12:32:43     11-11-2024
"მე აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როდესაც თბილისი იყო საფრთხეში, ვიმყოფები კვლავ აქ, იმიტომ რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა"
პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრის მიჰაუ კამინსკის განცხადებით, ის თბილისში იმყოფებოდა 2008 წელს, როდესაც საქართველოს დედაქალაქი რუსული საფრთხის ქვეშ იყო და ახლაც მისი ვიზიტი, რუსულ საფრთხეს უკავშირდება. ამის შესახებ მიჰაუმ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"როდესაც მმართველი პარტია გვისვამს კითხვას, თუ რა გვაძლევს უფლებას, რომ აქ ვიმყოფებოდეთ, გიპასუხებთ: მე აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როდესაც თბილისი იყო საფრთხეში, მე გავაკეთე ორგანიზება ამ ვიზიტისა, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ამ ქალაქში ვიყავი, როცა იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები ისევ ამ ქალაქში, იმიტომ რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება. ეს საფრთხე შეიძლება ტანკებით არ არის გამოხატული, თუმცა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან. ეს ქალაქი საფრთხის ქვეშ არის რუსული დეზინფორმაციის გამო და რუსული სტილის პოლიტიკის გამო. ქართველი ხალხის წინაშე, ისევე როგორც პოლონელი, უკრაინელი, ლიეტუველი თუ ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზაა, ან ევროპისკენ ან რუსულ ხელში ჩავარდნა. აი, ამიტომაც ვიმყოფებით აქ. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი სიმპათიების გამო, თუ სიყვარულს არ დავარქმევთ ამას, ჩვენი ვალდებულების თვალსაზრისით, ევროპული ღირებულებებისადმი სიყვარულიც გამოც." - განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.