15:13:10     08-08-2010
„შეუძლებელია აფხაზები და ოსები საქართველოს „ნეიტრალური პასპორტებით“ არ დაინტერესდნენ“
[გეგა ბერიძე]
კოკოითის რეჟიმის მტკიცებით, „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პასპორტები არ სჭირდებათ“. მარიონეტებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტით“ რუსეთში, ვენესუელაში, ნიკარაგუაში და ნაურუში სიარული „ურჩევნიათ“. საქართველოს შეთავაზებამ „ნეიტრალური პასპორტების“ გაცემის შესახებ, კონფლიქტურ ზონებში მცირე დაბნეულობა გამოიწვია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მათთვის ხელსაყრელი ვარიანტია.
დე ფაქტო ხელისუფლება „ნეიტრალური სტატუსის“ პასპორტებს „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის წინაშე მორიგ რევერანსად“ აფასებს და ამტკიცებს, რომ „მსგავს შეთავაზებაზე ადგილობრივი მოსახლეობა უარს აცხადებს“.
„ჩვენი პირადობის დამადასტურებელი საკუთარი დოკუმენტები გვაქვს – სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი, რომელიც რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს. ეს დოკუმენტები თავისუფლად მოქმედებს და ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია, გავემგზავროთ რუსეთში ან იმ ქვეყნებში, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს“, – აცხადებს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მირა ცხოვრებოვა აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა საქართველომ უნდა აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი იქნება მზად ითანამშრომლოს საქართველოსთან.
გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. ოსური საზოგადოებისათვის სრულიად გაუგებარია, თუ რაში სჭირდებათ მათ საქართველოს მიერ შეთავაზებული დოკუმენტები „ნეიტრალური სტატუსით“.
„რა აუცილებლობა არის ამისა სრულიად გაურკვეველია. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90 პროცენტს რუსეთის პასპორტები აქვთ. რომელი შეთანხმების საფუძველზე ან რა ნდობის საფუძველზე სთავაზობს საქართველო სამხრეთ ოსეთს მიიღოს საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის საჭირო „ნეიტრალური სტატუსის „პირადობის მოწმობები“, – აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. მრჩეველი კოსტა ძუგაევი და დასძენს, რომ „საქართველოს ამ წინადადებით „ნეიტრალური სტატუსის“ მოწმობების აღების შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნული (!) პროცენტი დაინტერესდება“.
მარიონეტების მყვირალა განცხადებების მიუხედავად, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებამ „ნეიტრალური პასპორტების“ გაცემის შესახებ, კონფლიქტურ ზონებში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი ამ დოკუმენტის გამოყენებას სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა იყო შეკითხვებიც, მაგალითად: რამდენად გამარტივებული იქნება მისი აღების პროცედურა? ჩაიწერება თუ არა პასპორტში მოქალაქეობა ან ეროვნება? რამდენად ხელმისაწვდომი იქნება პასპორტის საფასური კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის?...
საქართველოს პარლამენტი საინტერესო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაამტკიცებს. დოკუმენტის გაცემა გამარტივებული პროცედურით, სრულიად უფასოდ მოხდება.
„ეს დოკუმენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც ქართული სახელმწიფო სთავაზობს, და მონაწილეობა მიიღოს ყველა პროგრამაში, რომელიც საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე ხორციელდება“, – აცხადებს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. მისივე თქმით, თბილისში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახალი დოკუმენტები არ განიხილება უკვე არსებულის შემცვლელად და მის მისაღებად, რუსულ პასპორტზე უარის თქმა არ იქნება აუცილებელი.
ეჭვგარეშეა, რომ უბრალო აფხაზებისთვის და ოსებისთვის ქართული ნეიტრალური პასპორტების აღება ხელსაყრელი ვარიანტია...
ამ თემაზე რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის დაწვრილებით კომენტარს გთავაზობთ: „იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ინტერესი გაუჩნდეს, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ყველაფერი უნდა იყოს ხელშესახები და ეს უნდა ეხებოდეს მოსახლეობის ფართე მასებს და არა რაღაც 20-30 კაციან ექსკლუზიურ ჯგუფებს. ამიტომ თქვენ თუ გადახედავთ ჩვენს მიერ დამუშავებულ ინსტრუმენტებს, ნახავთ, რომ ინსტრუმენტები ეხება გაცილებით მეტ ადამიანს, ვიდრე 20, 30 თუ 50 კაცია.
ჩვენი გამოცდილებით, როდესაც გვინდოდა სხვადასხვა პროგრამებზე და პროექტებზე საუბარი, ყოველთვის მივდიოდით რაღაც საკითხებამდე, რომელიც აუცილებლად საჭიროებენ გადაწყვეტას. პირველი ასეთი საკითხი, რა თქმა უნდა, არის დოკუმენტების თემა. ანუ, იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს სოციალურ სფეროში სარგებელი, ან აწარმოოს ბიზნესი ან სხვა საქმიანობა, მას სჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
მაგალითად, დღევანდელი ვითარებით, ბევრი ადამიანი აქეთ მხარეს სამკურნალოდ ვერ გადმოდის იმიტომ, რომ მას უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობა. ქართულ პასპორტს ზოგი ვერ იღებს, ზოგსაც ეშინია და ზოგსაც ეს რთული ჰგონია. ამიტომ დოკუმენტების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
იგივე შეეხება უკვე საზღვარგარეთ მგზავრობას იმიტომ, რომ ე.წ. აფხაზურ პასპორტს არავინ არ აღიარებს, რუსული პასპორტით მათი მოგზაურობა ნიშნავს იმას, რომ დავუკანონოთ ჩვენ არალეგალურად დარიგებული პასპორტები.
ამიტომ ჩვენ შემოვედით საკმაოდ ინოვაციური იდეით, რომ შემოვიტანოთ ნეიტრალური სტატუსის პირადობის მოწმობები მხოლოდ და მხოლოდ იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და არა დევნილებისთვის და არა ლტოლვილებისთვის. ეს იქნება რუსეთის პასპორტების ალტერნატივა და მათ მივცეთ საშუალება, ისარგებლონ ყველანაირი სიკეთით, აიღონ ვიზა და ა.შ.
ეს დოკუმენტაცია ძირითადი თემაა იმიტომ, რომ რამდენიც არ უნდა ვიტრიალოთ, რა პროექტებზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, მივდივართ იქამდე, თუ რა დოკუმენტი აქვს ადამიანს, ვინ არის და რა დოკუმენტით მოგზაურობს. ამიტომ ეს ერთი სფეროა, რომელიც ყველას შეეხება და გადაწყვეტას საჭიროებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი კი ამით რომ არ დაინტერსდნენ, არ შეიძლება.
სტრატეგია უკვე ამოქმედდა. მთავრობამ იგი დაამტკიცა და ჩვენ უკვე შევქმნით უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფებს კონკრეტული შვიდი მექანიზმის ასამოქმედებლად. ზოგიერთ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა ტემპებით, მაგრამ შვიდივეს შექმნა შესაძლებელია.
რაღაც ამ წელს შეიქმნება, რაღაც მომავალ წელს. ჩვენ ყოველ ექვს თვეში ჩადებული გვაქვს გადახედავა ამ სამოქმედო გეგმისა, რათა ვნახოთ, თუ რა მუშაობს და რა არა, სად არის შესწორება საჭირო და ა.შ. ეს არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელსაც მუდმივი განახლება სჭირდება და აგებული იქნება პრაქტიკაზე და არა რაღაც თეორიებზე, რომელიც შეიძლება კორექტულად ჟღერდეს, მაგრამ პრაქტიკაში იყოს გამოუსადეგარი და ჩვენი მიზანია, ამ ყველაფერზე ტელევიზორში კი არ ვიყვიროთ, არამედ მეთოდურად, წყნარად, პიარისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე გავაკეთოთ საქმე, რომელიც მოემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობას და მერე თუ ისინი ჩათვლიან, რომ რამე თქვან, კი ბატონო. მაგრამ ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ პირობების შექმნა.
ჩვენ შევქმნით პირობებს, მაგრამ ზუსტად რა პროექტებს განახორციელებენ, ეს უკვე იქნება ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების გადასაწყვეტი და არა ხელისუფლების, – აცხადებს თემურ იაკობაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.
0