იოანე ნათლიმსცემლის თავის კვეთა მათეს სახარების მიხედვით იოანე ნათლიმსცემლის თავის კვეთა მათეს სახარების მიხედვით />


  11:36:00     12-09-2011

იოანე ნათლიმსცემლის თავის კვეთა მათეს სახარების მიხედვით

a9909.jpg

11 სექტემბემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს იოანე ნათლიმსცემლის თავის კვეთის დღეს.

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ამბავი გადმოცემული აქვს მათე და მარკოზ მახარებლებს. ოდნავი განსხვავებით. მარკოზ მახარებლის მიხედვით, ჰეროდეს ეწყინა რომ სთხოვეს იოანე ნათლისმცემლისთვის თავი მოეკვეთა, თუმცა, პატივმოყვარეობით ატანილმა, მაინც შეასრულა თავისი დანაპირები, ყველაფერს შევასრულებო... მათე მახარებლის მიხედვით, კი ჰეროდეს სურდა იოანე ნათლისმცემლის მოკვლა და მხოლოდ ხალხის რისხვას ერიდებოდა, თავის დაბადების დღეზე კი საბაბი მოიპოვა - სიტყვა ჰქონდა მიცემული მოცეკვავე ქალისადმი.

ამ განსხვავების ერთ-ერთი ახსნა ასეთია სჯულისმცოდნეთა მიხედვით. კერძოდ, ჰეროდეს წუხილი, მარკოზის სახარების მიხედვით, მხოლოდ გარეგნული ფარსია. მისი პატივისცემა იოანე ნათლისმცემლისადმი, მხოლოდ ნათლისმცემლის გავლენით და ხალხის შიშით არის გამოწვეული. ასეა თუ ისე, ორივე შემთხვევაში კარგადაა ნაჩვენები, რომ ადამიანმა არ უნდა დადოს ისეთი აღთქმა, რომლის შესრულებაც არ შეუძლია, ან არ უნდა შეასრულოს ისეთი თხოვნა, რომელიც სხვას დააზიანებს. და მთავარი, ადამიანი არ უნდა იყოს პატივმოყვარე...

იოანე ნათლისმცემლის ჩასახვის, მისი დედის წიაღში ყოფნის დროს ღვთისმშობლის სტუმრობის გამო სიხარულის, მისი ობლობის, უდაბნოში ღაღადების, იორდანეზე ნათლისმცემლობის,  სული წმინდის გამოცხადების, მაცხოვრის ნათლიღების და მასთან ერთად თავად იოვანეს განათვლის, შემდეგ მისი ტყვეობისა და თავის კვეთის ამბავი, იმდენად გულისშემძვრელია, იმდენად ამაღელვებელია, იმდენად ამაღლებულია, იმდენად შესანიშნავადაა გადმოცემული, რომ ყველა, მორწმუნე თუ ურწმუნო, არ შეიძლება გულდათუთქული, გაოცებული, აღფრთოვანებული არ დარჩეს და დიდი სიყვარულით არ განიმსჭვალოს იოანე ნათლისმცემლისადმი და უდიდესი მოწიწებით მახარებლებისადმი, რომლებმაც ასე ბრწყინვალედ მოგვითხრეს...

იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები, გადმოცემული მახარებლების მიერ არის ადამიანური გენიის ერთ-ერთი უდიდესი გამოხატულება (სახარების სხვა თემებთან ერთად) უბრწყინვალესი შედევრები უკანასკნელი წინასწარმეტყველისა და ქრისტიანობის პირველი მოწამისა, მაცხოვრის წინამორბედის ცხოვრებასა და მოღვაწეობას რომ ასახავს.

ცხოვრება, ისტორია ქმნის უდიდეს ნაწარმოებებს. ალბათ ვერავინ შეედრება მახარებლებს, რომლებმაც იმდენად ოსტატურად გადმოსცეს ახალი ერის დასაწყისი კაცობრიობის ცხოვრებაში, ახალი აღთქმა, ახალი სინამდვილე და ახალი გმირობა ახალი ადამიანებისა, რომ ვერასოდეს, ვერც ერთი დიდოსტატი მწერლობისა ვერ შეძლებს მსგავსი რაიმეს შექმნას. ეს ყველაფერი ალბათ იმიტომაც, რომ სული წმინდა მონაწილეობდა ოთხივე სახარების შექმნაში... და კიდევ იმიტომ, რომ ამგვარი პერსონაჟები, თუკი შეიძლება ასე ითქვას, სხვა ვინ შეიძლება ყოფილიყო...

შემდეგ მაცხოვრის ცხოვრების მოთხრობა, ახალი აღთქმის გადმოცემა, ქრისტეს წამების, გოლგოთის გზისა, ჯვარცმისა, გარდაცვალების, მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების მოთხრობა - ეს ხომ ტიტანური ტვირთი გახლდათ, რომელსაც შეუდგნენ მახარებლები და ბოლომდე ზიდეს. შეასრულეს მათზე დაკისრებული განიალურად, სული წმინდის დახმარებითა და უდიდესი ნიჭის წყალობით.

 ახალი აღთქმის თემებს მერეც ბევრი მწერალი მიუბრუნდა, მაგრამ მახარებლების დონისა,  თუნდაც ლიტერატურული თვალსაზრისით, ნაკლებად შექმნილა.

ოთხივე სახარება არის ადამიანური შემოქმედების უმაღლესი მწევერვალი.

და სახარების მაღალ დონეზე თარგმნა მხოლოდ ასევე დიდ შემოქმედებს შეეძლოთ. დღეს გავიხსენოთ იოანე მახარებლის თავის კვეთის ამბავი მათეს სახარებიდან (ქართული კანონიკური სახარება - გიორგი მთაწმინდელის რედაქცია).

მათე, 1, 1-13

1. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუისი,

2. და ჰრქუა მონათა თვისთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.

3. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თვისისა.

4. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.

5. და უნდა ღათუ მისი მოკლვაი, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი.

6. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაი იგი მისი.

7. რომლისათვის ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაიცა ითხოვოს.

8. ხოლო იგი წინაისწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაი.

9. და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა ბრძანა მიცემად იგი მას.

10. და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა.

11. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თვისსა.

 12. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს  იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს.

13. ესმა რაი ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკვირცხლ ქალაქებისაგან.
0

ავტორი: