11:06:50     12-09-2011
БМ-30 Смерч - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
БМ-30 Смерч-ი არის საბჭოთა წარმოების მძიმე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. დღესდღეობით, „სმერჩი“ უძლიერესია საარტილერიო დანადგარია თავის კლასში. მასზე მუშაობა საბჭოთა კავშირში 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ხოლო არმიამ შეიარაღებაში 1987 წელს მიიღო. საარტილერიო სისტემის დანიშნულება მოწინააღმდეგის ქვეითი ძალის, მძიმედ და მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, სამეთაურო პუნქტების, ამუნიციის მარაგებისა და სხვა მსგავსი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებაა.
ამჟამად БМ-30 Смерч-ი 14 ქვეყნის შემადგენლობაშია, მათ შორის: რუსეთის (300), აზერბაიჯანის (18), უკრაინის (99) და სხვა. ეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთის ორივე ომში. „სმერჩის“ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა დაახლოებით 3 წუთშია შესაძლებელი. იგივე დროა საჭირო სამარშო რეჟიმში გადასასვლელად და საცეცხლე პოზიციის დასატოვებადაც.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 Смерч-ი ბაზირებულია МАЗ-543 8x8 ტიპის მაღალი მობილურობის მძიმე სატვირთო მანქანაზე. „სმერჩზე“ ძალური დანადგარის სახით დაონტაჟებულია Д12А-525А 39.9 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა, რომელიც 525 ცხ.ძალას გამოიმუშავებს.
„სმერჩის“ ხელახალ დატენვას უზრუნველყოფს 9T234-2 ტიპის დამტენი მანქანა, რომელიც „სმერჩის მსგავსად МАЗ-543А ტიპის შასიზეა დაფუძნებული. დამტენ მანქანაზე დამონტაჟებულია ჰიდრავლიკური ამწე და ის 12 ცალ რაკეტას ატარებს. რეაქტიული სისტემის დატენვას დაახლოებით 36-38 წუთი სჭირდება. „სმერჩის“ ბატარეა ექვსი გამშვები და ამდენივე დამტენი მანქანისაგან შედგება.
Army.ge
0