12:15:05     16-09-2011
ბელორუსი რუსულ "ტრიუმფებს" ყიდულობს
უახლოეს მომავალში ბელორუსია, რუსეთისგან С-400 Триумф-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს შეიძენს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე, ბელორუსიის სამედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდალმა, გენერალ-მაიორმა სერგეი ლემეშევსკიმ განაცხადა.
ამჟამად ბელორუსი სამხედროები, რუსეთთან ერთად ასტრახანის ოლქში მიმდინარე მსხვილმასშტაბიან სწავლებებში "თანამეგობრობა-2011" მონაწილეობენ. სწორედ სწავლების ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე მოხდა ამ განცადების გაჟღერება.
ლემეშევსკის თქმით, ბელორუსია ერთიანი რეგიონალური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნის ფარგლებში, რუსეთში ახალ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, მათ შორის "ტრიუმფების" შეძენას გეგმავს. კომპლექსების მოწოდების კონკრეტულ ვადებზე გენერალს არ უსაუბრია. მაგრამ მისივე თქმით ისინი უახლოეს მომავალში გახდებიან ცნობილნი.
С-400 Триумф-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის ყველა ტიპის თვითმფრინავების, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულებისა და საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლადაა განკუთვნილი. ის ცნობილი საბჭოური სისტემა С-300-ის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს. მაგრამ საბაზო ვარიანტთან შედარებით გაცილებით უკეთესი მახასიათებლებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა. ახალი სისტემა მთლიანად ავტომატიზირებულია.
მისი საბრძოლო მუშაობის რეჟიმები, სამიზნის აღმოჩენა, მისი გაცილება, ბატარეაში შემავალ კომპლექსებს შორის სამიზნეების გადანაწილება, რაკეტის ტიპის შერჩევა და მათი სამიზნეზე დაიზნება - ყველა ეს პროცესი კომპიუტერების საშუალებით სრულდება და კონტროლდება.
ამ სისტემის უნიკალურობა იმაშიც მდომარეობს, რომ მას როგორც უკვე არსებული (С-300ПМУ-1 და С-300ПМУ-2-ის ტიპის კომპლექსებიდან) ასევე სპეციალურად მისთვის შექმნილი საზენიტო რაკეტების გამოყენება შეუძლია. ეს კომპლექსის უნიფიკაციის საშუალებას იძლევა და მისი ექსპორტზე გაყიდვის შემთხვევაში საკმოდ ხელსაყრელი პირობაა. რადგან მყიდველ სახელმწიფოს, რომელსაც უკვე გააჩნია С-300ПМ, С-300ПМУ-1 და С-300ПМУ-2-ის ტიპის სისტემები, ახალ "ტრიუმფზე" მათი რაკეტების გამოყენება შეუძლიათ.
სხვა მსგავსი სისტემებისგან განსხვავებით, "ტრიუმფის" რაკეტების შემთხვევაში "ცივი" ვერტიკალური სტარტი გამოიყენება. სამარშო ძრავას ჩართვის წინ, მცირე სიმძლავრის მუხტი, კონტეინერიდან რაკეტას 30 მ-ის სიმაღლეზე აგდებს. ამ მომენტში რაკეტა სპეციალური საშუალებით, სამიზნის მხარეს იხრება და უკვე შემდეგ ხდება სამარშო რაკერული ძრავას ჩართვა.
"ტრიუმფის" 9М96Е და 9М96Е2-ის ტიპის რაკეტებს 24 კგ-იანი საბრძოლო ქობინი გააჩნიათ, რომლებიც დამატებითად დამაზიანებელი ელემენტებით არიან გაძლიერებულნი. საბრძოლო ქობინის დეტონაცია რადიოამფეთქის მეშვეობით ხდება, რომელიც კონკრეტული სამიზნის შემთხვევაში, ქობინის აფეთქების მომენტს თვითონ განსაზღვრავს. სწორედ ამ პარამეტრზეა დამოკიდებული სანმსხვრევების ფრენის სიჩქარე და დაზიანების ფართობი.
მწარმოებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კომპლექს "ტრიუმფის" შემადგენლობაში შემავალ რადიოლოკაციურ სადგურს, სამიზნის ეფექტური აღმოჩენა მაქსიმალურ 600 კმ-ის დისტანციაზე შეუძლია. ამავედროულად მას ერთდროულად 300-მდე საჰაერო სამიზნის გაცილების შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება სამიზნის განადგურებას, აეროდინამიკური სამიზნის შემთხვევაში არსებული რაკეტებით, მისი განადგურების ზონა მინიმალური 2-დან მაქსიმალურ 240 კმ-მდე განისაზღვრება. არსებული ცნობებით, პერსპექტიული 40Н6Е-ის ტიპის რაკეტების გამოყენების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 400 კმ-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სიმაღლის დიაპაზონს, ის 10 მ-დან 30 კმ-მდე მერყეობს.
სამიზნის მაქსიმალური სიჩქარე, რომლის განადგურებაც "ტრიუმფს" შეუძლია 4800 მ/წმ-ია. ეს კი 17280 კმ/სთ-ის ტოლია. მარშიდან კომპლექსის, საბრძოლველად მომზადებისთვის 5-10 წუთი სჭირდება. კიდევ სამი წუთი კი სისტემების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანაზე იხარჯება. ბატარეის სახით მოქმედ "ტრიუმფს" სამიზნეებზე ერთდროულად 72 რაკეტის დამიზნება და მათგან 36-ის პრაქტიკულად ერთდროული გაშვება შეუძლია.
სხვათა შორის პირველ სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ რუსულ "ტრიუმფებს" თვალი ერევანმაც დაადო. ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ცის სადარაჯოზე შეიძლება უახლესი რუსული "ტრიუმფები" დადგნენ. მინისტრის თქმით, ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გაძლიერებას აქცევს. სომხეთს უკვე გააჩნია С-300-ის ტიპის კომპლექსები. მაგრამ არ გამოირიცხება С-400-ების შესყიდვის შესაძლებლობასაც.
რაც შეეხება თავად რუსეთს, ამჟამად მის შეიარაღებაში "ტრიუმფის" ოთხი დივიზიონია (32 გამშვები დანადგარი).
0