პოლ ვერლენი - „ჩემს სულს აწვიმს“ (და ორი სხვა ლექსი) პოლ ვერლენი - „ჩემს სულს აწვიმს“ (და ორი სხვა ლექსი) />


  12:24:01     08-09-2011

პოლ ვერლენი - „ჩემს სულს აწვიმს“ (და ორი სხვა ლექსი)

a9795.jpg

ცნობილი ფრანგი პოეტი პოლ ვერლენი (Paul Marie Verlaine) დაიბადა 1844 წლის 30 მარტს, მეცში. მამა, ნიკოლა ოგიუსტ ვერლენი საინჟინრო ჯარების კაპიტანი იყო. დედას ელიზა ჟიულ ჟოზეფ სტეფანი დაე ერქვა. ოჯახს, მამის პროფესიის გამო ხშირად უწევდა ადგილმდებარეობის შეცვლა.

1851 წელს მამა თადარიგში გავიდა და ვერლენების ოჯახი დასახლდა პარიზთან ახლოს, ბატინიოლში. 1853 წელს პოლ ვერლენი მიაბარეს პანსიონში. 1855 წელს ლიცეუმში განაგრძო სწავლა.

1858 წლიდან ლექსებს წერდა. 14 წლის ვერლენმა თავისი ლექსი „სიკვდილი“ ვიქტორ ჰიუგოს გაუგზავნა. 1862 წლიდან ვერლენების ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. პოლ ვერლენმა მიიღო სიტყვიერების ბაკალავრის წოდება. სწავლა განაგრძო სამართლის სკოლაში. 1863 წელს დაიბეჭდა მისი სონეტი „მუსიე პრუდომი“.

ამ ლექსს აქვე გთავაზობთ. ასევე, დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ პოლ ვერლენის კიდევ რამდენიმე ლექსს.

ლიტერატურული იმპრესიონიზმისა და სიმბოლიზმის ერთ-ერთი მამამთავარი, პოლ ვერლენი გარდაიცვალა 1896 წელს. მის შესახებ სხვა დროსაც ვისაუბრებთ.

მუსიე პრუდომი

(ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ)

დარბაისელი - მერია და ოჯახის მამა.
მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.
მშვიდი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს
და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.

მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც ზეცა ართობს,
არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა,
ან მობიბინე მდელოს რა აქვს საერთო მასთან?
მუსიე პრუდომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:

სურს ქალიშვილი მიათხოვოს, ეღირსოს საშველს,
მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოს მუსიე მაშენს.
რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია -

ამ უქნარა და მაწანწალა ხეპრეთა ურდოს
უფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს.
და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.

* * *

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

ლამპას, უმწეოს და ფერგაცრეცილს, ძლივს რომ ანათებს პატარა ოთახს,
ან საფეთქელთან ხელს აფარებულს და მეოცნების ფიქრსა და შფოთვას;
მისი თვალების ლაჟვარდს, ამღვრეულს ჩემნი მზერით და ვნებათაღელვით,
წიგნს, მიტოვებულს და გადადებულს და ჩაის ორთქლში გაწყობილ სერვიზს;
თავდავიწყების უტკბეს საღამოს, რომელსაც სული ასე ელოდა,
თრთოლვას, მიმზიდველ მოქანცულობას და მოლოდინის მიმზიდველობას;
მწუხრში ლანდების დაქორწინებას და ღამეს, ქცეულს ტკბილ განსაცდელად, -
თავს ევლებოდა ჩემი ოცნება, უსაზღვრო ლტოლვა და გატაცება.
თვეთა ტაატით და კვირეების მოუთმენლობით სული წვალობდა
და მოელოდა ამ სიახლოვის მოახლოებულ გადუვალობას!

ჩემს სულს აწვიმს

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

ჩუმად აწვიმს ქალაქს.
არტურ რემბო

რა უსიტყვო ნაღველს მალავს
სული, ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,
ანდა მის გარეუბნებს.

აწვიმს მიწას და სახურავს
და შრიალით ავივსე,
სევდა სულში ჩასახული
უკრავს წვიმის კლავიშზე.

ცხოვრობს სულით ეს ობლობა
ჩუმი წვიმის მეზობლად,
სულში ჩაჯდა ვით ობობა,
სევდის უმიზეზობა.

და მით უფრო არის მძაფრი
უმიზეზო ნაღველი,
არსაიდან რომ არაფრით
არის ნაკარნახევი.

* * *
(ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ)
კაბარეთა ხმაური, ტროტუარის ტალახი,
გაძარცული ჭადრები - ქარისგან განალახი,
ომნიბუსი ჭრიჭინა, ძლივს რომ იჭერს ბორბლები,
რკინის კორიანტელი, შლამით დანადორბლები,
ზანტად რომ მოჩანჩალებს წითელ-მწვანე შუშებით,
წევა-წევით, კლუბისკენ მიმავალი მუშები,
ცხვირწინ პოლიციელთა - პირში ჩიბუხ-ნაღვერდლით,
ნესტი, სახურავიდან, კედლებს ჩამონაღვენთი,
ქვაფენილი სრიალა და ზედ გუბე მრავალი,
აი, ჩემი შარაგზა - სამოთხისკენ მავალი.

0

ავტორი: