ჯონ ო’ჰარას „ვიცით მაინც ახლა“ ჯონ ო’ჰარას „ვიცით მაინც ახლა“ />


  11:37:31     12-09-2011

ჯონ ო’ჰარას „ვიცით მაინც ახლა“

a9910.jpg

ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ ო’ჰარა დაიბადა 1905 წლის 31 იანვარს პოტსვილში, პენსილვანიის შტატში, ექიმის ოჯახში. ჩააბარა იელის უნივერსიტეტში, მაგრამ მამა გარდაეცვალა და სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.

მრავალი პროფესია გამოიცვალა, ბოლოს ჟურნალისტი გახდა. თანამშრომლობდა გაზეთებთან Тime და The New Yorker.

პოპულარობა მოიპოვა რომანით „პაემანი სამარაში“, რომელიც 1934 წელს გამოვიდა. რომანში მწერალი ამტკიცებს, რომ ადამიანის ხასიათი განსაზღვრავს მის ბედს. 1935 წელს გამოვიდა მისი ახალი რომანი „ბატერფილდი“.

ო’ჰარა მრავალი რომანისა და ნოველის ავტორია. წერდა პიესებს. მისი ნაწარმოებები ძალიან პოპულარული იყო. ჯონ ო’ჰარასათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური განცდების დეტალურად და სადად გადმოცემა. 1956 წელს მისი რომანი „ჩრდილოეთ ფრედერიკის ქუჩა, # 10“ ეროვნული წიგნის პრემიით დაჯილდოვდა.

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ  ჯონ ო’ჰარას ნოველას „ვიცით მაინც ახლა“. ნოველა „ვიცით მაინც ახლა“ (Now We Know) პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „ნიუ-იორკერ“, 1943 წლის 5 ივნისს. ნოველაში მოქმედება ლოგიკურად მიმდინარეობს, თავიდანვე თითქოს გასაგებია რაც მოხდება... მაგრამ არის ერთი მომენტი, სადაც თითქოს მოქმედება უნდა შეწყდეს, ახალგაზრდები უნდა დაშორდნენ, მერიმ ახალი ამბავი გაიგო... მაგრამ, არავინ აქცევს ამას ყურადღებას, არც მერი და არც ავტორი, იმიტომ, რომ... და ნოველა უჩვეულოდ ლამაზად მთავრდება, ცოტა სასაცილოდაც და ძალიან სასიამოვნოდ.

ჯონ ო’ჰარა გარდაიცვალა 1970 წლის 11 აპრილს პრინსტონში, ნიუ-ჯერსის შტატში.

ვიცით მაინც ახლა

(თარგმანი ინოლა გურგულიასი)

იქ, სადაც მერი სპელესი მუშაობდა, ერთ-ერთი დიდი თეატრის დირექტორის კანტორაში, სამსახურეობრივი წესები მეტად თავისებური იყო. მერიზე ადრე აქ არავინ მოდიოდა. თვითონ მერი თერთმეტის ნახევარზე ადრე არ ცხადდებოდა ხოლმე. დირექტორს თავისი გასაღები ჰქონდა და თუ ვინიცობაა მერიზე ადრე დასჭირდებოდა მოსვლა, შეეძლო თვითონვე გაეღო კარი. ამაში მას არაფრით ხელი არ ეშლებოდა. კანტორის შტატი მცირე იყო: დირექტორი, პრესის აგენტი, მოანგარიშე, დირექტორის მდივანი და მერი, რომელიც თავითავს მიმღებ მდივანს უწოდებდა. მართალიც იყო, მაგრამ ამას გარდა მას სხვა მოვალეობებიც ჰქონდა: ბეჭდვა, ელექტრო კომუტატორზე მუშაობა და მთელი რიგი მსგავსი საქმე. ბევრი რამ მოსწონდა მერის თავის სამსახურში: ხელფასი კარგი ჰქონდა, ამასთან დრო და დრო მოულოდნელ ბარაქიან პრემიებსაც ღებულობდა. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც დირექტორს ბედი გაუღიმებდა ან დათვრებოდა. მერი კარგად იცნობდა სახელგანთქმულ ხალხს და ზუსტად ჰქონდა აღნუსხული მათი დამოკიდებულება დირექტორისადმი; ყოველ პრემიერას უთუოდ ესწრებოდა და მსგავს დაწესებულებებში მომუშავე გოგონების წყალობით სხვა პროდიუსერების რამდენიმე პრემიერაც ნახა. დირექტორი არ აწუხებდა მას. პრესის აგენტს ერთხელაც არ მიუმართავს მისთვის ამ სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაფერზე კარგი თუ არა, სხვა რამეზე არანაკლებ მომხიბლავი იყო სამუშაოზე გამოცხადების დრო. მიღებისას შეუთანხმდნენ, რომ 10 საათზე უნდა მოსულიყო, მაგრამ სამნახევარი წლის განმავლობაში მან გამოცხადების დრო 11 საათს მიუახლოვა; მართალია, ამან მოანგარიშის ბუზღუნი გამოიწვია, მაგრამ იმანაც მალე ჩაიკმინდა ხმა, როდესაც დაინახა დირექტორის კეთილი დამოკიდებულება მერისადმი.

ზარმაცი გოგო არ იყო მერი, მაგრამ დროსტარება უყვარდა და როცა ისე შორს ცხოვრობ, რომ ტაიმზ სქვერიდან სახლში მისასვლელად ტაქსზე 4 დოლარი გჭირდება, თუ ქალაქში პაემანი გაქვს, ცხადია ძილი დაგაკლდება. მერის ძალიან უყვარდა თავისი რვა საათი.

რადგან ის ქვინზის უშორესი მოსახლე იყო და ავტობუსის ხაზი მის სახლთან მთავრდებოდა, მერი ხშირად მეტროს სადგურამდე მიმავალი ავტობუსის პირველი მგზავრი იყო. წლობით მგზავრობის გამო ის უკვე თორმეტიოდე ავტობუსის მძღოლს იცნობდა სახით და სალმითაც. მაგრამ მათ შორის ჰერბერტი იყო ერთადერთი, რომელთანაც უფრო ახლო დამოკიდებულება ჰქონდა.

ერთ დღეს ჰერბერტი ავტობუსში იჯდა და ახალი რეისის დასაწყისს ელოდა. მერი იმდენად ხშირი მგზავრი იყო მისი, რომ ყოველ შეხვედრაზე ისინი თავის ქნევითა და ღიმილით ესალმებოდნენ ერთმანეთს - დილა მშვიდობისა, მაგრამ ამ დილით რაღაც უჩვეულო სჭირდა ჰერბერტს. ჩვეულებრივ, ამ ებრაელის ბიჭს სევდიანი თვალები ჰქონდა, ოდნავ მღვრიეც კი, რითიც ჯოჯო რონალდ კოლმანს ამგვანებდა მერი მას; ლამაზად იღიმებოდა ხოლმე, მშვიდად, სევდიანად. მაგრამ ამ დილით რაღაც ეშმაკი შესჩენოდა ჰერბერტს და როცა მერი ავტობუსთან გამოჩნდა, ისეთი სახე მიიღო თითქოს ვერ ამჩნევსო. მერიმ ფრთხილად მიუკაკუნა შუშის კარზე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მექანიკურ გასაღებს სწვდომოდა, ჰერბერტმა ფრჩხილებზე დაიხედა და გასაპრიალებლად შარვალზე დაუწყო ხეხვა. მერე ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ფრიად გართული იყო ფრჩხილების წმენდით. მერიმ ისევ დააკაკუნა, მაგრამ ამჯერად ჰერბერტმა საათზე დაიხედა, წარბები შეჰყარა, მანქანა აამუშავა და დასძრა. ისე რომ კარი არ გაუღია. მერიმ დააბრახუნა კარზე. ახლა თითქოს პირველად შენიშნაო იგი, ჰერბერტმა მანქანა დაამუხრუჭა და კარის გასაღები მოსწია.

- ჰეი, შენ! - შეუბღვირა მერიმ. პასუხად ჰერბერტმა გაუღიმა და მიესალმა - დილა მშვიდობისა! ისე მოწიწებით და თავაზიანად იყო ეს ნათქვამი, რომ მერიმ ეჭვის მიტანაც ვერ შესძლო, მაგრამ მეორე დილით ჰერბერტმა იგივე გაიმეორა. მაშინ კი გაბრაზდა მერი - ეტყობა, ვიღაც ცალი თვალით ბრმაა და მეორეც ღალატობს, მიკვირს, ვინ სვამს ასეთებს ავტობუსის საჭესთან.

- მაგას ჩემზე ამბობ?

- ქურდს ქუდი ეწვის. და, გარდა ამისა, როცა კაცს ასე ძალიან აკლია ყურს, სჯობს სასმენი აპარატი გაიკეთოს.

მესამე დილით მერი დაუკაკუნებლად გაჩერდა ავტობუსის კართან. ამჯერად ჰერბერტმა მთელი წუთი ალოდინა. შემდეგ კი თავი მარცხნივ მიაბრუნა და ზევით აიხედა, თითქოს ცაში თვითმფრინავს უყურებსო. ეს ისე დამაჯერებლად გააკეთა, რომ მერიმაც აიხედა მაღლა. სწორედ ამ მომენტში ჰერბერტმა კარი გაარო, მობრუნდა და სიცილი წასკდა.

- მასხარა! - თქვა მერიმ და ფული ყუთში ჩაუშვა. მეორე დილით გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა. ავტობუსს წინიდან მოუარა, მძღოლის წინ მინას მიეყრდნო და გაზეთის კითხვას შეუდგა. ჰერბერტმა მთელი ორი წუთი ადროვა, მერე კი საყვირს დააჭირა და მერი შეაშინა.

- ჯანდაბა შენს თავს! - შეჰყვირა ქალმა. უნდოდა შევარდნოდა მანქანაში და კარგად გამოელანძღა; მაგრამ ჰერბერტი სიცილით კვდებოდა და კარს არ უღებდა. როცა ბრაზმა გადაუარა, მერიმ გადაწყვიტა არ გაჰყოლოდა მის ავტობუსს. ავტობუსის გაჩერებასთან ხის სკამზე ჩამოჯდა და კვლავ ყურადღებით განაგრძო გაზეთის კითხვა. ჰერბერტმა კარი გააღო, მაგრამ მერის არც აუხედია გაზეთიდან. აწრიალდა ჰერბერტი: ცალკე იმისგან, რომ მერი მართალა ნაწყენი ჩანდა და არ აპირებდა მისი მანქანით მგზავრობას, ცალკე კიდევ იმითაც, რომ გასვლის დროს უკვე ერთი წუთი გადასცდა. მანქანიდან გადმოვიდა და მერის მიუახლოვდა:

- ბოდიშს ვიხდი,- უთხრა ქალს.

- არ ვღებულობ შენს ბოდიშს. მეორე ავტობუსს გავყვები და კიდევაც დაგაბეზღებ, აი ნახავ.

- აბა მაგას როგორ იზამ. განა თვითონ არ იცი, რომ გეხუმრე?

- იცი, რომ კეთილი გული მაქვს და არ დაგაბეზღებ, არა? ჰოდა სარგებლობ ამით.

- ეგ რომ მცოდნოდა, სულ არ დაგიწყებდი ხუმრობას. ისეთი რა მოხდა, ეს ხომ უბრალო ქათინაური იყო ჩემგან.

- აბა რა ქათინაურია, საყვირით გული გამიხეთქე.

- სულაც არ მინდოდა. ძალიან ვწუხვარ და უმორჩილესად გთხოვ პატიებას, გეხვეწები ჩაჯექი.

მერი ერთხანს შეყოყმანდა და მერე სთქვა - ჰო, კარგი, ოღონდ შეწყვიტე ეგ კომედია. მეც ისეთივე სამსახური მაქვს, როგორც შენ.

ავტობუსში ჩასხდნენ. მერიმ ჩანთაში ფულს დაუწყო ძებნა.

- არა, გზის ფული ჩემზე იყოს დღეს. ნეტავ ყოველ დილასაც ჩემზე იყოს.

- შაურიანი არ დამაქცევს, - თქვა მერიმ - და, გარდა ამისა, მე შენ არც კი გიცნობ.

- მე კი გიცნობ. რა გქვია? სახელიც კი არ ვიცი შენი.

- რად გინდა ჩემი სახელი?

- ჩემი გვარია ლუისი, ჰერბერტ ლუისი. იქნებ დასაბეზღებლად დაგჭირდეს. იცოდე ჩემი სახელი და გვარი.

- ჰოდა, შენც იცოდე, მეორედ აღარ მემასხრო ეგრე, თორემ ბევრის მოთმენა არ შემიძლია.

- ე-ე-ეჰ! მინდოდა ამ ერთფეროვნებაში ცოტა ხალისი შემეტანა და ვიფიქრე, შენ მაინც გამიგებდი კარგად.

- გავიგებდი! - მერიმ ფული გადაიხადა და ავტობუსის ბოლო ადგილებიდან ერთ-ერთი შეარჩია, რომ საუბარი აღარ გაგრძელებულიყო. ჰერბერტი მგზავრებს არ ესალმებოდა და ამით მიხვდა მერი, რომ ის ძალიან ცუდ გუნებაზე იყო. მეტროს სადგურთან ჩამოსასვლელად მერიმ უახლოესი შუა კარის ნაცვლად წინა კარი ირჩია და ჩასვლის დროს თბილი ღიმილით დაემშვიდობა მძღოლს. ვიდრე ქუჩა გადაჭრა და მეტრომდე მივიდა, მის თვალებს გრძნობდა და ისიც იცოდა, რას ამბობდნენ ეს თვალები.

მომდევნო დღეებში ხუმრობა აღარ განმეორებულა, თბილი ღიმილით ხვდებოდნენ ერთმანეთს და მერი გრძნობდა, რომ ორივენი ერთნაირად ელოდნენ ამ შეხვედრებს. ახლა ის ცდილობდა წინ დამჯდარიყო, მასთან ახლოს. ასე და ამგვარად გაიგეს ერთმანეთის ამბები: ჰერბერტი ცოლიანი აღმოჩნდა, ორი შვილი ჰყოლია; ცხოვრობდა ჯექსონ ჰეიტზე; ერთ დროს თურმე მედიცინის შესწავლაზე ოცნებობდა; ბავშვობაში ორი წელი სწავლობდა მუსიკას; ერთხელ ექვსი თვით თავი დაენებებინა პაპიროსისათვის, მაგრამ ისე გასუქებულიყო, რომ ტანისამოსი აღარ ეტეოდა; ძმა ჰყოლია კოუსტ გრადში; კინო დროის დაკარგვად მიაჩნდა, ბროდვეის თეატრებში კი მას შემდეგ აღარ ყოფილიყო, რაც ცოლის დასა და სიძესთან ერთად „ხალხთა გაცნობა“ ნახა. მერიმ უამბო, რომ კუბაში იმგზავრა ზღვით; რომ ნამთვრალევზე კოკა-კოლაში ურევს ნიშადურს, რომ ირლანდიელებზე მეტი ებრაელები ჰყავს მეგობრად, რომ ბავშვობაში ისიც სწავლობდა მუსიკას ორი წელი; რომ მწვადი უყვარს გარედან დაბრაწული და შიგნით ცვრიანი; რომ თორმეტი წლისას უნდოდა მოწყალების და გამხდარიყო, და რომ ცხოვრობს დედასთან და სამ დასთან ერთად მეოთხე სახლში იმ მწკრივიდან, რომელიც ავტობუსის ბოლო გაჩერებიდან მოსჩანს. ერთ-ორ კვირაში მათ იცოდნენ ყველაფერი, რისი ცოდნაც კი შეეძლოთ, რომ შეყვარებოდათ ერთმანეთი და ქვეცნობიერი სიფრთხილის მერე დადგა დრო, როდესაც რომელიღაცას პირველი ნაბიჯი უნდა გადაედგა.

ერთ დილით მერიმ უთხრა მას - იცი, თუ გინდა, შემიძლია ორი ბილეთი გიშოვო სამშაბათისათვის, ღამის წარმოდგენაზე.

- საშვი?

- ჰო, ჩემი უფროსი... ჩვენ ვაწყობთ წარმოდგენას პარასკევს, მაგრამ, მათ უნდათ, რომ ხალხმა ნახოს ეს წარმოდგენა კრიტიკოსებზე ადრე, ჰოდა, სამშაბათს, ბრუკლინ ედისონის თანამშრომლები თუ ბონდ ბროუდისა, ერთი სიტყვით, რომელიღაც ამგვარი კლუბი ღებულობს უფასო ბილეთებს. ადგილებიც დანომრილია და ყველაფერი ისევეა, როგორც პრემიერაზე, მხოლოდ კრიტიკოსები არ დაიშვებიან. ჩვენ გვინდა მხოლოდ ხალხის შეხედულება გავიგოთ. ეს იქნება როგორც გენერალური რეპეტიცია, გავიგებთ სად გაიცინებს ხალხი და რა არის ზედმეტი, შესაკვეცი და ასე შემდეგ. არ გინდა წახვიდე ცოლთან ერთად?

- იცი რა, მერი, მეჯავრება ჩემი ცოლი.

- ჰო? არა, მე ვიფიქრე... რა ვიცი, როგორც გინდა.

- უმადურობაში ნუ ჩამომართმევ, მადლობელი ვარ შენი, გულწრფელად მადლობელი. შენ თვითონ წადი ამ წარმოდგენაზე. ალბათ კარგ დროს გაატარებ. წაიყვანე ვინმე, ვინც შენ გინდა, ისიამოვნე. ჩემი ცოლი ამ კატეგორიის ხალხს არ ეკუთვნის. ზურგს უკან კი არ ვლაპარაკობ. ყველამ იცის ჩვენი ამბავი, პირველად კი მან წამოიწყო. პირველად მან შემიძულა, მერე მეც შემძულდა. მხოლოდ ბავშვების გულისათვის ვართ ერთად... ე-ე-ეჰ! აი, მაჩვენე თუ არა კეთილი გული, დავაღე პირი და ენად გავიკრიფე, მაგრამ ეს მაინც მოხდებოდა ოდესმე, იმიტომ, რომ მიყვარხარ, მერი. გადავწყვიტე მარშრუტი გამოვიცვალო. კიდევ მინდა იცოდე, რომ ეს ჩემი გულახდილობა სულაც არ გავალდებულებს, რაიმე მითხრა, არც არაფრის გაკეთებას, არც არავითარი აზრების გამოთქმას არ გავალდებულებს ის, რომ მიყვარხარ. შეგიძლია მოიქცე, როგორც გინდა. მაგრამ მე აღარ შემიძლია ამდენი ტანჯვა და ლოთობა. ჰოდა, ვითხოვე რომ გამომიცვალონ მარშრუტი.

- მართლა? როდის უნდა გადაგიყვანონ?

- ორშაბათს საღამოს ფორესტ ჰილიდან ერთი ყმაწვილი შემცვლის, ის ახლოს ცხოვრობს და უფრო მოსახერხებელი იქნება მისთვის. ერთი კვირაა ორშაბათ საღამომდე. ოჰ, ღმერთო, მთელი დღე შენზე ვფიქრობ. ჩემი ცოლი კი არაფერი, მაგრამ - ამდენი ხალხი? - ფუი, შენ არაფერს ამბობ. ფიქრობ, ეჰ, ისედაც ვიცი რასაც ფიქრობ.

- მართალი ხარ. არც უმაგისობაა, საფიქრალი მართლაც ბევრი მაქვს.

- არა, ხომ გითხარი, არაფერზე არ უნდა იფიქრო-მეთქი, ყველაფერი ეს მხოლოდ იმიტომ გითხარი, რომ დავმშვიდდე. შენ არაფერი გაქვს გადასაწყვეტი.

- სწორედ მანდ ცდები, ჰერბერტ. მე გადავწყვიტე ის, რომ შენ პირველს გათქმევინე ყველაფერი. შენ რომ არ გეთქვა, ალბათ მე გეტყოდი რამეს, ან მიგახვერებდი როგორმე, ყოველ შემთხვევაში, ახლა ყველაფერი ნათელია ჩვენთვის.

- ჰო, მეც ასე ვფიქრობ, ახლა ხომ ვიცით მაინც.

0

ავტორი: