ლანგსტონ ჰიუზის „თავშესაფარი“ ლანგსტონ ჰიუზის „თავშესაფარი“ />


  12:10:38     13-09-2011

ლანგსტონ ჰიუზის „თავშესაფარი“

a9957.jpg

ამერიკელი პოეტი, მწერალი, დრამატურგი ჯეიმს ლანგსტონ ჰიუზი (ლენგსტონ ჰიუზი - James Mercer Langston Hughes) დაიბადა 1902 წლის 1 თებერვალს ჯოპლინში, მისურის შტატში.

ის აფრო-ამერიკელი გახლდათ. მომავალი მწერალი მეორე შვილი იყო სკოლის მასწავლებლის კერი (კაროლინა) მერსერ ლანგსტონისა და ჯეიმს ნათანიელ ჰიუზისა. მის ძარღვებში ჩქეფდა აფროამერიკული, შოტლანდიური, ფრანგული, ინგლისური, ებრაული და ინდური სისხლი. ოჯახი ცხოვრობდა სპეციალურ დასახლებაში.

მას დაარქვეს მამისა და ბაბუის ძმის, ჯონ მერსერ ლანგსტონის სახელი, რომელიც 1888 წელს გახდა პირველი შავკანიანი კონგრესმენი ვირჯინიის შტატიდან. მისი ბებია, დედის დედა, მერი პატერსონ ლანგსტონი იყო აბოლიციონიზმის მომხრე და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ოჰაიოში მონობის მოწინააღმდეგე საზოგადოებისა. ამავე აზრებს იზიარებდნენ მერის ქმარი და ძმა, მთელი ოჯახი.

დედ-მამა დაშორდა. მამა ჯერ კუბაში გაემგზავრა, მერე კი მექსიკაში, რათა გაცლოდა ამერიკაში არსებულ სიტუაციას, როელსაც ვერ იტანდა. მომავალ პოეტს ბებია მერი ზრდიდა. ბებიამ ჩამოუყალიბა პატარა ჯეიმს რასიული ღირსების გრძნობა.

ლექსებს ადრეული ასაკიდან წერდა. ფინანსურად უჭირდათ, დედა მეორედ გათხოვდა. მომავალი მწერალი მუშაობდა მძღოლად, ჰყიდდა ყვავილებს, იყო მეზღვაური, შვეიცარი. პირველი ლექსების კრებული 1926 წელს გამოაქვეყნა.

1934 წელს იმოგზაურა საბჭოთა კავშირში და გამოაქვეყნა წიგნი: „ზანგი უცქერს საბჭოთა შუა აზიას“.

ლანგსტონ ჰიუზი არა ერთი ლექსის, პიესის და რომანის ავტორია. იყო მთარგმნელი და ზანგური ფოლკლორის სპეციალისტი, „ჯაზური პოეზიის“ ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და „ჰარლემის რენესანსის“ ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი... გამოცემული აქვს ზანგური ხალხური სიმღერებისა და ლექსების ანთოლოგია და „პირველი წიგნი ჯაზის შესახებ“

წინამდებარე ნოველა „თავშესაფარი“ (Something to Lean On) გამოქვეყნებულია მის წიგნში „თეთრების ადათ-ჩვევები“. აფრო-ამერიკელი სიმპლი მისი არა ერთი ნაწარმოებების პერსონაჟია.

აფრო-ამერიკელების უფლებებისათვის მებრძოლი პოეტი გარდაიცვალა 1967 წლის 22 მაისს ნიუ-ორკში.

ხშირად მწერლები თავისი ნაწარმოებებით ახერხებენ პოლიტიკური გარემოს შეცვლას, სხვა მებრძოლებთან ერთად, რა თქმა უნდა. ლანგსტონ ჰიუზისა და სხვების მეცადინეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს ზანგს, რომელსაც უკვე პოლიტ-კორექტულობის გამო აფრო-ამერიკელს უწოდებენ, შეუძლია  ბარს  აღარ შეფაროს თავი იმის გამო, რომ კონსტიტუციამ კრახი განიცადა და ფერადკანიანი ვერ გახდება ამერიკის პრეზიდენტი. უკვე მეოთხე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი ჰყავს...
 
ძალიამ მოკლე და ლაკონური ნოველაა ჩვენს წინაშე. ერთი ამოსუნთქვით რომ გადმოგვცემს სათქმელს, უფრო სწორად სუნთქვას რომ სწრაფს ხდის დაძაბულობისაგან და თვითონ კი სწრაფად მთავრდება... ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრა, ნებისმიერი ნიშნით, რასის, რელიგიის ან სხვა რამის გამო, არის ყველაზე დიდი ცოდვა კაცობრიობისა.

საუკუნეების მანძილზე, ადამიანებს რომ ჰყიდდნენ, სჯიდნენ, ზოგჯერ სიკვდილითაც, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მისი მფლობელი იყვნენ - ეს არის ყველაზე საძაგელი, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყოფილა.

თუმცა, ნოველა მარტო ზანგების პრობლემას არ მოგვითხრობს. თავის შეფარება ბარისთვის ძალიან ადვილია, მაგრამ ვინ გააკეთებს საქმეს?

იქნებ ამის კითხვაც უნდა ავტორს?

თავშესაფარი

(თარგმანი ნანი წერეთლისა)

- მხოლოდ ბარში შეიძლება თავის შეფარება. - თქვა სიმპლმა.

- შენ რაღაც ხშირად აფარებ თავს ბარებს. - შევნიშნე მე.

- მართალია. - მიპასუხა სიმპლმა.

- მერე რატომ?

- იმიტომ, რომ ყოველგვარი თავშესაფარი დამენგრა. დავკარგე მშობლების, ცოლის, პატრონის, თვით ჩემი თავის იმედი.

- ამით რა გინდა თქვა?

- ის, რომ მშობლებმა გამაჩინეს, მაგრამ უფულობის გამო უსწავლელი დამტოვეს. ღლაპი ვიყავი და უკვე ვმუშაობდი.

- ასე ბევრს ემართება. - ვუთხარი მე.

- უფრო ფერადკანიანებს ემართებათ, - თქვა  სიმპლმა. - ჩემს ცოლს გაჭირვებაში ვერ ვენდობი. კრიზისი დროს სამუშაო რომ დავკარგე, იზაბელას არ გაუწევია ჩემთვის მეგობრობა. გაჭირვებაში ვერ ვენდობი.

- ამიტომ დაუწყე ძებნა თავსესაფარს ბარებში? - ვკითხე მე.

- არა, - მიპასუხა  სიმპლმა. - მე ბარში ცოლის შერთვამდეც დავდიოდი. როგორც კი წამოვიზარდე, მაშინვე დავიწყე ბარებში სიარული.

- მე მგონი, ეკლესიაში რომ გევლო, უკეთეს თავშესაფარს იპოვნიდი.

- თქვენ ღმერთს გულისხმობთ? ეეჰ! ბევრია ახლა ღვთის შემყურე. მე მგონი, ღმერთი იმათ ეხმარება, ვინც ხელს არ ანძრევს. მეც ვცდილობ ხელი გავანძრიო, მაგრამ გზას თეთრკანიანი იკაფავს, ფერადკანიანი კი ღვთის ანაბრად რჩება.

- შენ კი ბარებს აფარებ თავს.

- თქვენ გგონიათ მე დილიდან საღამომდე ბარებში დავეხეტები? - შემეპასუხა  სიმპლი. - დილის რვა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე ვმუშაობ! აბა, ჰკითხე ჩემს პატრონს, როგორ ვმუშაობ. თითქოს კმაყოფილია ჩემით, მაგრამ რა გამოვიდა! შეასრულა შარშანდელი პირობა და მომიმატა ჯამაგირი? უკეთეს თანამდებობაზე გადამიყვანა? არა და არა! თეთრკანიანებმა დიდი ხანია წინ წაიწიეს, მე კი ისევ ისეთსავე მდგომარეობაში ვარ, როგორშიაც ვიყავი. შავკანიანს, რამდენადაც ვიცი, არ შეფერის წინსვლა. თუ გინდათ, სანაძლეო დავდოთ: მე რომ თეტრკანიანი ვყოფილიყავი, აქამდე ბევრად წინ წავიწევდი.

- შენ ისევ ძველებურად ჭიკჭიკებ?

- სანაძლეოს ვდებ: მე რომ თეთრკანიანი ვიყო, ასე ღარიბი არ ვიქნებოდი. რატომ უნდა იცხოვროს სიღარიბეში თეთრკანიანმა, როცა მისთვის ყველა გზა ხსნილია. თეთრკანიანს ყოველგვარი სამუშაოს შოვნა შეუძლია ყველგან. მას შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. განა მეც შემიძლია?

- კი მაგრამ, ხარ საპრეზიდენტო კაცი?

- მიპასუხეთ ჩემს შეკითხვაზე, - თქვა  სიმპლმა, - და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებთ. შემიძლია გავხდე პრეზიდენტი, თუ არა? ტრუმენი, როგორც ხედავთ, პრეზიდენტია. მეც გავხდები? რითია ის ჩემზე უკეთესი?

- მე არ ვიცნობ ბატონ ტრუმენს და ამიტომ არაფრის თქმა არ შემიძლია.

- ვითომ ჩემზე უკეთესი ჩანს? - მკითხა  სიმპლმა.

- არა მგონია... ვუპასუხე მე.

- მაშინ რატომ ვერ უნდა გავხდე მე პრეზიდენტი? იმიტომ, რომ ფერადკანიანი ვარ.

- ესე იგი, შენ ბარებში დადიხარ იმის გამო, რომ სულერთია პრეზიდენტი მაინც ვერ გახდები? - ვკითხე მე. - ეს რა მიზეზია?

- სრულიად საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ ბარებში იაროს კაცმა, - თქვა სიმპლმა. - თუ ამერიკაში ვინმეს შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, მაშინ მეც მაქვს ამის უფლება. კონსტიტუციით ყველა თანასწორია, მაგრამ მაქვს თუ არა მე ეს თანასწორობა? არა მაქვს, და ეს უკვე კრახია!

- შენ გინდა თქვა, რომ კონსტიტუციამ კრახი განიცადა!

- დიახ. - თქვა სიმპლმა. - ასევე დამარცხდა იგი გასულ თვეში იმ მიზეზით, რომ ის საცოდავი ზანგი ლინჩის წესით დასაჯეს. ერთი კაცი მაინც თუ დააპატიმრეს იმ ბრბოდან? არც ერთი! აბა, თეთრკანიანი ბავშვი აეყვანა ხელში რომელიმე ზანგს და უბრალოდ ქუჩის მეორე მხარეს გადაეყვანა, მაშინვე ოც წელს მიუსჯიდნენ. ფედერალური საგამომძიებლო ბიურო კლანჭებს ჩაავლებდა და მეორე დღესვე ორმოც ბრალდებას მაინც მიაკერებდა. თუ ფერადკანიანს კონტრაბანდული ვისკის გაყიდვაზე ანდა აზარტულ თამაშობაზე წაასწრეს, ერთ ციხეს არ აკმარებენ. ყველა სამხრეთელს ნება ეძლევა სცემოს ფერადკანიანს, ლინჩის წესით დასაჯოს, დაწვას, ჩამოახრჩოს, - ამისთვის მას არავითარი საფრთხე არ ელოდება. კიდევ ერთი ჭიქა ლუდი ჩამომისხი, ტონი! ჰოდა, მეც ამ ბარს ვაფარებ თავს, რადგან შეერთებულ შტატებში მეტი თავშესაფარი არა მაქვს.

0

ავტორი: