10:40:58     10-09-2011
K1A1 - ძირითადი საბრძოლო ტანკი
სამხრეთ კორეული ძირითადი საბრძოლო ტანკი K1A1 არის პირვანდელი K1-ის ტიპის ტანკის ღრმად მოდერნიზებული, გაუმჯობესებული ვერსია. ტანკი იწარმებოდა სამხრეთ კორეული კომპანიის ‘’ჰიუნდაის’’ მიერ. K1A1 ძალიან გავს ამერიკულ ძირითად საბრძოლო ტანკ M1A1 Abrams-ს საცეცხლე ძალასა და დაცულობაში. ტანკის პირველი პროტოტიპი 1996 წლისთვის აიგო, K1A1-ის პირველმა პროტოტიპმა წარმატებით დაასრულა საგამოცდო პერიოდი 1997 წელს. კორეის რესპუბლიკის არმიამ ტანკი შეიარაღებაში მხოლოდ 2001 წლის 13 ოქტომბერს მიიღო და 2010 წლისთვის, როდესაც ამ ტანკის წარმოება შეწყდა, 300-მდე ამ ტიპის ტანკი იყო გამოშვებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტანკის ზოგიერთი სისტემა, მაგალითად ისეთი, როგორიცა არის ძრავა, ტრანსმისია და ცეცხლის მართვის სისტემა სხვა ქვეყნებიდანაა შემოტანილი. წინამდებარე ტანკისაგან განსხვავებით K1A1-ს გაცილებით უფრო ძლიერი ქვემეხითაა შეიარაღებული, რითაც K1-ის ტიპის ტანკთან შედარებით, მისი საცეხლე ძალა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
K1A1 შეიარაღებულია KM256-ის ტიპის 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელიც წარმოადგენს ამერიკული M256-ის ტიპის სატანკო ქვემეხის ლიცენზირებულად წარმოებულ კორეულ ვარიანტს. ზუსტად მსგავსი ქვემეხი გამოიყენება ამერიკულ M1A1 და M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკებში. ეს ქვემეხი გამოირჩევა იმით, რომ აქვს ორჯერ მეტი გამჭოლუნარიანობა, ვიდრე წინანდელ, K1-ის ტიპის ტანკის 105 მმ-იან ქვემეხს. ქვემეხი ასევე გამოირჩევა ეფექტური ცეცხლით შორ მანძილზე. ქვემხის დატენვა ხდება ხელით და ის შეთავსებადია ‘’ნატოს’’ სტანდარტის 120 მმ-იან ამუნიციასთან. ახალი ტანკის ახალ ქვემეხს შეუძლია გახვრიტოს 600 მილიმეტრზე უფრო სქელი ჯავშანი, მაშინ, როდესაც K1-ის ტიპის ტანკის 105 მილიმეტრიან ქვემეხს მხოლოდ 300 მილიმეტრიანი ჯავშნის გარღვევა შეეძლო. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქვემეხის ეფექტური ცეცხლის მანძილი, K1-ის ტიპის ტანკისთვის ეს მაჩვენებელი 1200 მეტრს შეადგენდა, ხოლო K1A1-ის ანალოგიური მაჩვენებელი დაახლოებით 2000 მეტრს შეადგენს.
ტანკის საბრძოლო კომპლექტი საკმაოდ მცირეა და ის მხოლოდ 32 ერთეული 120 მმ-იანი ჭურვისაგან შედგება. ჭურვები ეკიპაჟისაგან განცალკევებით, დაცულ განყოფილებაშია მოთავსებული, რითაც, მოწინააღმდეგის მიერ ტანკის დაზიანების შემთხვევაში, შემცირებულია მათი დეტონაციის საფრთხე და გაზრდილია, როგორც ტანკის, ისე ეკიპაჟის სიცოცხლისუნარიანობა.
ტანკის მეორადი შეიარაღება M60E2-1-ის ტიპის 1 x 7.62 მმ-იანი ძირითად ქვემეხთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევისა და კოშკურაზე დამონტაჟებული K6 HMG - ის ტიპის 1 x 12.7 მმ-იანი სამეთაურო და M60D-ს ტიპი 1 x 7.62 მმ-იანი მსროლელის ტყვიამფრქვევებისაგან შედგება.
ძირითადი საბრძოლო ტანკ K1A1-ს აქვს უმაღლესი დონის ცეცხლის მართვის სისტემა, მასზე დამონტაჟებულია უახლესი ელექტრონული ხესაწყოები, მანქანა აღჭურვილია თანამედოვე 32 ბიტიანი გამომთვლელითა და ციფრული ბალისტიკური კომპიუტერებით. ტანკის ელექტრონული სისტემები კომპანია Samsung Electronics-ის მიერაა დამზადებული. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, დღისა და ღამის ნებისმიერ პერიოდში, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში, მოძრაობის დროს პირველივე გასროლით 90%-იანი ალბათობით გაანადგუროს ასევე მოძრავი სამიზნე.
K1A1-ი კომპოზიტური ჯავშნითაა დაცული, რომელსაც ძალიან დიდი მსგავსება გააჩნია ამერიკული ძირითადი საბრძოლო ტანკის, M1A1 Abrams-ის ჯავშანთან, თუმცა ამერიკული ტანკისაგან განსხვავებით კორეული ტანკის ჯავშანი არ შეიცავს გაღარიბებული ურანიუმის ფილებს, რითაც ჯავშანდაცულობა „აბრამსთან“ შედარებით შემცირებულია.
K1A1-ის ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან: მეთაურის, მსროლელის, დამტენისა და მძღოლისაგან შედგება.
ძალური დანადგარის სახით ტანკზე დამონტაჟებულია გერმანული MTU MB 871 Ka-501-ის ტიპის წყლით გაგრილებადი, 10 ცილინდრიანი, ტურბოდიზელის ძრავა, რომელიც 1200 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ეს გერმანული ძრავა ლიცენზიურად იწარმოება სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მიერ. ტანკის მასისა და ძალის შეფარდება ტონაზე 22 ცხენისძალას უდრის. ძრავა ტანკს მაქსიმალურ 65 კმ/სთ-ის ტოლ სიჩქარეს ანიჭებს. K1A1 ტიპის ტანკს შეუძლია გადალახოს 2.2 მეტრის სიმაღლის წყლიანი დაბრკოლება.
Army.ge
0