12:24:18     14-09-2011
საქართველოში წელს 82 მკვლელობა მოხდა

საქართველოს შს სამინისტრომ, რესპუბლიკის მასშტაბით, მიმდინარე წლის 8 თვეში ფიქსირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში დანაშაულის კლება შეინიშნება.
2011 წელს (აგვისტოს ჩათვლით), საქართველოში სულ 21 740 დანაშაულია რეგისტრირებული, გასული წლის იგივე პერიოდში 23 716 დანაშაული ფიქსირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში ყველა დანაშაულზე ხშირი ქურდობაა, წელს ქურდობის 7 439 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გახსნილია 2 541. ქურდობის შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალია ნარკოტიკული დანაშაულის მაჩვენებელი. წელს, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 2 528 შემთხვევაა დაფიქსირებული, გახსნილია – 2 123. შემდეგი ადგილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას უჭირავს. 1 898 შემთხვევიდან, დაზარალებულის სიკვდილით 192 ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა.
საქართველოში ძალიან პოპულარულია და შესაბამისად, შემდეგ ადგილზეა თაღლითობა. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, 906 თაღლითობის ფაქტია დაფიქსირებული. გახსნილია – 321. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის შენახვა, ტარება, გადაზიდვა, გასაღების 758 ფაქტი აღირიცხა, გახსნილია – 587. საქართველოში წელს 82 მკვლელობა მოხდა, გახსნილია – 51. 56 გაუპატიურების ფაქტია დაფიქსირებული, აქედან გახსნილია – 19. ქვეყნის მასშტაბით აღრიცხული სხვა მძიმე დანაშაულები კი ასე ნაწილდება: თავისუფლების უკანონო აღკვეთის 7 ფაქტი, ტერორიზმის 3 ფაქტი. ძარცვის – 336, ყაჩაღობის – 175, მექრთამეობის – 40, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – 138, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების – 64, გადასახადისთვის თავის არიდების – 228, დანაშაულის დაფარვის 19 შემთხვევა. აქედან არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილია 289 დანაშაული.
0