10:44:29     10-09-2011
გარნიეს სასახლე (ნეობაროკოს სტილი)
გარნიეს სასახლე, ასევე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე, ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრია პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა, XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.
1875 წელს, შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად „მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი“ ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას „პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი“ დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს, მისი დასრულების შემდეგ, თეატრს „გარნიეს სასახლე“ დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი „მუსიკის ეროვნული აკადემია“ დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე „პარიზის ოპერას“ უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეატრს, სადაც პარიზის ოპერისა და ბალეტის დასი მისი დაარსებიდან დღემდე მთავარ წარმოდგენებს მართავდა. გარნიეს ქმნილებაში სხვადასხვა სტილი ერთმანეთში ირევა, მაგრამ ყველას ბაროკო სჭარბობს. არქიტექტორის მთავარი შთაგონების წყარო იყო ბორდოს დიდი თეატრი და გვიანი რენესანსის იტალიური სასახლეები.
შენობის არქიტექტურა გამოირჩევა გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებით. გარედან, ისევე როგორც შიგნით, გამოყენებულია კირქვა, სხვადასხვა ფერის მარმარილო. ნახატების ნაწილები მოოქროვილია და ხაზს უსვამს ინტერიერის პროპორციებს. არქიტექტორი ხშირად იყენებს რკინასაც, რაც უკვე თანამედროვეობის მაჩვენებელია. თუმცა რკინას გარედან ფარავს ქვითა და თიხით. მეტალს იგი მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებს.
0