15:18:14     15-10-2024
"გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამაც"
პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია და თბილისში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს, რაც მეც საშუალებას მომცემს დავიბრუნო ოპტიმიზმი.
დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა.
ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.