12:22:38     07-04-2025
The Banker: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია საქართველოში

საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის “2024 წლის საუკეთესო ბანკების“ ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუდმივად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში, ბანკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური ბაზრებისა და ბიზნესების განვითარების პროცესში, ქმნიან რა ინდუსტრიებისა და მომხმარებლების გამოწვევების დასაძლევად საჭირო ინსტრუმენტებსა და სერვისებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სწორედ ამიტომ, The Banker-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მინიჭებული ჯილდო არის ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან საბანკო ინდუსტრიის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისა და მომხმარებლისთვის გამორჩეული საბანკო გამოცდილების შექმნის აღიარება.
გამარჯვებული ორგანიზაციების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაა. გამოცემა ეყრდნობა ბანკების მიერ მიწოდებულ მონაცემებსა და გაზიარებულ ინფორმაციას ოთხი ძირითადი საკითხის - კერძოდ, ფინანსური ინსტიტუტების მიერ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში განხორციელებული სტრატეგიული ინიციატივების, მათ მიერ დანერგილი ტექნოლოგიების, მდგრადობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, The Banker-ის სარედაქციო გუნდი გამარჯვებულებს სექტორის რეგიონულ სპეციალისტებთან ერთად ავლენს.
“The Banker-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რადგან ის ბანკის თითოეული თანამშრომლის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული აღიარება ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, მუდმივად შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.