15:40:26     02-10-2024
"ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც" - ირაკლი კობახიძე
პრემიერი კობახიძე ბაიდენთან მიღების მიწვევის გაუქმებაში "გლობალური ომის პარტიის" ხელს ხედავს და ამბობს, რომ დაზიანებული ურთიერთობები ორივე ქვეყანაში არჩევნების დასრულების შემდეგ შეიცვლება. კობახიძის თქმით, მიღებაზე მიწვეული იყო პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მათ შორის, 100-მდე ავტოკრატიული ქვეყანა:
"აქ სად არის ლოგიკა? ლოგიკა არის ჩვენთვის ერთადერთ რამეში. ამ შემთხვევაშიც ურევია ყველაფერში გლობალური ომის პარტიის ხელი ვიღაცები არიან განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი აქტები.
მომავალი წლის დასაწყისიდან, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, [საქართველოსა და აშშ-ში] მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები გადაიტვირთება თვისებრივად საქართველოსა და აშშ-ს შორის...მე ხომ არ მისაუბრია მაინცდამაინც ტრამპზე. ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ რაც დასრულდება ომი უკრაინაში , ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან.
მომავალი წლის დასაწყისში დასრულებული იქნება არჩევნები აქაც იქაც; მეორე - სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი; მესამე- ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში აუცილებლად დასრულდება ომი უკრაინაში. ეს არის ფაქტორები, რაც განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას. დანარჩენს დაელოდეთ", – აცხადებს ირაკლი კობახიძე.