16:39:14     07-09-2011
ცოლმა, მეგობარი მამაკაცის დახმარებით, მეუღლე ჩამოახრჩო

შს სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს. ცოლმა, მეგობარ მამაკაცთან ერთად საკუთარი მეუღლე ჩამოახრჩო.
ეკიზბარ გოჯიევმა და ფირანგიზ ალიევამ ერთმანეთი, 2009 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ. ბრალდებულები რაფიკ ალიევის თავიდან მოცილების იდეას ერთმანეთს აბრალებენ, თუმცა ამას გამოძიებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვის (სსკ-ის 109-ე მუხლი) უკვე წაუყენეს. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ შეყვარებულმა წყვილმა, რაფიკ ალიევის მოსაკლავად მისი საძილე მედიკამენტებით დაძინება და შემდეგ მოკვლა განიზრახა. ამ მიზნით, პრეპარატები აფთიაქში ფირანგიზ ალიევამ შეიძინა, მეუღლე დიმედროლითა და ოპტიმალით გააბრუა, შემდეგ კი იგი ეკიზბარ გოჯიევთან ერთად ფანჯრიდან გადაიტანა და პირუტყვის სადგომში ჩამოახრჩო. დამნაშავე წყვილის განმარტებით, მათ ერთად, მშვიდად ცხოვრება სურდათ და ალიევის თავიდან მოცილებაც ამიტომ გადაწყვიტეს. თუმცა როგორც მარნეულში, ალიევას მეზობლები ამბობენ, ალიევმა მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო და სწორედ ამიტომ განიზრახეს მისი მოკვლა და თვითმკვლელობის იმიტაცია. წინასწარი ინფორმაციით, ორივე დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვისთვის, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0