16:06:32     14-09-2011
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენის გამო, შესაძლოა, თბილისის გერბი შესაცვლელი გახდეს
ქართველი არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენები გრძელდება, ახლახან ჩატარებული გათხრები კი, შესაძლოა, თბილისის დაარსების ისტორიის შეცვლის საფუძველიც გახდეს.
საუბარია მეტეხის ხიდთან, 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიასთან მდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ გათხრებზე, რომლის შესწავლის დროსაც ქართველი არქეოლოგები უნიკალურ დასკვნამდე მივიდნენ.
წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ ამ ადგილას ციხე–ქალაქი ბევრად უფრო ადრე არსებობდა, სანამ ახლანდელ თბილისს ვახტანგ გორგასლის ხოხობი აღმოაჩენდა და „პირველი თბილისელი“ გახდებოდა.
მართალია, ტერიტორიაზე ნაპოვნია უშუალოდ ვახტანგ გორგასლის დროინდელი ციხის გალავანი, მაგრამ ოდნავ მოშორებით არქეოლოგებმა ნარჩენების კომპლექსი იპოვეს, რომელიც, მათი თქმით, ბევრად უფრო ძველია ვახტანგ გორგასლის დროინდელ ეპოქაზე.
ის, რასაც ამ ეტაპზე ცალსახად ამბობენ არქეოლოგები, მიანიშნებს, რომ ციხე–ქალაქი ამ ადგილას ანტიკური დროის პირველ–მეორე საუკუნეებშიც არსებობდა – ამაზე უკვე იქვე ახლოს ნაპოვნი აბანოები მეტყველებენ.
ახლა სპეციალისტები იმ ნივთების შესწავლას იწყებენ, რომლებიც გათხრების დროს იპოვეს. არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს საპატრიარქო და ეროვნული მუზეუმი ერთობლივად ატარებენ, ექსპედიციას კი თბილისის მერია დედაქალაქის ბიუჯეტიდან აფინანსებს.
0