11:36:20     18-09-2024
Tegeta Construction Equipment ამერიკული ბრენდი REINKE-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
ამერიკული ბრენდის, REINKE-ს, სარწყავი სისტემები ახლა უკვე საქართველოსა და სომხეთშიც ხელმისაწვდომია. მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა Tegeta Construction Equipment-ის ერთ-ერთი მიმართულების „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტშია.
REINKE-სა და Tegeta Construction Equipment-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო, ერთი მხრივ, მწარმოებლის ინტერესი, გაფართოვდეს მსოფლიო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, „თეგეტა აგრის“ სწრაფვა, გარდატეხა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში.
70-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია აწარმოებს სარწყავ სისტემებს, რომლის მომხმარებლები არიან აგრომიმართულების მარცვლეული კულტურების, კარტოფილის, ბოსტნეულისა და სხვა დიდფართობიანი ფერმერები. REINKE-ს სისტემები მსუბუქი კონსტრუქციით გამოირჩევა, რაც გრუნტზე ნაკლებ დაწოლასა და, შესაბამისად, ნაკლებ დაზიანებას უზრუნველყოფს. ის წარმოდგენილია GPS სისტემებით და ასევე დისტანციური მართვის საშუალებებით, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: „სოფლის მეურნეობა მრავალფეროვანი, სპეციფიკური და მუდმივად განვითარებადი სფეროა. „თეგეტა აგრის“ შექმნით ჩვენ მიზნად დავისახეთ აგროსექტორის ტრანსფორმაცია. გვსურს, მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვისაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. REINKE-ს დამატება „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის სფეროს განვითარებისთვის. ამერიკული ბრენდი, რომლის ისტორიაც 70 წელზე მეტს ითვლის, უნიკალურ სარწყავ სისტემებს აწარმოებს.
Tegeta Construction Equipment, როგორც Reinke Irrigation-ის დილერი, მომხმარებელს შესთავაზებს ინოვაციური და ეფექტური სარწყავი სისტემების ფართო არჩევანს. ამერიკული ბრენდის უახლესი გადაწყვეტილებები შექმნილია წყლის ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდისთვის, უხვმოსავლიანობისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის. ჩვენ დავეხმარებით ქართველ და სომეხ ფერმერებს, წყლის რესურსების დაზოგვით მაღალ პროდუქტიულობას მიაღწიონ“.
REINKE-ს სარწყავი სისტემა გაზრდის მოსავლიანობას დროისა და რესურსის ეკონომიის გზით. მოძრავი დაწვიმებითი საირიგაციო სისტემები საჭირო რაოდენობის წყლის მიწოდებას შესაბამის დროში თავად უზრუნველყოფს. შესაძლებელი გახდა ისიც, რომ სისტემამ განსაზღვროს, თუ რა რაოდენობის ნალექი მოვიდა წვიმის სახით და სრული რწყვისთვის რამდენის დამატებაა საჭირო. REINKE-ს სისტემის დამონტაჟება შესაძლებელია არანაკლებ 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.
REINKE-სა და Tegeta Construction Equipment-ს შორის გაფორმებული ოფიციალური თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე ტექნიკოსების გადამზადებაც იგეგმება. ტრენინგები ყველა შესაბამისი მიმართულებით გაიმართება. „თეგეტა აგრი“ მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს - სისტემის არჩევის, ინსტალაციისა და მუდმივი მხარდაჭერის ყველა ეტაპზე, რაც ტექნიკის ოპტიმალურ და გრძელვადიან მუშაობას უზრუნველყოფს.
---
„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, „Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგროტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. „თეგეტა აგრის“ Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.