მიხეილ ღანიშაშვილის „აცამაზი“ (ოსური პოემა) მიხეილ ღანიშაშვილის „აცამაზი“ (ოსური პოემა) />


  12:36:54     10-09-2011

მიხეილ ღანიშაშვილის „აცამაზი“ (ოსური პოემა)

a9874.jpg

მიხეილ ღანიშაშვილს ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება კარგად იცნობს. მას პრესა.გე-ს მკითხველიც შეხვედრია. ის გახლავთ კავშირ-ორდენ „მარადახალი ქნარის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

დღეს, გთავაზობთ მიხეილ ღანიშაშვილის პოემას „აცამაზი“ (ოსური პოემა). „აცამაზი“ იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც გამოქვეყნებული იყო ერთი მწერლის ნაწარმოები, თამარ მეფე რომ ახსენა... „აცამაზი“ ერთგვარი, ფარული პოლემიკაა იმ ნაწარმოებთან და მის ავტორთან... ეს არის ორის სხვადასხვა მსოფლმხედველობის, ორი სხვადასხვა მსოფლმიმართების, ორის სხვადასხვა მორალის მწერლის დაპირისპირება...

მიხეილ ღანიშაშვილის პოემა კარგად გვიჩვენებს, როგორ შეუძლია პოეტს, მხტვრულად გადმოცეს სათქმელი, ყოველგვარი თითიდან გამოწოვილი და მოდური პასაჟებისა თუ სცენების გარეშე, თუ ის მართლა შემოქმედია... თანაც, რაც მთავარია, მკითხველთა დიდი ნაწილის გრძნობების შეურაცხყოფის გარეშე.

მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არსებობენ ნამდვილი შემოქმედები.

აცამაზი (ოსური პოემა)

„ხოლო მე ესცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახეკეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოვნელნი, ღირსნი და მონდობილნი ჭაბუკობისანი, ვითარ: „ღირს რამცა ვიყავით მოწონებად და მიხდომად ბედსა ამას საზესთოსა" და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი. წარსულთა თვისად მამულად ერთსა მათგანსა შეემთხვა მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი, რომლისათუის ვერ გამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს, საყდარსა შინა წმიდისა რაჟდენისსა, რომელი მუნვე დაკრძალეს."

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"                                                          
 
                                  I
 
აკრეფილია მანანა, თვალ-მარგალიტი მიწის,
აინთო კარი აისის, ფეთქავს, ბრიალებს, იწვის...
მზე შუბისტარზე შემდგარა, სამყაროს სხივებს აფენს,
სინათლის ლეგიონები სიბნელის ტევრებს კაფენ.
დილაა. ცაში ტოროლა მოუსვენარად გალობს,
ელვარებს, ბრწყინავს, ქათქათებს ივერთა ოქროს კალო!..
 
განგებულებას სამეფო კარისას უცვალებელს,
ამცნობენ სრულად სამეფოს, ეტრატს ეტრატზე დებენ.
მი-მოაქვთ შიკრიკ-მაცნეებს ნიკოფსით დარუბანდად,
ციხისთავ-ერისთავებთან, წასაკითხავად ამბად.
უსტარი ესე ახალთა არის ამბავთა მთხრობი,
გონების აღმტაცებელი და ყურთასმენის მთრობი.
ნიაზად მოსასმენარი და გასაგონი ამოდ,
ყველსთვის მისაღებარი შინაარსისა გამო:
”სამეფოს ბურჯნო მაგარნო, აფხაზეთო და რანო,
კლარჯეთო, ჰერეთ-კახეთო, მეგრელ-თაკვერო, სვანო.
გურიავ, რაჭა-ლეჩხუმო, აჭარავ, ჭანეთ-ლაზო,
სომხითო, კოლა-არტანო, შავშთა ურყევო ხაზო.
იმერეთო და მესხეთო, ქართლო, ფხოვო და თქვენაც,
მომდგომნო ამის გვირგვინის ქვეშე ქვეყნებო ქვენავ.
ოვს-ალანეთო, დვალეთო, დურძუკო, ღლიღვო, დიდოვ,
შარვანო, შექო და შენაც ტრაპეზუნდისა ხიდო,
ყველანო, ყოვლისკიდენო, ყოვლნო ტომად და რჯულად,
ისმინეთ ესე ამბავი და განიცადეთ სრულად:
მეფენი ბაგრატოვანთა არ-ხამს ცალუღლად ვლიდენ,
ჟამი არს მანდილს ქალწულის დედის ლეჩაქი ცვლიდეს!
ტახტსაც, გვირგვინსაც, სკიპტრასაც თავის მემკვიდრე უხამს,
უმთავარსპასალრობასაც უკაცურს სპანი წუხან!
ამად ნებითა ღვთისათა და პატრიარქის ჩვენის,
სპასპეტთა, ერისთავთა და ვაზირთა მთელი კრების
განბჭობითა და განბრძობით, აზრით და დასტურ-ყოფით,
გარდასწყდეს ესე ამბავი, რაც გეუწყებათ ხმობით:
მისი სიწმინდე, სიმაღლე, დიდებულება თამარ,
მზად არის დასაწინდავად, ქმრად ირთავს რუსთა მთავარს.
ჯერ-არს ჯვრისწერა, ქორწილი, ხმათა მიწვდენა ცამდე,
მსგეფსამდე იზემებდეთ და იშუებდეთ წლამდე!
ებრძანოს სრულად სამეფოს, იმიერსა და ამერს,
უძღვნიდნენ ოჯახს სამეფოს დიდებასა და ამენს.
დღესა მას სიხარულისას უხვად გაიცეს ლარი,
მღეროდეს ყველა კერაზე ბუკ-წინწილა და ქნარი.
თვით სანატრელის ნდომაა, დამკვიდრდეს ესეც წესად:
თუ ვინმეს სადმე ქვრივ-თული, ობოლ-საპყარი ესვას,
ყოველწლივ, აღსანიშვავად ამა თარიღის, ჟამის,
თვით მეფის საჭურჭლეთაგან ოქრო მიერთვას ჯამით!..”
 
სხვაც ბევრი იყო ბრძანება თქმული ჯვრისწერის დღისად,
უთანასწორო მეფის და ქორწილის საკადრისად.
ჯილდონი მოხელეთათვის, ლაშქართათვის თუ ერთა,
მღვდელთა თუ ეპისკოპოსთა, სრულად ყველასთვის ერთად.
საბერო სავანეთათვის, ტაძართა, ციხეთათვის,
წყალობისა და საჩუქრის მიმღებთა რიცხვს ვინ დათვლის!
 
ეზრახათ შესაფერისად არ ოდენ ქვეყნის შიგნით,
მიწერა წვევის ბარათთა უფრო შორადაც წიგნით.
სხვადასხვა სამეფოთათვის კავკასად, ბიზანტიად,
მისრეთად, რუმად, ხაზარად, ბრანჯად და ფლორენციად...
 
ამბავი ქორწინებისა ქართველთ მნათობი-მეფის
განფენილიყო სამყაროს ოთხივე კუთხეს ყეფით.
მოყეფდნენ, მოიგალობდნენ ენით ნარნარით ყოვლნი,
მსუბუქად მოიფრქვივიან ვარდის ფურცელთა თოვლნი...
 
                                  II
 
სიხარულს მიეცემოდა სრულად სამეფო როცა,
ისმოდა დიდთა დიდება და საქორწინო ლოცვა.
ტევა არ იყო სასახლის კარზე სტუმართა ოდეს,
ლხინობდეს როცა ყოველნი, მრავალჟამიერს ხმობდეს.
უპოვართა და გლახაკთა როცა გულიც კი ლხენდა,
კაცი კი არა, პალატთა კედელ-სვეტიც რომ მღერდა.
სიხარულს ვერ იხარებდა, ლხენა ვერ-ეღო ლხენად,
წვეულთა შორის მხოლოდ ერთს, აცამაზს, საცნობს ძნელად!
მოწყენით იჯდა სუფრასთან ალანი დიდებული,
კაეშნის მძიმე სალუქი სულს უჩნნდა მიდებული!
მიზეზი ურვა-ნაღველის მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა:
თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰკვეთდა მისი გორდა;
თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო მეომარი;
თუმც არავისზე ნაკლებად არ ღირდა მისი გვარი;
თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო შესახედი;
თუმც არავისზე ნაკლებად არა სწყალობდა ბედი;
თუმც არავისზე ნაკლებად მას არ შეზრდია თამარ;
თუმც არავისზე ნაკლებად არ უმთავრია მთავარს;
თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰქონდა სიყვარული,
მაშ რატომღა და რისთვისღა ატკინეს ასე გული?!.
გაწირეს... და ვინ გაწირა?.. ლამის ვეღარც კი ხვდება...
თამარმა?!. ნუთუ თამარი რამეზე ემდურება?!.
ნუთუ თამარი ვიღაც რუსს ასე იოლად არჩევს,
მას აქმომდე ამდენი წყალობის მიმღებ-ნაჩვევს?!.
ნუთუ ბავშვობის დღეები ხალისით ნატარები,
აღარც კი ახსოვს, ერთად რომ ცელქობდნენ პატარები?!.
ან სიყმაწვილე ტოლი-ტოლ, მუდამ გვერდი-გვერდ მყოფთა,
სიზმარი იყო და, თურმე, ამხელა ზღუდე ყოფდათ?!.
ბოლოს და ბოლოს, ის უფრო დედულეთია, ახლო,
თვისია, შინაურია, აგერ მთის იქით სახლობს!..
ეს რა, არაფერს არ ნიშნავს?.. უნდა გადესვას ხაზი?..
კი, მაგრამ რატომ?.. რის გამო?.. საქმეს რა ლუქი აზის?..
ვაგლახ, იმედი ბოლომდე თურმე რა უქმად ახლდა,
ავაი, როგორ ყოველი ავად და შავად ახდა!..
ეს რაღაც მოულოდნელი საშინელება არის,
ხვანჯი რამ დიდებულების და სამეუფო კარის!..
უცნობის, შეუცნობელის, გადამთიელი ტომის,
სამეფო ბაგრატოვანთა როდის ყოფილა მდომი?!.
”ვერ გასწევს ქართველთ-მნათობის უღელს დევნილი რუსთა,
კი არ მგონია, ეს ვიცი დანამდვილებით, ზუსტად!..
გვსმენია მათი უზნეო ზნენი ჩვენცა და სხვათაც,
ლოთთა და სიტყვა-მეძავთა და გარყვნილების კაცთა.
სად გაგონილა, სიკეთეს მათგან ვინ როდის მკიდა,
ფუტკარსა ვარგსა რატომ ან ვინ გააგდებდა სკიდან?!.
ეს უფრო ხრიკს გავს, საეჭვოს, აბულასანის ფლიდის,
ვინ იცის, რა ჩაიფიქრა, რა მიზან-გეზზე მიდის!..
გაფსკვნილა ზორაბაბელთან, ზანქანს ვინ მოსთხოვს სინდისს,
ის ხომ ყველგან და ყოველთვის თითქმის ყველფერს ყიდის!..
ან დედოფალი რუსუდან, ნეტავ რა ნასკვებს ნასკვავს?
ვერ ვხდები, რად ემტერება იგი ჩემს ბედის ვარსკვლავს?..
რა უნდა, მაინც რას ელის, რაღა მომავალს ნატრობს,
რისი ოცნება აწუხებს, რა მოლოდინი ათრობს?!.
ვიცი, მჯერა და არც ვცდები, თუნდაც ოდნავად, წამით,
ეს მისი ჩანაფიქრია, მსგავსში არ არის ხამი!..
უღირსად გარდუწყვეტიათ თავად უღირსებს საქმე,
უღირსიც მოუძებნიათ კაცი სასიძოდ სადმე...
მძიმესა საქმეს მსუბუქით მიახლებიან ხელით,
აიძულებდნენ თამარსაც, ალბათ, სიტყვებით ცხელით!..
დააყენებდნენ ფაქტების წინაშე თავაზიანს,
არჩევანს შეუზღუდავდნენ სიტყვაბრძენსა და მზიანს!..
თორემ ის... ალბათ... არ ვიცი... მაგრამ ვიღაც რუსს?.. არა...
ეს უეჭველად ასეა, არ ისურვებდა ქმარად!..
ჰოდა, რაც ნაჩუმათევით თვისით მოიგონ ბნელით,
თვით იზღონ სულზე ცოდვანი და სატანჯველი ძნელი!..”
ასე ფიქრობდა აცამაზ, სავსე დარდით და იჭვით,
შემკობილ-შეუნჯებული კაცი მრავალი ნიჭით,
ძე დიდებულთა მეფეთა, მთავარი ალანეთის,
ვისი ჭმუნვა და ურვანიც ტალღებს მტკვარისას ერთვის!
უსაფუძვლონი როდია ვნება-განსჯანი ვაჟის,
თვით სიყვარულსაც გმირისას სიბრძნის ბეჭედი აზის!
უფლება ამგვარ განსჯათა აქვს ნამდვილად და ცხადად,
სახება თამარ-მნათობის ლამის იქცია ხატად.
რჩეული არის აცამაზ, მოყმე დევ-გმირთა სწორი
სამეფო კარის რაინდთა და სპასალართა შორის.
ერთგულება და ტრფიალი თამარის სამეფოის
უსახავს მიზნად ცხოვრების და სულის სიმყუდროვის.
მოჯირითეს და მოისარს უებროსა და მამაცს,
ბრძოლათა შინა ფიცხელთა ძმებიც თან ახლდა, მამაც.
გორგასლიანი დროშისთვის სისხლი მრავალგზის ღვარეს,
იცავდნენ მიწას ქართველთა, როგორც საკუთარ მხარეს.
სადაც საჭირო ყოფილა, მყის და იქ მდგარან მუდამ,
საქართველოზე მომხდურთა მედგრად უკაფავთ გუნდა.
ბევრჯერ სულ მარტოდ-მარტოსაც, გარემოცვაში მტრების,
უკან არ დაუხევია, არ შეუკეცავს ფრთები.
თამარის ერთგულებისთვის, თამარის ტრფიალისთვის
შეუხედია მრავალჯერ თვალებში სიკვდილისთვის.
ახსოვდა მუდამ გონიერს წინაპართაგან თქმული:
”ძმობა ოვსთა და ქართველთა ძველ შორეთშია ნთქმული.
გვირგვინს და მირონს, ორივე ხალხს რომ ამგვარად გვშვენის,
უფსკვნია ნათესაობა არაერთგზისად ჩვენი.
სისხლით ვართ შე-თანაზრახნი, შემტკიცულნი და უნჯნი,
ვესათუთებით ერთმანეთს, კარს არასოდეს ვუჯრით.
დიდი ხანია ერთურთთან სამოყვრო გვიძევს ხიდი,
ვამაგრებთ მუდამ რომელსაც და არაფერზე ვყიდით...”
”- მაშ თუ ასეა ყოველი, - კიდევ იტყოდა გმირი, -
კარები ვინღა ჩაკეტა, ვინ შეირცხვინა პირი?!.
მაშ ფეხქვეშ ვინღა გათელა ჩემი გრძნობები წრფელი?!.
სიცოცხლე აღარ მწადია, მხოლოდ აღსასრულს ველი...”
 
                                    III
 
დაღამდა. მთვარეს ღრუბელთა რემა სინათლეს პარავს.
მიმართა მეფეთ-მეფემან საძინებელსა კარავს.
შემოსილს სტავრა-ატლასით, ხავერდით, აბრეშუმით,
შეუყვა ამოდმოარე კაბის შრიალით ჩუმით.
მიჰყვება თანამეცხედრე გვერდით დიადს და პატრონს,
ჭაბუკი სახეკეკლუცი, მშვენიერსა და სათნოს...
აცილებს მსახურ-ფარეშთა, მესაწოლეთა მზერა,
პატივით, რიდით, თაყვანით დახრილი ალმაცერად.
სასახლის მი-მოსასვლელთა გაჩირაღდნებულ თაღებს,
აივნებს, სადგომ-სენაკებს, წალკოტებსა და ბაღებს,
გუშაგობს მკლავ-გულოვანი გუნდები შუბოსანთა,
ფხოველთა დაუღალავთა და უტეხელთა სვანთა.
მიწურვილ-მინავლებულა ზეიმ-ნადიმი მსგეფსის,
განფენა როკვის ალმურთა და მაშხალები ლექსის.
მშვიდია, წყნარი გარემო, მოისმის მხოლოდ სუსტად
მყვართა და ჭრიჭინობელთა ხმა აბეზარი რუსთან.
გაცლილა ტფილის-ქალაქი წვეულთა, სტუმართაგან,
თრთოლავენ მტკვარზე ვერხვები მსუბუქთა ნიავთაგან...
 
                                    IV
 
გულდარდიანი აცამაზ უხმობს სახლეულ-მსახურთ.
მიუთხრობს: ” - დროა, გავშორდეთ მოსმენილსა და ნახულს.
რაღა მაქვს, აბა, საერთო მე ამ ქალაქთან მეტი,
ხომ ხედავთ, როგორ გამწირეს, როგორ დამცინის ბედი...
დაკარგულია თამარი ჩემთვის დღეიდან უკვე,
აწ იმის ციურ ნათებას ქებას სხვა ვინმე უკმევს...
ასე მაქვს გარდაწყვეტილი, შენაბდულებმა ღამით,
დავტოვოთ ბჭენი ტფილისის, სანამ ჩამოჰყრის ნამი.
ძნელია ეს განშორება, მაგრამ არ ძალმიძს სხვაგვარ,
სიმშვიდეს ვეღარ ვიურვებ სულში, სანამდე აქ ვარ...”
 
წამოიშალნენ, წამოდგნენ რჩეული კაცნი ოვსთა,
უმძრახნი, უბრად დამრჩალნი შემთხვევასთან და დროსთან.
აღიჭურვნენ და აღკაზმეს მერნები არფანული,
მზადება ალან-მხედართა როდია დაფარული!
აცილებს მზერა გუშაგთა სინანულით და სევდით,
სიბნელე აუჩინარებს ღამეულ მგზავრთა მერდინს...
 
                                    V
 
მეორე დილით თამარმა, სამხრობისათვის, უხმლოდ,
ხეივნის ჩრდილში მჯდომარემ, სტუმართუხუცესს უხმო.
იკითხა ტკბილმოუბარმა: " - სრულად გავიგო, მნებავს,
სტუმართა მდგომარეობა, ძილი და მოსვენება.
ვინ დარჩა, ვინ გაემგზავრა, ვინ რას აპირებს, როდის,
მითხარით, ღამით რა მოხდა?.. ხმა რამ მესმოდა შფოთის!.."
 - „თქვენო მეფობის სიმაღლევ და ბრწყინვალებავ მზეთა, -
აღმოთქვა სტუმართუფროსმა, - შემინდეთ, თქმას რომ ვბედავ.
დრტვინვა რამ არა, უბრალოდ, რატომღაც სწორედ ვახშმად
ისურვეს ალან-ოვსებმა შინისკენ ფეხთა წახმა.
ბრძანებით აცამაზისა, აღეკაზმნენ და მთვარის
შუქი ისაგზლეს, აღარც მე დამიკეტია კარი!..
არ ვიცი, ასე რატომ ქნეს... ან მე ეს როგორ ვქენი!..
ჩემია დანაშაული, ხოლო მსჯავრი კი თქვენი!.."
ვეღარ შებედა მოხელემ მეტის თქმად მეფე-მნათობს,
თამარსაც აღარ უკითხავს უფრო ღრმადა და ფართოდ.
მდუმარედ იყო ერთხანად... ფიქრმა წაიღო წამით...
მერე კი სტუმართუხუცესს შეაპატიჟა სკამი.
" - გასაგებია!.. წარმოთქვა, - შენ დამნაშავე არ ხარ!..
ეტყობა ასე უჯობდათ, კიდეც წასულან რახან!..
სასჯელი, ამ შემთხვევაში, არც შენ გეკუთვნის, არც მათ,
რადგან ცხოვრება ისედაც გოლგოთაა და ჯვარცმა!..
რადგან სავსეა სიცოცხლე მოულოდნელით, მკაცრით,
გარდაუვალით, რომელიც არ დაიძლევა არც რით!..
რომლის წინაშე მეფეც და გლახაკიც, ჩემი აზრით,
თანაბარი ვართ და მივსდევთ ზუსტად ერთნაირ გზაწვრილთ!.."
მკრთალი დაჰკრავდა ამ დილით რატომღაც მეფის იერს,
ოდნავი სევდაც შენიშნა სტუმართუფროსმა ციერს!..
გაშალეს მარაოები ფარშავანგებმა ბაღში,
თამარის თანამეცხედრეს ისევ ეძინა სახლში...
 
                                        VI
 
მერნის ფლოქვივით თქარუნობს ფიქრები აცამაზის,
ფიქრები მომწუხარენი, გულის ფსკერზე რომ აზის.
დუმილის ფლასით რომ მოსავს, დარდის ხიფად რომ ეწვნის,
ყარბის ბედაურივით რომ აუშლია ბეწვი.
„ვინ თამარი და ვინ რუსი?!. ღმერთო, საიდან სადა?!.
ლინგებო უფლის სამართლის, რატომ ჩერდებით ცადა?..
ეჰა, ტანჯულო სიცოცხლევ, წა, არ მჭირდები, არა,
რაც უფრო მალე მოვკვდები და განვილევი ჩქარა,
გულისთვის უმჯობესია, დარდებით დაფქულისთვის,
ღრუბლები, შავი ღრუბლები არ მემეტება მზისთვის!
გიგულო? როგორ გიგულო, თამარ, სხვისთვის და თანაც,
ვისთვის და სადაურისთვის, რაისფერისთვის ანაც!
მიყვარდი, რარიგ მიყვარდი, იცის მაღალმა ღმერთმა,
მიყვარდი, როგორც არავის, მაგრამ მიმუხთლა ბედმა!
მიყვარდი,  მნათობთ-მნათობო, ახლაც მიყვარხარ, რა ვქნა,
მაგრამ დამფლითა ამ ტრფობამ და ასო-ასო ამქნა.
ეს არის, ეს სიყვარული, ცხელი შანთით რომ მშანთავს,
სამზეოს რომ მიმარიდებს და საიქიოს შთამრთავს.
ეს არის, რომ ვერ ვიშორებ, რომ ვეღარაფრით ვტოვებ,
მისი ეკლების მარწუხებს, იმის ცრემლიან რტოებს.
ან კი ვით შევძლებ გულიდან იმის მოცლას და წაშლას,
რაც წლობით მიხორცებია მისთვის მუშაკს და მაშვრალს?
რაც სიღრმეებში მისაში მიმარხია და მიფლავს,
რა მოჭრის, რაღა მოაშთობს იმ მუხნარსა და იფნნარს?..
აღარცრა! მხოლოდ ერთია ამის საშველი, ხერხი,
ტოტი არ გაიკაფება, უნდა მოიჭრას ვერხვი!
მე თავად უნდა გავშორდე ამ სამზეოს და არეთ,
ფოთოლი სულ იცახცახებს, სანამ ქარია გარეთ!
მშვიდობით, თამარ! ვერ გაძლებს გული მწუხრამდე ხვალის,
ვიცი მე ჩემი გულისა, ვეღარას ვატყობ ხალისს!
მშვიდობით, მშვენიერებავ! ცითმოვლენილო მიწად,
ჩემს სიკვდილს ტრფობის შენდამი ვტოვებ უტყუარ ფიცად.
მშვიდობით, დაუთმობელო! იძულებულ-მყავ დაგთმო,
გაათბე ჩემი საფლავიც,  მზეო, სხვისას თუ ათბობ!
მშვიდობით, მიუწვდომელო! ისიც მეყოფა საგძლად,
სიყვარულს შენსას გულით რომ დავატარებდი აქ გრძლად!
მშვიდობით, სანატრელო და გვირგვინო ხელმწიფეთა,
მადლობა იმისთვისაც, რომ დამშვიდობებას ვბედავ!..”
 
                                      VII
 
დიდი ძალი აქვს სიყვარულს, ცრემლსაც უამრავს ადენს,
ნახეთ, რა უყო ტიალმა ჩახრუხაძეს და შავთელს!
დიდია მისი ტაძარი, ღამეს მრავალი უთევს,
მოგეხსენებათ, რაც ერგო ჯილდოდ უბედურ რუსთველს!
აცამაზს  რაღას უზამდა გზნება ცეცხლისა მისის,
ღამეა. მისდევს მხედარი ხელი ბილიკებს ნისლის!..
ფიცხლად უვლიათ ალანთა, მერნებს უწვრთიათ ნალი,
ცისკრისთვის გადაულახავთ დიდი ლიახვის წყალი.
რაც მეტად დაშორდებოდა ტფილისს მიჯნური კრული,
უფრო და უფრო უმატა თურმე ტკივილმა გულის.
შეუძლოდ შეიქმნებოდა, გააკვირვებდა მხლებელთ:
„აცამაზს გზა რას დაღლიდა?!.. რა სატკივარნი ხვრეპენ?!.
რა ხდება, ასე უეცრად რა ემართება არწივს?
სად გაქრა მისი მხნეობა, რა მწუხარება აწვიმს?!.
ნუთუ ტრფიალმა ქალისამ, მზეთა სწორიც რომ იყოს,
ასე დაჩაგრა ვაჟკაცი, სულ სიკვდილსღა რომ ითხოვს?!."
ამაოდ გაირჯებოდნენ ძმებიც, მამაც და ყმანიც,
მთებს ვეღარ გადაივლიდნენ, შეფერხდებოდნენ გზანი...
ნიქოზის კართან მიჯრილებს, მზე შეუნათებს ზურგთა,
მორჩილად მომდინარეთა, სალამი უთხრეს თურქთა.
ქალაქად ერეკებოდნენ აქლემთ ქარავანს უგრძესს,
"სამეფო საჩუქარია!" - შემხვედრთ გულებმა უგრძნეს.
"აქ, სადღაც ეკლესიაა. იქ მიმიყვანეთ, ძმანო..."
ისურვა ტაძრად აცამაზ. პირდაპირ მიჰყვნენ ყანობს.
მართლაც მოჩანდა გადაღმა გუმბათოვანი, დიდი,
დასავლით მეღვრიკისისა,  მტრედის ხუნდივით მშვიდი.
ტაძარი, აღშენებული გორგასლისაგან, წყალთან,
საჯდომად ეპისკოპოსთა რაჭისათა და დვალთა.
ჩამოხტნენ, ჩამოქვეითდნენ წმინდა რაჟდენის ტახტთან,
მოძღვარი გამოეგებათ. იცქირებოდა სახტად.
სულ იცნობს ყველას, პირველად კი არა ხედავს, მარა
რატომღაც უცნაურნია, ყველა რაღაცას ფარავს...
"მამაო, შენიმც კურთხევა ნუ მოაკლდება ოვსთა,
სენაკში უნდა მიგვიღო, მცირედ მოგვიწევს მოცდა.
შეუძლოდ გახდა ჩვენი ძმა, სვლად შემძლებელი ვერ-არს,
თქვენის მხრით თანადგომას და ღვთისგან მოველით შველას..."
ევედრნენ მოძღვარს, ან კი რა საჭირო იყო აჯა,
მღვდელი ავადმყოფს ეახლა, ფრთხილად შეუხსნა მაჯა.
მერე სენაკში შეუძღვა, უფლისთვის მადლის მთხოვი,
მიუთავაზა მოსულთა მცირედ ღვინო და ღომი.
გულს შემოჰყროდა აცამაზს, ფერი წასვლოდა ლომსა,
დიდსა და უკანასკნელსა სიკვდილთან ჰხადდა ომსა.
ლაჭანზე მისვენებულსა, ოფლი ასხამდა უხვად,
იხსენი შენი შეწევნით, უფალო, სადმე თუ ხარ!..
მაგრამ ამაო აღმოჩნდა მცდელობანი და შრომა -
ეჰ, როგორ წამიერია კაცთა სიცოცხლის კრთომა!
წართქვამდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად სიტყვებს თანგული სიცხით -
„თამარ...“  „მნათობი...“  „თამარი...“  და კვლავ იგივე მიწყივ...
„თამარ...“ ძლივს, სადღაც, როგორღაც, ძნელ-გასაგონად ითქვა,
შეაშრა ბოლოს ბაგეზე ეს სანატრელი სიტყვა...
მილულა თვალნი, შეწყვიტა სუნთქვა დაღლილმა გულმა,
ყინული ჩადგა სხეულში, ცას მიაშურა სულმა...
 
გლოვა და ზარი იციან ალანთა, ახლა - როგორ!
იგლოვეს აცამაზიცა, ცხონება ქონდეს მომგონს!
რჩევით და ლოცვა-კურთხევით ნიქოზლისათა მადლით,
დამარხეს ტაძრის ეზოში, იქვე, წმინდასა ადგილს.
მიიღო მიწამ ქართლისამ ხორცი და ძვალი მყარი,
მეფისა მზის თამარისა სიყვარულითა მკვდარის.
ყვავილნი ამობიბინდნენ საფლავსა მისსა ზედა,
რომლებზეც ზაფხულობისას ჭრელი პეპლები სხედან
და უყვებიან სიოებს ამ სიყვარულის ამბავს,
დროთა და ჟამთადინებაც რომ ვერ ფარავს და ლამბავს...
 
                                VIII
 
ამბობენ: თურმე თამარი, ნიქოზს წვეული ჟამად,
საფლავზე აცამაზისა ყვავილებს დებდა თავად.
მცირე ხნით გაინაპირის თურმე მნათობმა კენტად
კიდესა ეკლესიისას, მიმყუდროვანსა მეტად.
შედგის, შეყოვნდის, შეითქვის, გაჩუმდის, გაირინდის,
ჩამოუგორდის ღაწვებზე მძივები მარგალიტის...
პირჯვარი გამოისახის, უფალს წყალობა სთხოვის,
წმინდანმა, სუფთამ, უბრალომ, როგორც ეთერმა ფხოვის.
მობრუნდის მერე ძვირფასი და გზანი განუტევის,
ზეციდან მგზავრად გადაჰყვის ერთი არწივი მთების...
 
                                    IX
 
ეჰ, ჟამნო, გარდახვეწილნო საუკუნეთა წიაღ,
ხანდახან რა ძვირფასი ხარ, ვით მენატრები, დიახ!
სად გაქრა ის სიყვარული, რით დაიფარა მაინც,
იმ სანუკვართა ებანთა რატომ არ ისმის ხმაი?
ვინ, როდის, როგორ, რის გამო დაგვაშორა და დაგვსვა
ცალკ-ცალკე, მტრებად ერთურთის, გვამუნათა და გვქსაქსა.
წაგვართვა თანადგომანი და ერთმანეთის ნდობა
არღვია, აუგემურა ჩვენი ძმობა და დობა...
ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ალან-ოსებს და ქართველთ,
მაგრამ დუღაბის სიმტკიცეს უგნურებანი გვართმენ.
აყოლილები გარეშე ხელის გესლიან ფათურს,
სამსახურს ვუწევთ ერთმანეთს დამღუპველსა და დათვურს.
საწუხ არს ესე, ეჰ, გულო, როგორ მეწვი და მტკივი,
გვიყვარდეს, ხალხო, ერთურთი! - კი არ ვიძახი, ვკივი! -
სიძულვილს არ დავემონოთ, მივყვეთ მაცხოვრის იგავს,
მიმყვანსა სამოყვროშივე, სადაც ვყოფილვართ, იქავ.
სად ერთად გვფენდნენ ნათელსა უფლის სახელით მხსნელნი,
ანდრია პირველთქმული და სიმონი კანანელი...
გულს ხელი უნდა მივიდოთ, ვცოდეთ, სუყველამ ვცოდეთ,
უნდა ბოდიშებს ვიხდიდეთ და ღვთის წინაშე ვთრთოდეთ.
რად ხდები დასავიწყარი, შენ, დიდებულო წამო,
ან, შენ, ლამაზო ამბავო, თამარის თვალთა გამო
ცნობას რომ ეცილებოდა გმირი აცამაზ ნიქოზს,
ხომ კარგი მოსასმენია, სულ რომ ზღაპარიც იყოს?!
მაგრამ სოსლანის გმირობაც განა ზღაპარი არის?
როგორ ეჭირა სვე-სვიანს სპეტაკი დროშის ტარი!
რა სიქველით და პატივით იდგა თამარის გვერდით
და საქართველოს ღირსებას იცავდა ფართო მკერდით.
ან ბურდუხანის ძუძუნი არ ზრდიდნენ განა მნათობს?
„ასული ოვსთა მეფისა, - თუნდაც ეს რად ღირს მარტო, -
მისებრი სძალი ქართლის თემს არა ეხილა სადო!” -
გვიყვება მემატიანე, ჭეშმარიტი და სანდო.
ის დღესაც იმას მოგვძახის, მირონ-მოყვრები ხართო,
გვავალებს საერთმანეთო გზა-ბილიკები ვმართოთ.
ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, სამეზობლოდ და ახლოდ,
ვამრავლოთ სიამ-ტკბილობა და სიძულვილნი ვმარხოთ.
და თუ რამ მტრობა გვქონია, მტვერს მივცეთ დავიწყების
და ერთიანი მიზნისთვის ერთადვე დავდგეთ ძმები.
სხვა გზა არც არის, თვინიერ სინანულისა წრფელის,
გადაშენება, გაქრობა და დავიწყება გველის.
გარეშე მიტევებისა, როგორც იესო იტყვის,
თავს იკლავს ძე ადამისა, თვალებს ივსებს და ითხრის.
მხოლოდ ურთიერთსიყვარულს ხელეწიფება მაღლის,
გადარჩენა და შენახვა კავკასის - ჩვენი სახლის...
 
2004 წ. ივლისის 5
თბილისი

0

ავტორი: