დავით ერისთავის დაბადების დღისადმი - „ძმაო პოეტო“ დავით ერისთავის დაბადების დღისადმი - „ძმაო პოეტო“ />


  13:06:04     09-09-2011

დავით ერისთავის დაბადების დღისადმი - „ძმაო პოეტო“

a9840.jpg

1847 წლის 28 აგვისტოს (ახალი სტილით 9 სექტემბერს) სოფელ ხიდისთავში, გორთან ახლოს, დაიბადა მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი, მსახიობი და დრამატურგი დავით გიორგის ძე ერისთავი.

მამა, გიორგი ერისთავი ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ, ქართული თეატრისა და ჟურნალის თავდადებული მოამაგე და მამამთავარი.

დავით ერისთავი 1867-1871 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია.

1871 წლიდან თანამშომლობდა „დროებაში“, „ტიფლისკი ვესტნიკსა“ და „ფალანგაში“. სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო ლექსებითა და ფელეტონებით. გახლდათ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1882), ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი, პროფესიული ქართული თეატრის აღმდგენი კომიტეტის წევრი.

1882 წლიდან რედაქტორობდა კავკასიის ოფიციალურ ორგანოს, გაზეთ „კავკაზს“. როგორც ამბობენ, ახერხებდა პროგრესული იდეების პროპაგანდას და ამიტომ სამი წლის მერე გადააყენეს.

დავით ერისთავმა ქართულად თარგმნა და გადმოაკეთა არა ერთი პიესა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ხუთმოქმედებიანმა ისტორიულმა დრამამ „სამშობლო“ (1881), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის, ვიქტორინ სარდუს ამავე სახელწოდების დრამა. დავით ერისთავმა პიესის სიუჟეტი შესანიშნავად მიუსადაგა საქართველოს სინამდვილეს. როგორც გადმოგვცემენ, ერისთავის „სამშობლოს“ წაროდგენამ 1882 წლის 20 იანვარს ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია რუს იმპერიალისტთა შორის. 

დავით ერისთავი გარდაიცვალა 1890 წლის 11 (ახალი სტილით 23) ოქტომბერს ტფილისში, 43 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად. ჯერ კალოუბნის ეკლესიაში იყო დაკრძალული,  1930 წელს მისი ნეშთი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

დღეს, დიდი მოღვაწის, დავით ერისთავის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ლექსი („ძმაო პოეტო“), რომელიც ილია ჭავჭავაძისადმია მიძღვნილი. ლექსში შევხვდებით ილიას ლექსების, „ჩემო კალამო“, „მას აქეთ რაკი“, „გუთნის დედა“, „პოეტი“, „ელეგია“, პერიფრაზებს. ბოლოს კი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ უკანასკნელ სტრიქონებს.


* * *

ძმაო პოეტო! რას ვკითხულობ შენსა ლექსებსა
და ვიზეპირებ შენგან ნაწერ წმინდა სიტყვებსა,
მადლობას გწირავ, რომ პირველად შენგან ვისწავლე
ჩემი მამულის პატივცემა და სიყვარული!
შენგან ვისწავლე შებრალება გლეხის კაცისა,
რომელიც არის კვლავ დაჩაგრული!
პირველათ შენ სთქვი სწორე სიტყვა ქართველებზედა
და გამოხატე ჩვენი უქმი, უშნო ცხოვრება!
თუმცა ბევრი გგმობს ამ უშიშარს შენს სიტყვებზედა,
ყურსაც ნუ უგდებ! რაც უნდა სთქვან, რა გენაღვლება!
კეთილი კაცი ყოველთვის წინა მორბედია
და კარგათ ესმის მაგ სიძულვილში რაოდენიცა სიყვარულია.
მაგრამ, პოეტო, საყვარელო, მე ის მაწუხებს,
რომ ეგრე მალე საუკუნოდ გაჩუმებულხარ,
აღარ დამღერი შენსა მამულსა...
ნუ შეგაშინებს - მთელი ქართლი რომ მოიარო
და ვერსად შეხვდე ისეთ კაცსა, ისეთსა სულსა,
რომ ფიქრი ანდო, გრძნობა შენი განუზიარო,
უშიშრათა სთქვა, რაც რომ თვალწინ წარმომიდგება!
რათ გინდა ხმალი, აბა მითხარ, თუ სიმართლისთვის
ეგრე საჩქაროდ და უომრად დაგიჩლუნგდება?
ზეცამ დაგნიშნა და ხალხი გზრდის შენ ქვეყნიერსა,
მიტომ, რომ ღმერთთან ჰბაასობდე, შველოდე ერსა!
მისთვისა ღვივის სამუდამოთ მაგ შენსა გულში
დიდი ღმერთისა საკურთხევლის უმანკო ცეცხლი,
რომ იყვე მოძმე ყოველთვისა შენი ხალხისა,
სადაც შეგხვდება, გინდ ჭმუნვაში, გინდ სიხარულში!
ნუ ჩაფლობიხარ, ჩვეულებრივ, ქართვლისა ძილში,
დეე, გაგიკრთოს შენ მამულმა ძილი და შვება,
თორემ, გარწმუნებ, სირცხვილია სულ ძილი, ძილი,
ახ! ღმერთო ჩემო! როს გექნება შენ გაღვიძება?
გთხოვ, ძმაო ჩემო, ნუღარ მისცემ შენ მტერს მიზეზსა,
რომ დაცინებით მოგმართავდეს უკვდავსა ლექსსა:
„არც კაცი ვარგა, თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფელს კი არა რა არგოს!“

ს. პეტერბურგი

1 იანვარს, 1869 წელსა

(დროება“, 1869 წ., # 7)

0

ავტორი: