10:44:55     13-09-2011
Caesar - 155 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა
ფრანგული წარმოების 155 მმ-იან თვითმავალ ქვემეხ-ჰაუბიცა Caesar-ი შემუშავდა GIAT-ის მიერ. საარტილერიო სისტემა განვითარდა F3-ის ტიპის თვითმვალი ჰაუბიციდან, რომელიც AMX-13 ტიპის მსუბუქი ტანკის შასიზე იყო დაფუძნებული. Caesar-ის პირველი საჯარო ჩვენება 1994 წელს მოხდა. თავდაპირველად, 2003 წელს საფრანგეთის არმიას გამოსაცდელად ხუთი ერთეული საარტილერიო სისტემა გადაეცა. ჰაუბიცა შეიარაღებაში 2007 წელს მიიღეს. არმიამაც პირველი სერიულად წარმოებული საარტილერიო სისტემები იმავე წელს მიიღო. საფრანგეთის არმიამ ბრძანება სულ 72 ერთეული ამ ტიპის ჰაუბიცის შესყიდვაზე გასცა, რათა მომხდარიყო TRF1-ის ტიპის ბუქსირებადი საარტილერიო სისტემების ჩანაცვლება. სისტემის ექსპორტიორები ტაილანდი და საუდის არაბეთი არიან.
Caesar-ი შეიარაღებულია 155 მმ-იანი L52 ტიპის ქვემეხ-ჰაუბიცით, რომლის დატენვაც ნახევრად ავტომატურ რეჟიმში ხდება. ქვემეხ-ჰაუბიცა შეთავსებადია „ნატოს“ სტანდარტის 155 მმ-იან ამუნიციასთან. ქვემეხ-ჰაუბიცის საბრძოლო კომპლექტი სულ 18 ჭურვისაგან შედგება, მასში შედის როგორც ჩვეულებრივი, ისე რეაქტიული მსხვრევად-ფუგასური, ტანკსაწინააღმდეგო, კასეტური, საკვამლავი და მანათობელი ჭურვები. მას ასევე შეუძლია გაისროლოს მართვადი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომელთა მოქმედების არეალი 34 კმ-ს შეადგენს. Caesar-ის სროლის მაქსიმალური მანძილი რეაქტიული ჭურვების გამოყენების შემთხვევაში 42 კილომეტრია, ხოლო ქვემეხ-ჰაუბიცის მაქსიმალური სწრაფსროლა 6 გასროლაა წუთში.
საარტილერიო სისტემის კაბინა ბრონირებულია და მისი ჯავშანი ეკიპაჟის დაცვას მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან უზრუნველყოფს. ჰაუბიცაზე მეორადი შეიარაღების სახით შესაძლებელია 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის დაყენება.
Caesar-ის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას და ამის საპირისპირო ქმედებასაც ერთ წუთზე ნაკლები დრო ჭირდება. დისლოცირების ადგილის სწრაფად შეცვლის უნარი ჰაუბიცას საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს მოწინააღმდეგის ბატარეის ცეცხლი.ქვემეხ-ჰაუბიცაზე დამონტაჟებულია კომპიუტერიზებული ცეცხლის მართვისა და GPS ნავიგაციის სისტემები.
ქვემეხ-ჰაუბიცის პროტოტიპში Mercedes-Benz Unimog-ის ტიპის 6x6 კონფიგურაციის შასი იყო გამოყენებული, ხოლო სერიულად წარმოებულ საარტილერიო სისტემებზე ფრანგული წარმოების Renault Sherpa 5 6x6 კონფიგურაციის შასი გამოიყენება. საარტილერიო სისტემაზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია Renault dCI 6 ტიპის ძრავა, რომელიც 240 ცხენისძალას გამოიმუშავებს. Caesar-ის ტრანსპორტირება C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავითაა შესაძლებელი.
რვა ერთეული Caesar-ისაგან შემდგარ ბატარეას შეუძლია 1 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგეს დაახლოებით 1 ტონა საერთო წონის ჭურვები დააყაროს. თითოეულ Caesar-ს ემსახურება ერთი დამტენი მანქანა. 0