვემეხ-ჰაუბიცა G6 Rhino-ზე მუშაობა 1970-იანი წლების ბოლოს, სამხრეთ აფრიკული კომპანიის Denel-ის მიერ დაიწყო. თვითმავალი საარტილერიო დანადგარის პირველი პროტოტიპის აგება 1981 წლისათვის დასრულდა. ქვემეხ-ჰაუბიცა სერიულ წარმოებაში 1987 წელს ჩაეშვა, ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში 1988 წელს მიიღეს. დღესდღეობით G6 Rhino სამი ქვეყნის: სამხრეთ აფრიკის, ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებაში იმყოფება. თვითმავალ ქვემეხ-ჰაუბიცა თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ საარტილერიო საშუალებად მიიჩნევა.

თვითმავალ ქვემეხ-ჰაუბიცა G6 Rhino T6 L/52-ის ტიპის 155 მმ-იანი ქვემეხ-ჰაუბიცითაა შეიარაღებული, რომელიც, თავდაპირველად, G5-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცისთვის შეიქმნა. ქვემეხ-ჰაუბიცაზე ნახევრადავტომატური დატენვის სისტემაა დამონტაჟებული და ის შეთავსებადია 155 მმ-იან „ნატოს“ სტანდარტის ამუნიციასთან. საარტილერიო დანადგარის საბრძოლო კომპლექტი სულ 47 ჭურვისაგან შედგება, მასში შედის მსხვრევად-ფუგასური, საკვამლავი, მანათობელი და ცეცხლგამჩენი ჭურვები. ქვემეხ-ჰაუბიცის სოლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვებით 30 კილომეტრს შეადგენს, ხოლო რეაქტიული ჭურვების გამოყენების შემთხვევაში სროლის მაქსიმალური მანძილი 39 კილომეტრამდე იზრდება. თვითმავალი საარტილერიო დანადგარის საბრძოლო კომპლექტში ასევე შედის ახალი ტიპის მაღალსიჩქარიანი შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები, რომელთა სროლის მაქსიმალური სიშორე 50 კილომეტრს შეადგენს.

ქვემეხ-ჰაუბიცის მაქსიმალური სწარფსროლა წუთში 4 გასროლას შეადგენს, ხოლო სტანდარტული სწრაფსროლა 2 გასროლაა წუთში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიციდან წარმატებით გაისროლეს M9703A1 V-LAP-ის ტიპის შორი მოქმედების ჭურვი, რომელმაც 67 450 მეტრის ტოლი მანძილი დაფარა.

ქვემეხ-ჰაუბიცის სროლის მინიმალური მანძილი კი 3 კილომეტრს შეადგენს.

თვითმავალ ქვემეხ-ჰაუბიცას შეუძლია იმოქმედოს ე.წ. „ისროლე და გაიქეცის“ პრინციპით, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული მოწინააღმდეგის საატილერიო ბატარეის ცეცხლი. G6 Rhino-ს სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლა და პირველი გასროლის შესრულება დაახლოებით 60 წამში შეუძლია, ხოლო სარძოლო მდგომარეობიდან სამარშო მდგომარეობაში გადასასვლელად საარტილერიო სისტემას მხოლოდ 30 წამი ესაჭიროება.

თვითმავალ საარტილერიო დანადგარზე დამხმარე შეიარაღების სახით 1 x 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევია დაყენებული. ტყვიამფრქვევი ქვემეხ-ჰაუბიცის კოშკურაზეა დამონტაჟებული. გარდა ამისა ის ასევე აღჭურვილია საკვამლავი ყუმბარების გამშვები რამდენიმე მოწყობილობით.

თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა საკმაოდ კარგადაა დაჯავშნული. მისი შუბლა ჯავშანი 20 მმ-იანი ჭურვებისაგან დაცვაზეა გათვლილი, ხოლო დანარჩენ ადგილებში დაჯავშნა მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. საარტილერიო დანადგარი ასევე კარგადაა დაცული ნაღმებისგანაც. მასზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. მოთხოვნის შემთხვევაში კი NBC-ის დაცვის სისტემის დამონტაჟებაც არის შესაძლებელი.

თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცის ბორტებზე დამონტაჟებულია მცირე ზომის საცეცხლე ამბრაზურები, სულ რამდენიმე ცალი, რომელთაგანაც საარტილერიო სისტემის ეკიპაჟს ცეცხლის წარმოება შეუძლია.

155 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცის ეკიპაჟი ხუთი კაცისაგან შედგება, რომელიც მოიცავს: მეთაურს, მსროლელს, ორ დამტენსა და მძღოლს.

მრავალი სხვა თვითმავალი საარტილერიო სისტემებისაგან განსხვავებით G6 Rhino 6x6 კონფიგურაციის ბორბლებიან შასიზეა დაფუძნებული. ძალური დანადგარის სახით მასზე ჰაერით გაგრილებადი 525 ცხენისძალიანი დიზელის ძრავაა დაყენებული. საარტილერიო სისტემაზე ასევე დამონტაჟებულია დამხმარე ძალური აგრეგატი, რომელიც ქვემეხ-ჰაუბიცის საბორტე ელექტრონული სისტემების ელექტრო ენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს, როდესაც ძირითადი ძრავი გამორთულია.

army.ge

0

ავტორი: